ოქრუაშვილი ხალვაშს უჩივის - რატომ აცხადებს პრეტენზიას "რუსთავი 2"-ზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილის ახალ მფლობელს, ქიბარ ხალვაშს უჩივის.
ოქრუაშვილის სახელით თბილისის საქალაქო სასამართლოს დღეს მისმა ადვოკატმა მიმართა. ოქრუაშვილი ხალვაშის მიერ გუშინ დარეგისტრირებულ „რუსთავი 2“-ის წილებზე ყადაღის დადებას ითხოვს და აცხადებს, რომ ტელეკომპანია მისი საკუთრებაა.
როგორც ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა, გია ზედელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სამი ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ნამდვილია ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა დოკუმენტზე, რომელიც ამტკიცებს, რომ „რუსთავი 2“-ის მფლობელი ირაკლი ოქრუაშვილია.
„ჩვენ უკვე გვაქვს სამი ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ ნამდვილია ბატონი ხალვაშის ხელმოწერა, მაგრამ ვინაიდან მეორე მხარემ ეს სადავოდ გახადა, აღნიშნული დოკუმენტი სასამართლომ ბატონი ხალვაშის მოთხოვნით 2018 წლის ნოემბერში გაგზავნა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, მაგრამ ბატონი ქიბარი დღემდე არ მისულა ექსპერტიზაზე, რომ დატოვოს შესადარებელი ხელმოწერის ნიმუშები,“-აცხადებს ადვოკატი.
მისივე თქმით, აღნიშნული დოკუმენტით დასტურდება, რომ შეთანხმების მიხედვით, „რუსთავი 2“-ის წილი შეიძინა ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის სახელით, ასევე ქიბარ ხალვაში ადასტურებს, რომ წილზე საკუთრების უფლება ირაკლი ოქრუაშვილს აქვს და არა მას.
„ეს დოკუმენტი ადასტურებს იმას, რომ ქიბარ ხალვაშს არ ჰქონდა უფლებამოსილება ოქრუაშვილთან შეთანხმების გარეშე განეხორციელებინა რაიმე მოქმედება „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით და თუ ამ პირობას დაარღვევდა, ის ვალდებული იყო, რომ ირაკლი ოქრუაშვილისთვის გადაეხადა 7 მილიონი აშშ დოლარი ჯარიმის სახით. ეს პირობა რა თქმა უნდა, დარღვეულად ითვლება იმიტომ, რომ ირაკლი ოქრუაშვილთან ქიბარ ხალვაშის ქმედებები შეთანხმებული არ ყოფილა,“ - აცხადებს ოქრუაშვილის ადვოკატი.
ამასთან, ადვოკატი სასესხო ურთიერთობებზეც საუბრობს, რომელიც არსებობდა ირაკლი ოქრუაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის. მისი თქმით, დოკუმენტში საუბარია, რომ ქიბარ ხალვაშს ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ დავალიანება ჰქონდა, რომელიც 2015 წლამდე უნდა გადაეხადა, რაც არ იქნა გადახდილი და ოქრუაშვილმა სასამართლოს მიმართა ამ თანხის დაკისრების მოთხოვნით.
mbebi.ge
სიახლეები
- ,,სალომე ზურაბიშვილს თავი ფარაონი ჰგონია"- გურამ მაჭარაშვილი
- ,,ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, ხალხს მოუსმინონ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,შევდივარ ოპოზიციის მდგომარეობაში, რთულია ყოველდღე აქციები ატარო, თან როცა ქუჩის ქარიზმატული ლიდერები არ გვყავს"- გია ხუხაშვილი
- ,,იდიოტიზმს, რომელიც ახლა აქვთ მოწყობილი, იმ უიდეობას, რომელიც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება, სჯობს, დროზე შევიდნენ პარლამენტში"- იაგო ხვიჩია
- ძლიერ ქარიშხალს ორი ადამიანი ემსხვერპლა ვაშინგტონში