"მედეას ქვეყანა ვართ და ჩვენთვის მედიცინა ძალიან ბუნებრივია" - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საკონფერენციო და ჯანდაცვასთან დაკავშირებული ტურიზმი საქართველოსთვის პრიორიტეტულია.

 

როგორც ზურაბიშვილმა ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ საერთაშორისო კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მედიცინა საქართველოსთვის ისტორიული მიმართულებაა.

 

ბათუმში, კონგრესი სახელწოდებით "ქალის ჯანმრთელობა ჯანსაღ სამყაროში", საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა.

 

„ტურიზმი არის ეკონომიკისთვის ძალიან პრიორიტეტული მიმართულება, ხოლო ტურიზმის სხვადასხვა სახეობებში საკონფერენციო ტურიზმი და ჯანდაცვასთან დაკავშირებული ტურიზმია მნიშვნელოვანი. ვიტყოდი, ეს ისტორიული მიმართულებაა, ყველაფერი რაც ეხება მედიცინას. მედეას ქვეყანა ვართ ბოლოს და ბოლოს და რადგანაც მედეას ქვეყანა ვართ, ჩვენთვის მედიცინა არის ძალიან ბუნებრივი; ეს არის დარგი, რომელიც ყველა ქართველისთვის გენეტიკური და ძალიან ბუნებრივია. ამ ქვეყანაში ჩვენ უნდა განვავითაროთ ჯანდაცვის კუთხით ტურიზმი, მედიცინის კუთხით ტურიზმი, განვავითაროთ ჩვენი კურორტები, რაც მრავლად გვაქვს სხვადასხვა რეგიონში, სხვადასხვა დანიშნულების.

ეს არის საქართველოს ძალიან დიდი პოტენციალი, რომელიც მომავალ წლებში მოიპოვებს თავის ადგილს მსოფლიო რუკაზე, როგორც ერთ-ერთი ადგილი, სადაც ძალიან განვითარებული იქნება რეაბილიტაციის, გამაჯანსაღებელი კურორტები. ამაზე ყველამ ერთად უნდა ვიმუშავოთ. ის, რომ ქვეყანაში ასეთი მასშტაბური ფორუმები ტარდება, არის ამ კუთხით გადადგმული სერიოზული ნაბიჯი. მინდა, ყველას გისურვოთ წარმატებები ორდღიანი შეხვედრის დროს. გისურვოთ, რომ გაცვალოთ ბევრი ინფორმაცია და ეს ყველაფერი იყოს საწინდარი, რომ კიდევ უფრო დიდი პროგრესი იყოს იმ დარგში, რომელსაც ჰქვია ჯანდაცვა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

საქართველოს პრეზიდენტმა ქალების როლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღევანდელ დღეს მსოფლიოში ქალი ლიდერები უფრო და უფრო ძლიერები არიან.

 

„მნიშვნელოვანია დღეს რომ ამდენი ქალი არის აქ თავშეყრილი. მნიშვნელოვანია იმით, რომ დღევანდელ დღეს ქალი ლიდერები არიან უფრო და უფრო ძლიერები მსოფლიოში. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ დღეს ევროკავშირის კომისიის თავმჯდომარედ არის წარდგენილი ქალი კანდიდატი, გერმანიის თავდაცვის ყოფილი მინისტრი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ის იქნება ევროპარლამენტის მიერ არჩეული. ასევე ევროპის ბანკის ხელმძღვანელი იქნება ქალი, სავალუტო ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი. ეს ყველაფერი არ არის პატარა ნაბიჯი ყველასთვის, ჩვენთვის ვინც დღეს აქ ვართ, ვინც ვფიქრობთ ქალების როლზე ხვალინდელ მსოფლიოში, ქალების ჯანმრთელობაზე და ჯანდაცვის პოლიტიკაში ქალების როლზე. ეს ჩვენთვის არის ძალიან დიდი წინსვლა. ჩვენ ერთად გავაკეთებთ დიდ საქმეებს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

კონგრესს "ქალის ჯანმრთელობა ჯანსაღ სამყაროში" ორგანიზებას საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია და სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია უწევს. ორგანიზატორების თქმით, კონგრესის მიზანი, ქალთა ჯანმრთელობა და ქალთა უფლებები წარმოადგენს.

წაკითხვა 726 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.