“ადამიანურად ძალიან დასანანია რაც ხდება - რა თქმა უნდა, ადამიანურ ურთიერთობებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ყველანაირი კომენტარის გაკეთებას მოვერიდები” - ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილზე
ადამიანურად ძალიან დასანანია ის, რაც ხდება. რა თქმა უნდა, ადამიანურ ურთიერთობებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ყველანაირი კომენტარის გაკეთებას მოვერიდები, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სუს-ში გამოკითხვას შეეხებოდა.
როგორც მან აღნიშნა, 2024 წლის 8 თებერვლიდან მთავრობა მუშაობს გამჭვირვალედ.
„მე არ ვიცი, ეს არის შესაბამისი უწყებების საქმე. მე ამ თემასთან დაკავშირებით არ მინდა დამატებითი კომენტარი გავაკეთო. რა თქმა უნდა, ძალიან დასანანია ყველაფერი, რაც ხდება, თუმცა რაც შეეხება კონკრეტულ შეკითხვებს, ამ შეკითხვების ადრესატი არის შესაბამისი უწყება.
მე არ მინდა არავითარი კომენტარი გავაკეთო ამ თემასთან დაკავშირებით. ადამიანურად ძალიან დასანანია, ის რაც ხდება. რა თქმა უნდა, ადამიანურ ურთიერთობებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ყველანაირი კომენტარის გაკეთებას მოვერიდები. ასეთი შეკითხვებით მიმართეთ შესაბამის უწყებებს. გიმეორებთ, არ ვაპირებ გარკვეულ კითხვებზე პასუხის გაცემას, თუ გაინტერესებთ, მიმართეთ შესაბამის უწყებას გამოძიებასთან დაკავშირებით და ყველაფერზე გიპასუხებენ.
რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს და ზოგადად, კორუფციასთან ბრძოლას, მე შემიძლია დაგპირდეთ და პირობა მოგცეთ, რომ შეგიძლიათ დააკვირდეთ საქართველოს მთავრობის, ნებისმიერი სამთავრობო უწყების ნებისმიერ საქმიანობას, ნებისმიერ გადაწყვეტილებას და თუ ამოიკითხავთ ამ საქმიანობაში კორუფციის რაიმე ნიშანს, ჩვენ მზად ვართ, რომ ყველა კითხვას ვუპასუხოთ.
უნდა გიხაროდეთ ის, რომ 2024 წლის 8 თებერვლიდან მთავრობა მუშაობს გამჭვირვალედ. იცით, რომ კონკრეტული მიმართულებით პრაქტიკები შეიცვალა და შესაბამისად, ბიუჯეტი იღებს მაქსიმალურ სარგებელს მთავრობის ყველა გადაწყვეტილებიდან“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, ჟურნალისტების კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, ირაკლი ღარიბაშვილს ბიძინა ივანიშვილისგან დამოუკიდებლად ემოქმედა და სჯერა მას თუ არა ამ მოცემულობის, კობახიძემ უპასუხა, რომ კორუფციის მიმართ უკომპრომისო დამოკიდებულება მათ შორის აქვს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილსაც.
„მე შემიძლია დაგარწმუნოთ ერთ რამეში, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს უკომპრომისო დამოკიდებულება კორუფციის მიმართ. ყოველთვის ასე იყო. მინდა შეგახსენოთ 2023 წლის დეკემბერი, როცა ის შემობრუნდა პოლიტიკაში. მან ერთ-ერთი მთავარი განაცხადი პარტიის ყრილობაზე გააკეთა სწორედ კორუფციასთან დაკავშირებით და გააკეთა განაცხადი პირდაპირ იმის შესახებ, რომ კორუფციასთან ბრძოლა იქნებოდა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. რაღაცებს დასჭირდა დრო. შარშანდელი წელი იყო საკმაოდ რთული, მათ შორის საარჩევნო წელი იყო, იყო სერიოზული პოლიტიკური ზეწოლა. ჩვენ დღეს ვართ დამოუკიდებელი, როგორც არასდროს და ვახერხებთ გამოწვევებზე პასუხის გაცემას. ამ პირობებში, გაგვიმარტივდა ყველა გამოწვევასთან ბრძოლა, რაც გვაქვს ქვეყნის შიგნით, მათ შორის, ერთ-ერთია კორუფცია. როდესაც მუდმივად ცდილობენ გარყიონ გარედან, ხელოვნურად, რა თქმა უნდა, ეს ასუსტებს საბოლოოდ სახელმწიფოს, მათ შორის, კორუფციასთან ბრძოლის კუთხითაც. დღეს ვართ ჩვენ ძლიერი, როგორც არასდროს, დამოუკიდებელი, როგორც არასდროს, ვერ გვარყევენ გარედან. აქედან გამომდინარე, გვაქვს ყველანაირი რესურსი იმისთვის, რომ ვებრძოლოთ კორუფციას და განვახორციელოთ კორუფციის პრევენცია აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. შეგიძლიათ ამოიღოთ მთავრობის ნებისმიერი გადაწყვეტილება, აქტი, ტენდერი, პრივატიზაცია. თუ სადმე ნახავთ კორუფციის ნიშნებს, ყველაფერს ვუპასუხებთ. მაგრამ არ გაქვთ არცერთი კითხვა, არცერთ ასეთ აქტთან, გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც მიღებული იქნა, გამოიცა, 2024 წლის 8 თებერვლიდან. პირადად ვაგებ პასუხს იმაზე, რომ მაქსიმუმს გავაკეთებთ კორუფციის აღმოსაფხვრელად ჩვენს ქვეყანაში. მე გეუბნებით რა დაპირება გასცა ბიძინა ივანიშვილმა 2023 წლის დეკემბერში და როგორ აღსრულდა ეს დაპირება 2024 წლის 8 თებერვლიდან მოყოლებული“, - განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში შვილთან ერთად ჩარტერული თვითმფრინავით გამგზავრების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მედია მაშინ ამ ინფორმაციას არასწორად ავრცელებდა.
„თქვენ არასდროს არ ხართ მართალი. იქ საუბარი იყო კონკრეტულ ფაქტზე, რაც არ უარუყვია არც ირაკლი ღარიბაშვილს“, - უპასუხა კობახიძემ ჟურნალისტს.
ცნობისთვის, 22 ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. უწყების ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი და სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან. ამასთან, როგორც სუს-ში აცხადებენ, გამოძიება მომდევნო დღეების განმავლობაში არსებული და დამატებითი მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელებს ირაკლი ღარიბაშვილის ქმედების დაკვალიფიცირების, ასევე, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხზე.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოვლინდა
- კრამატორსკში დაიღუპნენ უკრაინელი ჟურნალისტი და ტელეოპერატორი
- “ასეთი ტიპის მოპყრობა, რაც ვნახეთ, დაუშვებელია, ერის სირცხვილია, სამედიცინო საზოგადოების შეურაცხყოფაა - როდემდე უნდა გაგრძელდეს ასეთი ძალადობა მოსახლეობაზე?” - ამირან გამყრელიძე ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებაზე
- “აშშ ჩვენი მოწინააღმდეგეა, ხოლო მათი საუბრის მოყვარული „მშვიდობისმყოფელი“ რუსეთთან ომის გზას ბოლომდე დაადგა - ტრამპი შეშლილი ევროპის მხარეს სრულად დადგა” - დიმიტრი მედვედევი
- რუსეთის იერიშს კრამატორსკში მედიის წარმომადგენლები ემსხვერპლნენ