“საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ პატიმართა მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სხვადასხვა, სასტიკი მეთოდების გამოყენებას ჰქონდა თითქმის ყოველდღიური ხასიათი” - თეა წულუკიანი
“საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ პატიმართა მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სხვადასხვა, სასტიკი მეთოდების გამოყენებას ჰქონდა თითქმის ყოველდღიური ხასიათი,”- ამის შესახებ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, კომისიის დასკვნის წარდგენისას განაცხადა.
თეა წულუკიანის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარეობდა „პატიმრების შენიღბული და მიზანმიმართული განადგურება“.
„დაკავებულ პირთა და პატიმართა მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა იგულისხმება შსს-ს სისტემასა და სასჯელაღსრულების სისტემაში მოპყრობა, რომელიც გამოიყენებოდა ცალკე, ან საპროცესო ინსტიტუტთან კომბინაციაში ისახავდა სხვადასხვა მიზანს. მათ შორის კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე სასურველი შედეგის მიღწევას, ქონების უკანონოდ ჩამორთმევას, პოლიტიკურ ანგარიშსწორებასა, შურისძიებას და სხვას.
მიმდინარეობდა ციხეში მყოფი პატიმრების შენიღბული და მიზანმიმართული განადგურება. რასაც მოწმობს ერთი მხრივ ის ფაქტი, რომ ციხეებში ყოველწლიურად ტუბერკულოზის 2 000-მდე ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა და ჯანმრთელი და გადამდები დაავადების მონე პატიმრები ერთ საკანში იყვნენ განთავსებულები. ერთად განთავსების ეს დამკვიდრებული პრაქტიკა იყო ზოგჯერ მიზანმიმართულადაც ჯანმრთელი პატიმრის დათრგუნვის, ან მასზე შურისძიების მიზნით;
მეორე მხრივ, C ჰეპატიტის მკურნალობის ხელოვნურად შეფერხება, მეტიც, ამ დაავადების სკრინინგის აკრძალვა, რათა საზოგადოებისათვის დაფარული ყოფილიყო ციხეებში მისი ფართო გავრცელება, იქცა პრაქტიკად. პროკურატურა, როგორც წამყვანი სამართალდამცავი ორგანო, არამცთუ არ ასრულებდა მისთვის კანონით დაკისრებულ მოვალეობებს და არ ატარებდა სრულყოფილ და ობიექტურ გამოძიებას წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, პირდაპირ იყო ჩართული პატიმართა მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევაში;
დაუსჯელობის სინდრომი და მაღალი პოლიტიკური მხარდაჭერა სამართალდამცავ სტრუქტურებში ძალადობის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.
სიახლეები
- საქართველოს მასშტაბით ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში, 21 და 22 მარტს, სამგლოვიარო ზარებს დარეკავენ
- უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატიო პატრიარქი ფილარეტი გარდაიცვალა
- ,,შორს არ არის ის დღე, როცა უწმინდესის კანონიზაციის საკითხს დავაყენებთ"- მეუფე ნიკოლოზი
- ,,საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ B1/B2 ვიზის მოთხოვნებს, 15 000-მდე აშშ დოლარის ოდენობის დეპოზიტის გადახდა დაეკისრებათ” – აშშ-ის საელჩო
- სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი, ბართლომე დაესწრება
