“ფაქტია, ანაკლიის ამუშავება ფოთს პრობლემას შეუქმნის, მაგრამ ისიც კატეგორიულად მიუღებელია, რომ მოხდეს ანაკლიის ტორპედირება”
"ეს საქმე დიდი ხანია ძიებაში იყო და შეიძლება დღეები შეანაცვლეს რაღაცების გადასაფარად. არ მგონია, რომ ეს დაჭერა თავისთავად იყო დაკავშირებული სერიოზულ რაღაცასთან - პოლიტიკურ ნებასთან სისტემური კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან თვალსაზრისით.
ერთადერთი შეიძლება ვიფიქროთ, რომ რაღაც მომენტში რაღაც გადაფარეს, მეტი არაფერი. რეალურად ვერაფერიც ვერ გადაფარეს, მაგრამ შეიძლება ვინმეს იდეა გაუჩნდა, რომ მაინც დასაჭერები არიან და მოდით, დღეს დავიჭიროთ, მეტი არაფერი. ანაკლიის თემაზე კი მე ვფიქრობ, რომ საქმე გვაქვს საბოტაჟის მცდელობასთან და ეს არ არის პირველი ეპიზოდი”, - აცხადებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით გია ხუხაშვილი : “ანაკლიის პროექტის საბოტაჟის მცდელობასთან გვაქვს საქმე” / “ბათუმში დაჭერებით ანაკლიის თემის გადაფარვა უნდოდათ”.
“იყო ბევრი მცდელობა პროექტის და მისი მენეჯმენტის დისკრედიტაციის თვალსაზრისით. ახლა ხელისუფლებამ დაინახა, რომ მისთვის პრობლემური იქნებოდა თუ ამაში თვითონ მიიღებდა მონაწილეობას პირდაპირ, შესაბამისად თავად ახდენს პროექტის აშკარა დისკრედიტაციის დემონსტრირებას, მაგრამ ამავე დროს ვხედავთ, რომ მასზე პირდაპირი დარტყმები არ ვრცელდება. ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რაც წინა დღეებში ვიხილეთ, ამ საბოტაჟის ერთ-ერთი ელემენტი იყო. ეს მძიმე შემთხვევაა მარტივი მიზეზის გამო: ანაკლიის პროექტი კონსტიტუციაშია ასახული, კონსტიტუციითაა მისი სახელმწიფოებრივი სტატუსი განსაზღვრული, შესაბამისად, მისთვის პირდაპირი ან ირიბი ზიანის მიყენების მცდელობა სისხლის სამართლის დანაშაულია და ვფიქრობ გამოძიება უნდა ჩატარდეს იმაზე, თუ რასთან გვქონდა საქმე. ფოთში თუ რამის გაკეთება უნდათ, სულაც არ ვარ წინააღმდეგი, რომ ინვეტიციები ჩაიდოს, მაგრამ რატომ გაკეთდა ამ მომენტში - ან ერთი წლის წინ გაეკეთებინათ ან ცოტა ხანს დაეცადათ ანაკლიის პროექტი დაქოქილიყო...” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
“აბსოლუტურად მესმის, რომ ფოთის პორტისთვის ანაკლიის პროექტი არის ძალიან სახიფათო და პრობლემური. არა მხოლოდ ფოთის პორტისთვის, არამედ ქალაქ ფოთისთვისაც - როდესაც ანაკლიის პორტი ამუშავდება, ძალიან მაღალი საფრთხეა, რომ ფოთის პორტმა დაკარგოს ტვირთები. თუ მან ტვირთები დაკარგა სამუშაო ადგილები დაიკარგება და შეიძლება მივიღოთ დეპრესიული რეგიონი. ამიტომ ანაკლიის პორტის განხორციელებასთან ერთად, ხელისუფლებას და სახელმწიფოს აუცილებლად აქვს საფიქრალი იმაზე, თუ როგორ მოხდეს ქალაქი ფოთის ფუნქციური ტრანსფორმაცია ნელ-ნელა, როგორც და რა სახით განხორციელდეს ეს ყველაფერი - ამაზე უკვე დღეს უნდა ფიქრობდეს. ფაქტია - ანაკლიის ამუშავება ფოთს პრობლემას შეუქმნის - აქ ობიექტური პრობლემა არსებობს, მაგრამ ისიც კატეგორიულად მიუღებელია, რომ მოხდეს ანაკლიის ტორპედირება და საბოლოო ჯამში არც იქ არაფერი გაკეთდეს და არც აქ. ეს კიდევ უარესი სცენარია. ასე რომ ეს ერთიანი კონცეფციის ფარგლებშია მოსაყვანი”, - დაასკვნის პოლიტოლოგი.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი