“ჩვენი ვალია, ვასწავლოთ და მაგალითი მივცეთ ახალგაზრდებს, იფიქრონ, იმსჯელონ, გაიაზრონ და დააფასონ ისეთი ფუნდამენტური თემა, როგორიც მშვიდობაა” – პაპუაშვილი
“მოხარული ვარ, რომ პატივი მერგო წარმომეთქვა სიტყვა ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, რომლის თემატიკაც განსაკუთრებით ჩვენს დღევანდელ დროში უაღრესად აქტუალურია. „ახალგაზრდები მშვიდობისათვის“ – ეს საკითხი არამხოლოდ ახალგაზრდების, არამედ ჩვენი ყველასი, ნებისმიერი ასაკის მოქალაქის ზრუნვის საგანი უნდა იყოს. ჩვენი ვალია ვასწავლოთ და მაგალითი მივცეთ ახალგაზრდებს, იფიქრონ, იმსჯელონ, გაიაზრონ და დააფასონ ისეთი ფუნდამენტური თემა, როგორიც მშვიდობაა”, – ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მშვიდობა ბევრად ღრმა ცნებაა, რომელიც ნიშნავს საზოგადოების ფუნდამენტურ თანხმობასა და ტრადიციებზე, კანონებსა და სამართლიანობაზე აგებულ წესრიგს.
“მშვიდობა გვაქვს მაშინ, როცა აღწერილი მექანიზმი მუშაობს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც, სამეზობლოსა და რეგიონში.
კაცობრიობის ისტორიაში არ ყოფილა დღე, როდესაც დედამიწის რომელიმე წერტილში არ ყოფილიყოს ომი, დაპირისპირება, შუღლი და მტრობა. სამწუხაროდ, სადღაც ყოველთვის იღვრება სისხლი. სამწუხაროდ, ამ დაღვრილ სისხლს ყოველთვის ჰყავს ბენეფიციარები, დაინტერესებული ჯგუფები, რომლებიც ხელს ითბობენ სხვის ომზე, ან ყიდიან იარაღს, ან მათთვის ეს პროქსი ომია და ამით საკუთარ უსაფრთხოებას იცავენ. სწორედ ამიტომ, სამწუხაროდ, ომი კაცობრიობის ისტორიაში ბევრად ბუნებრივი მდგომარეობაა, ვიდრე მშვიდობა. ადამიანები ბევრად მარტივად ახერხებენ დაპირისპირებასა და ჩხუბს, ვიდრე თანხმობით და ერთობით ცხოვრებას.
სწორედ ამიტომ, მშვიდობა არის არა თავისთავადი მდგომარეობა, ან საბაზისო მოცემულობა, არამედ განსაკუთრებული და სპეციალური ძალისხმევის შედეგი. ყოველი დღე, ყოველი წელი თუ ათწლეული არის დასაფასებელი, როდესაც სახელმწიფოში სუფევს მშვიდობა და ეს მშვიდობა უზრუნველყოფს კეთილდღეობას.
ხანგრძლივ მშვიდობას თან ახლავს ერთგვარი „საფრთხეც“. იზრდებით თქვენ, იზრდებიან თაობები, რომელთაც არ უნახავთ ომი. ომის ნახვა ნიშნავს არა მხოლოდ რეალურ დროში შემზარავი სურათების ხილვას, არამედ იმ წინააღმდეგობის მიზეზებისა და ფაქტორების ცოდნასაც, რამაც განაპირობა ესა თუ ის უბედურება. მშვიდობიანად გაზრდილი თაობები ფიქრობენ, რომ მშვიდობა თავისთავად ნაგულისხმევი, ბუნებრივი მდგომარეობაა და თანდათანობით იკარგება სამშვიდობო ძალისხმევის მართვის ცოდნა და უნარი.
როგორც ცნობილ გამოთქმაშია: „მძიმე დროება შობს ძლიერ ადამიანებს, ძლიერი ადამიანები უზრუნველყოფენ კარგ დროებას, კარგ დროებაში კი იზრდებიან შედარებით სუსტი ადამიანები“. ეს არის რისკი. ამ რისკის დაძლევა კი პირველ რიგში იმ თაობის ვალია, რომელმაც მძიმე დრო გამოვიარეთ, გამოცდილება დავაგროვეთ, ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა და მისია კი დროებამ გვარგუნა. ჩვენი ვალია, ავუხსნათ და ვასწავლოთ ჩვენს შვილებს, ჩვენს მომავალ თაობებს ის დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება, რაც გადმოგვეცა და რაც თავად მივიღეთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სიახლეები
- “როგორც ჩანს, უკრაინაში ომი კიდევ დიდხანს გაგრძელდება” - ტრამპი
- “პაატა ბურჭულაძე სააკაშვილის და ხაზარაძის სიტუაციური „კუკლაა“ ისეთი ერთობების ასარევად, სადაც ბელადი და ფულის ტომარა ძალაუფლების წყარო/ყურადღების ცენტრში არ არიან” – ჩერგოლეიშვილი
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 20 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
- “ქვეყანა, რომელიც არ უფრთხილდება საკუთარ ფესვებს, ვერასდროს შექმნის ღირსეულ მომავალს” - ირაკლი კობახიძე
- “ყაველაშვილის ცირკში მონაწილე პარტიები გამოსვლას ჯონჯოლივით რომ ამატებთ, თითქოს პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვისაც იბრძვით, იქნებ მიამატოთ - „ჯაფარას გარდა“, თორემ მგონია, სიტყვის მასალად მიყენებთ” - ზურაბ ჯაფარიძე