" ოპოზიციამ ჯერ აღიაროს ლეგიტიმაცია და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების იურისდიქცია საქართველოს ტერიტორიაზე, მერე ყველაფერზე შეიძლება ლაპარაკი"

ოპოზიციამ ჯერ აღიაროს ლეგიტიმაცია და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების იურისდიქცია საქართველოს ტერიტორიაზე, მერე ყველაფერზე შეიძლება ლაპარაკი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის რეკომენდაციის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგს გულისხმობდა.

კობახიძის თქმით, საქართველოში არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაციას არ აღიარებენ ქვეყნის ტერიტორიის 100%-ზე და ასეთი ძალების მიმართ ხელისუფლება ლოიალური ვერ იქნება.

„რაც შეეხება ოპოზიციას, 9 პარტია გამოვიდა, გამოაქვეყნა რაღაც მანიფესტი და საუბრობდნენ რაღაც არალეგიტიმური რეჟიმის დამხობაზე, პირდაპირ მანიფესტში უწერიათ და ასეთ ხალხს რანაირად უნდა ველაპარაკოთ?! ჯერ დაარწმუნონ ეს ადამიანები, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ მათ უნდა აღიარონ ამ ქვეყანაში ხელისუფლების ლეგიტიმაცია, იურისდიქცია. მსოფლიოში რამდენიმე სახელმწიფოა, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაციას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%-ზე და ჩვენი ქვეყნის შიგნით არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც არ აღიარებენ ხელისუფლების ლეგიტიმაციას და იურისდიქციას ქვეყნის ტერიტორიის 100%-ზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალური ასეთი პოლიტიკური ძალების მიმართ. ჯერ აღიარონ ლეგიტიმაცია და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების იურისდიქცია საქართველოს ტერიტორიაზე, მერე ყველაფერზე შეიძლება ლაპარაკი. ისინი არ აღიარებენ საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაციას 2020 წლიდან მოყოლებული, ეს არის კომპლექსური პრობლემა. ჯერ დაარწმუნონ ეს ადამიანები , რომ უნდა მოიქცნენ კარგად და მერე ვისაუბროთ ყველაფერ დანარჩენზე“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია აცხადებს, რომ საქართველოში პოლიტიკური დიალოგის არარსებობა სტაბილურობისა და ქვეყნის პრობლემების მოგვარებისთვის სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს.

„ამ დღეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩემი შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ბევრი ძალიან შთამბეჭდავი პოლიტიკოსი ჰყავს. როგორც პარლამენტის შიგნით, ასევე, მის გარეთ მყოფ პირებს, როგორც ჩანს, მუდმივი აქტიური ურთიერთობა აქვთ საერთაშორისო პარტნიორებთან. სამწუხაროდ, შოკირებული ვიყავი, როდესაც აღმოვაჩინე, რომ ისინი ერთმანეთთან არ ურთიერთობენ“, - განაცხადა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.

წაკითხვა 138 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.