“ჩვენ მეგობრებიც გვინდა, პარტნიორებიც, მაგრამ არა ისე, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები ფეხქვეშ იყოს გათელილი და თავიანთი ინტერესები გატარდეს” - კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა, ევროინტეგრაციის გზაზე კონკრეტული ნაბიჯები გადადგას, თუმცა არა იმ ორმაგი სტანდარტით, რომელიც არსებობს.

როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, ზოგიერთ ევროპელ ბიუროკრატს ბოლო იარაღად ვიზალიბერალიზაციის საკითხი დარჩა, რომლითაც ქართველ ხალხს აშანტაჟებენ.

 

„საქართველოს ხელისუფლება მზადაა, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ოღონდ არა ისე, როგორც მათ აქვთ ორმაგი სტანდარტი – რაც მათთვის შეიძლება, თურმე ჩვენთვის არ შეიძლება. როდესაც გამოდიან და გეუბნებიან, რომ გამჭვირვალობა არის ცუდი და ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს, მომავალს და აფერხებს ევროინტეგრაციას, მარტივი კითხვა ხომ ისმის? რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი? მთელი ამ ხნის განმავლობაში არანაირი არგუმენტი და პასუხი არ მიგვიღია. უბრალოდ არის რაღაც პოლიტიკური სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ როგორმე ქვეყანა და ხალხი დააზიანონ. ჯერ იყო და გვაშანტაჟებდნენ კანდიდატის სტატუსით, შემდეგ შემოიტანეს მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნის თემა. ყველა ამ საკითხით ცდილობდნენ, ქვეყანაში დაპირისპირებისა და რევოლუციის მოწყობას, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. ბოლოს, რაც დარჩათ ხელში, ვიზალიბერალიზაციის თემაა და ამით აშანტაჟებენ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისივე განმარტებით, სანამ არსებობს რუსეთ-უკრაინის ომი, არსებობს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის საფრთხეც.

 

„შვედეთის თუ დანიის პრემიერ-მინისტრი იყო, არ მახსოვს ზუსტად, უკრაინელ ჯარისკაცებთან შეხვედრის დროს გამოვიდა და გააკეთა განმარტება, რომ უკრაინა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, თუ ერთსა და იმავე სქესიანთა ქორწინება არ იქნება დაკანონებულიო. ბევრი კომპონენტია, თუნდაც ომის დაწყება. პირდაპირ მოგვიწოდებდნენ კაბინეტში და პრემიერს ემუქრებოდნენ. რა თქმა უნდა, ეს საფრთხე არსად წასულა. სანამ მიმდინარეობს რუსეთ-უკრაინის ომი, ეს საფრთხე კვლავ არსებობს. არ გვინდა, ჩვენი ქვეყანა გამოიყენონ თავიანთი ინტერესების გასატარებლად, ბევრჯერ ვთქვით ეს. ჩვენ მეგობრებიც გვინდა, პარტნიორებიც, მაგრამ არა ისე, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები ფეხქვეშ იყოს გათელილი და თავიანთი ინტერესები გატარდეს. მეგობრობა და პარტნიორობა ჩვენ ვიცით ორმხრივი“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

წაკითხვა 100 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 08 2025
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.