რატომ შეცვალა ზურაბიშვილმა ივანიშვილის მიმართ რიტორიკა და რატომ აღარ გამორიცხავს სააკაშვილის შეწყალებას
“საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით რიტორიკას მოულოდნელად ცვლის და მას “ოლიგარქს” პირველად უწოდებს.
ასევე მიანიშნებს, რომ შესაძლოა შეიწყალოს “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია და ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ანალიტიკოსები ამას მისი საპრეზიდენტო ვადის დასასრულის მოახლოებით ხსნიან. მათი აზრით, ზურაბიშვილი შესაძლოა ამის შემდეგ ევროპაში გეგმავდეს პოლიტიკური კარიერის გაგრძელებას და წინასწარ ამზადებდეს ამისთვის საფუძველს. პარასკევს ინტერვიუს დროს ზურაბიშვილმა მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ფაქტობივად დავალებების შემსრულებელი უწოდა და თქვა, რომ არ იცის ძალაუფლების მართვის მთავარი წერტილი სად არის. მისი თქმით, ამ კითხვებს დასავლეთშიც სვამენ, ამიტომ მეტი სიცხადის შეტანისთვის მას სურვილი აქვს, რომ ბიძინა ივანიშვილს პირადად შეხვდეს, თუმცა კომუნიკაციას ვერ ახერხებს. ზურაბიშვილი ასევე აცხადებს, რომ მას ყველა მინისტრთან კარგი ურთიერთობა აქვს, გარდა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით პრეზიდენტის “ამბოხება” - რატომ შეცვალა ზურაბიშვილმა ივანიშვილის მიმართ რიტორიკა და რატომ აღარ გამორიცხავს სააკაშვილის შეწყალებას.
“ამ გაგებით არის ოლიგარქი, მაგრამ ივანიშვილის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ოლიგარქიზმი. არის პოლიტიკური სისტემის გაუმჭირვალობა. საჭიროა, ჩვენ ვიცოდეთ, სად მიიღება გადაწყვეტილებები, როგორ შეიძლება ამ გადაწყვეტილებების შეცვლა ან მათზე გავლენის მოხდენა. დასავლეთშიც კითხულობენ - სად არის მთავარი წონა გადაწყვეტილების და პასუხისმგებლობის და რადგან პასუხი არ აქვთ იქაც უნდათ, რომ მივიდეს ეს გზავნილები”, - განაცხადა ზურაბიშვილმა. მისივე თქმით, “ნორმალური კომუნიკაცია” აქვს მინისტრებთან, გარდა ერთისა - მხოლოდ პრემიერ-მინისტრთან არ აქვს ურთიერთობა. ამბობს, რომ კომუნიკაციის სურვილი თავად ირაკლი ღარიბაშვილს არ აქვს. საქართველოს პრეზიდენტმა ასევე “მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალება არ გამორიცხა - “რას გავაკეთებ, ამაზე არც “კი”-ს ვამბობ და არც “არა”-ს, ეს ღია საკითხია“, თქვა მან. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხს, ზურაბიშვილი ისეთი კატეგორიული აღარ არის და ამბობს, რომ როცა ამის დრო მოვა, საზოგადოება მისგან პასუხს გაიგებს. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ სარჯველაძემ პრეზიდენტს “ოლიგარქის” განმარტება დაუწუნა და მის კომპეტენციაში ეჭვიც შეიტანა. პრეზიდენტის განცხადებები მმართველი გუნდისთვის იმდენად მიუღებელი აღმოჩნდა, რომ ზურაბიშვილის ლამის გაპრეზიდენტებაც წამოაძახეს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“როდესაც განცხადებებს აკეთებს, რომ ვინმე ოლიგარქია ცოტა მეტი წინადახედულობაა საჭირო - ეს ერთი და ალბათ კვალიფიციურობაზეც უნდა ვისაუბროთ, რადგან ოლიგარქობა არ ნიშნავს მხოლოდ გარკვეული კაპიტალის ფლობას... მგონია, რომ ამაზე კითხვის დასმის შესაძლებლობა და უფლება პრეზიდენტს არ უნდა ჰქონდეს, როდესაც მან გადასარევად იცის, სადაც და როგორც მიიღება ეს გადაწყვეტილება. ეს არის საქართველოს პარლამენტი, სადაც მიიღება ეს გადაწყვეტილებები, ეს არის საქართველოს მთავრობა, სადაც მიიღება ეს გადაწყვეტილებები. 2018 წელს, როდესაც ის პრეზიდენტად უნდა არჩეულიყო, მაშინ როგორი იყო მისი პოზიცია და დღეს რამ განაპირობა ეს ცვლილება - ალბათ ამაზე კითხვები რომ დაუსვათ პრეზიდენტს, როდესაც გეყოლებათ ინტერვიუზე, ალბათ უმჯობესი იქნება”, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ბოლო დროს პროდასავლელი ლიდერის როლის მორგებას ცდილობს და უნდა დასავლეთს აჩვენოს, რომ “ოცნებისგან” რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვს”, - განაგრძობს გამოცემა.
“ზურაბიშვილი ამ განცხადებებით ცდილობს მმართველ გუნდს გაემიჯნოს და დასავლეთს აჩვენოს, რომ მათგან განსხვავებით ის არის ქვეყანაში ხელისუფლებაში მყოფი ფიგურა, რომელზეც დაყრდნობა შესაძლებელია. მას უნდა დასავლეთის პოლიტიკურ წრეებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს და ამ რაღაც ახალი ფანჯრის გახსნის შემდეგ განსხვავებულ პოლიტიკურ ლიდერად ჩამოყალიბდეს. საქართველოში რამდენად შეძლებს ამ იმიჯის მორგებას, რომ მისი წარსული და განცხადებები არავინ გაიხსენოს, ძნელი სათქმელია, მაგრამ დასავლეთში შესაძლოა ეს გამოვიდეს. ვხედავთ, რომ ის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან შედარებით დასავლეთში უფრო მისაღები ფიგურაა. მასთან კომუნიკაცია ბევრად უადვილდებათ. არ ვიცი ქვეყანას ეს რამდენად წაადგება რამეში და დასავლეთისთვის რისი მიმცემი იქნება, მაგრამ რაღაც როლს რომ ასრულებს, ესეც ფაქტია. ზურაბიშვილი ასევე ხედავს, რომ საქართველოს მოსახლეობის 80%-მდე ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა. ცდილობს ქვეყნის შიგნითაც პროდასავლელი ლიდერის იმიჯი შეინარჩუნოს, თუმცა მაინც დასავლეთზე მუშაობს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
“დიდი ხნის განმავლობაში ზურაბიშვილი ერიდებოდა, რომ ივანიშვილი ოლიგარქად მოეხსენიებინა. ალბათ ფიქრობდა, რომ მისგან დავალებული იყო და ერთგულებას ჯერ კიდევ უმტკიცებდა. შარშანაც, როცა ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ვერ მიიღო, გვახსოვს, რომ პირველ რიგში ქვეყნის მთავრობა გააკრიტიკა. თქვა, რომ ივანიშვილი “ოცნების” წევრებმა ვერ დაიცვეს და მის წინააღმდეგ მიღებული რეზოლუცია სწორედ ამ ხალხის ბრალი იყო. ახლა კი პირდაპირ ივანიშვილს უპირისპირდება. ამიტომ ზურაბიშვილის მიმართ ბევრი კითხვები არსებობს. ბოდიში, მაგრამ ივანიშვილი ოლიგარქი დღეს რანაირად გახდა, როცა საარჩევნო ბილბორდზეც კი ზურაბიშვილის მაგივრად ივანიშვილის ფოტო იყო?! მაშინ მისი ოლიგარქობა არც კი გახსენებია. ანუ, როდის იყო მართალი - როცა ამბობდა, რომ საქართველომ მძინარე ცხინვალი დაბომბა? ანუ როცა როგორც აწყობს ისე საუბრობს? ეს შეცვლილი რიტორიკა იმის ბრალი ხომ არაა, რომ ფიქრობს ივანიშვილი არაფერშიც აღარ სჭირდება? ახლა შეაწუხა სინდისმა, როცა ივანიშვილის წინააღმდეგ დასავლეთშიც და ქვეყნის შიგნითაც აქტიური კამპანია დაიწყო?”, - ამბობს ჩიტაძე.
“მისი წარსული არავის დავიწყებია და ყველამ კარგად იცის - ივანიშვილს პრეზიდენტობაზე საკუთარი კანდიდატურა თავად შესთავაზა. ყველაფერზე იყო თანახმა, ოღონდ პრეზიდენტი გამხადრიყო. ამიტომაც მისი გულწრფელობა ცოტა საეჭვოა”, - დაასკვნის ჩიტაძე. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თემას, ჩიტაძეს რჩება შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტი ამ საკითხსაც პოლიტიკური სპეკულაციებისთვის ინახავს. ის სააკაშვილს იმ შემთხვევაში შეიწყალებს, თუკი დანახავს, რომ ქვეყანაში სიტუაცია რადიკალურად იცვლება, ან დასავლეთთან ამ კოზირის გამოყენება აუცილებლად დასჭირდება. “რეზონანსთან” საუბარში ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძეც ასევე აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის საკუთარი ახალი პოლიტიკური მომავლის შექმნით არის დაკავებული და ფიქრობს, რომ ახლა ივანიშვილისთვის ოლიგარქის დაძახება სწორედ საჭიროა, რათა დასავლეთის თვალში უფრო გაბედულ და ძლიერ პოლიტიკურ ფიგურად წარმოჩინდეს”, - დასძენს გამოცემა.
“კარგი გამოთქმაა - “დრონი მეფობენ და არა მეფენი”. სალომე ზურაბიშვილი უკვე დიდი ხანია საკუთარი, დამოუკიდებელი პოლიტიკოსის იმიჯის შექმნას შეუდგა. მან ეს მას შემდგე დაიწყო, რაც ივანიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდიოდა. ის აღარ თვლის თავს ვალდებულად არც ხელისუფლების და არც ივანიშვილის წინაშე. მისთვის ახლა მნიშვნელოვანი დასავლეთის განწყობა და დამოკიდებულებაა. ფიქრობს, რომ მას დასავლეთში პოლიტიკური კარიერის გაგრძელების შესანიშნავი შანსი აქვს. ივანიშვილი თავის დროზე საჭირო იყო და ის ლაპარაკობდა, როგორც უნდოდა. ახლა კი რიტორიკა შეცვალა. ახლა თავს ანგარიშვალდებულად დასავლეთთან მიიჩნევს. ამიტომ მეტი გაბედულების საჩვენებლად აუცილებელია, რომ ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენიოს და ესეც გააკეთა. შესაძლოა, პრემიერთან დაწყებული უთანხმოების გამო, გარკვეული სამაგიეროს გადახდასაც ჰქონდეს ადგილი. ალბათ გაბრაზებულია იმაზეც, რომ მას მმართველ გუნდში არაფრად აგდებენ და უნდა მათ თავისი მნიშვნელობა დაანახოს. ამიტომაც გვახსოვს 7-9 მარტის აქციების დროს რა განცხადებებიც გააკეთა. მე მაინც მგონია, რომ ის მხოლოდ საკუთარი პოლიტიკურ მომავალზე ფიქრობს და იმედი აქვს, რომ ევროპაში კარიერას გაიკეთებს”, - ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
სიახლეები
- როგორ ავიცილოთ ყველაზე ცუდი სცენარი
- "ჩვენთვის ძვირფასია თითოეული გულწრფელი მოქალაქე, რომელსაც აქვს პროტესტის განცდა, ძვირფასია თითოეული ჯანსაღი ახალგაზრდა, რომლებმაც მომავალში ქვეყნის მართვა უნდა გადაიბარონ"
- "საქართველო მყარად რჩება მსოფლიო მედიის ერთ-ერთ მთავარ თემად, ასევე იყო „ვარდების რევოლუციის“ დროსაც" - მიხეილ სააკაშვილი
- "მინდა, ყველა დავარწმუნო, რომ ევროინტეგრაციის პროცესი არათუ არ გადადებულა, პირიქით, მაქსიმალური ინტენსივობით გაგრძელდება" - ირაკლი კობახიძე
- "დღეს ჩვენი დღის წესრიგი უნდა ავაგოთ მხოლოდ რეალისტურ, პრაგმატულ, დადებითი დღის წესრიგით სავსე პოლიტიკაზე" - ირაკლი შენგელია