"ნატო არ უნდათ, თუ რასთან გვაქვს საქმე? იქნებ გაგვარკვიონ"-გია ხუხაშვილი

“რასმუსენის თავად იდეა - საქართველოს ნატოში გაწევრიანებისათვის ნატოს წესდების მე-5 მუხლის მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გავრცელების შესახებ, - განხილვას იმსახურებს. სინამდვილეში ეს არის ფაქტობრივი მოცემულობა.

დღესაც ვუყურებთ როგორ ხდება ოკუპანტების მოძრაობა ფაქტობრივად ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე. ვერაფერს ვერ ვშვრებით და გარკვეულ უსაფრთხოების სისტემაში განთავსება გვჭირდება. რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ ნატოში გაწევრიანება ოკუპირებულ ტერიტორიებზე გავცვალოთ, სრული სისულელეა და ეს რასმუსენს არ უთქვამს. მის იდეას დახვეწა და კარგად გააზრება სჭირდება”, - აცხადებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით გახარია რუსეთის კაცი არ არის, ის ივანიშვილის კაცია, - ხუხაშვილი.

 

“ბევრად უფრო სკანდალური ჩვენი ხელისუფლების განცხადება იყო - ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ნატოში გაწევრიანება ერთმანეთს დააპირისპირეს. ეს უკვე შეშფოთების საგანია. არ შეიძლება მათ არ ესმოდეთ რასმუსენმა რა თქვა. შესაბამისად, საზოგადოებაში ისინი იმ დასკვნას კულტივირებენ, თითქოს ვიღაც ამ ტიპის გაცვლას გვთავაზობს. მაშინ როდესაც კონსტიტუციაში შესაბამისი მუხლიც კი არის ჩაწერილი. ეს რას ნიშნავს? ნატო არ უნდათ, თუ რასთან გვაქვს საქმე? იქნებ გაგვარკვიონ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი და შეკითხვაზე - “ირმა ინაშვილის კონფერენციაზე მისვლის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრორუსულმა ძალებმა ღია მოქმედება დაიწყეს?” - პასუხობს:

 

“ინაშვილი და მისი პარტია ამას არც მალავდა. ჯობია და კარგიც არის, რომ ირმა ინაშვილი თავისი იდეოლოგიის შესახებ ღიად საუბრობს და მოქმედებს კიდეც. მასთან ნაკლები პრეტენზიები მაქვს, ის ისე იქცევა, რა ამოცანაც აქვს. ეს არის ამ პარტიის პოლიტიკის ტაქტიკა და თავისი დღის წესრიგით მოქმედებენ. ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, მას თავისი ამომრჩეველი ჰყავს და ამ ამომრჩეველზე მუშაობს. ის თავისი ელექტორატისთვის აკეთებს იმას, რაც კონფერენციაზე გააკეთა. “ოცნების” სპიკერებისგან განსხვავებით, ის ღიად საუბრობს და მოქმედებს”.

 

“ძალიან მძიმე მოსასმენი იყო გახარიას სიტყვები, რომ “ნაციონალებს” დაასრულებს. რა თქმა უნდა, ახლა მისი მთავარი დღის წესრიგია, რომ მოხდეს შუას გაკრეფა. ალტერნატიული ძალის არდაშვება და ქვეყანაში ნეგატიური დღის წესრიგის შემოტანა. “ნაციონალურ მოძრაობასთან” ბრძოლის ეგიდით საარჩევნო კამპანიის ჩატარება - ეს არის გახარიას მთავარი დავალება, რაც ძალიან სამწუხაროა. ნაცვლად იმისა, რომ ხალხი დააპუროს და ამხელა სოციალური პრობლემები მოაგვაროს, ისევ “ნაციონალებთან” ბრძოლას აპირებს. რაც შეეხება გიორგი გახარიას მიერ “დოიჩე ველეში” დაბეჭდილ სტატიას, საუბარი იმაზე, რომ გიორგი გახარია რუსეთის კაცია, არასერიოზულად მიმაჩნია. მე ზოგადად ასეთი საუბრების წინააღმდეგი ვარ - ადამიანს როდესაც ასეთ ბრალდებას უყენებ, მაშინ საკმარისი საბუთი უნდა გქონდეს. ასეთი მტკიცებულებები კი არ არსებობს. მე არ მგონია, რომ ის რუსეთის კაცია, ის არის ბიძინა ივანიშვილის კაცი, როგორც “ქართულ ოცნების” ყველა წევრი”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.

 

“რაც შეეხება მამუკა ხაზარაძის ადვოკატების განცხადებას, რომ ექსპერტიზის დასკვნა მიიღეს წერილზე, რომელიც, ხაზარაძის მტკიცებით, მას გახარიამ მისწერა, ამ წერილს ხაზარაძე როგორ გამოიყენებს, ეს უკვე ტაქტიკის თემაა. მისი გადასაწყვეტი იქნება. ფაქტია, რომ ეს პრობლემაა და პრემიერის მისამართით საკმაოდ მძიმე ბრალდება. ხელისუფლება თუ ამ საკითხში სუფთაა, მაშინ თავადვე დაინტერესებული უნდა იყოს, რომ ამაზე წერტილი დასვას. ამის გარკვევას რა უნდა? მასალები ხელში აქვთ, გახარიას ანაბეჭდები აქვთ, შეადარონ და თქვან ოფიციალურად ვისი ანაბეჭდები აღმოჩნდა და ვისი არა. ამას თუ არ გააკეთებენ, მაშინ ეს ირიბი აღიარება იქნება, რომ აქ რაღაც წესრიგში არ არის. ბუნებრივია, იმის ილუზია არავის არ უნდა ჰქონდეს, რომ ხელისუფლება თავის თავს დაიჭერს. თუმცა ამ სირაქლემის პოზაში ყოფნით გარკვეული პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ”- დაასკვნის გია ხუხაშვილი.

 

“ხელისუფლებამ “რუსთავი 2”-ის ჯგუფს, ვინც “მთავარ არხზეა” და ნიკა გვარამიას ძალიან დიდი სამსახური გაუწია - ვალები მოაშორა, გაასუფთავა, საკადრო წმენდა ჩაატარებინა, კიდევ უფრო მობილური და გაძლიერებული გამოსვლის საშუალება მისცა მედია ბაზარზე. ხელისუფლებამ ფაქტობრივად გვარამიაზე იმუშავა. ის თვითონ ასეთ კარგ რაღაცას ვერ მოიფიქრებდა. პასივები ქიბარ ხალვაშს შეტენეს, აქტივები კი “მთავარ არხზე” წამოვიდა. ეს ჯგუფი შეიძლება მოგწონდეს, ან არ მოგწონდეს, მაგრამ ძალიან ძლიერები რომ არიან, ფაქტია. ეს ქართულ სინამდვილეში უნიკალური შემთხვევაა - 19 დღეში სრულფასოვანი ტელევიზია გაუშვა, რაც ფანტაზიის სფეროდან არის...” - დასძენს ხუხაშვილი.

წაკითხვა 778 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.