"შესაძლოა, კოფის წინადადება რუსეთის საწინააღმდეგო ფსიქოლოგიური ომის ნაწილიც იყოს" - ამერიკული სამხედრო ბაზა ახალქალაქში?!

"ოცნების" ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ რუსეთის დამოკიდებულება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რაც უნდა დაუთმო რუსეთს, ის მაინც კიდევ მეტის დათმობას გაიძულებს"

 

 

ცნობილი ამერიკული კვლევითი ინსტიტუტის Heritage Foundation-ის მკვლევრისა და ანალიტიკოს ლუკ კოფის Twitter-ში გამოქვეყნებულ პოსტს, რომელშიც გამოთქმულია მოსაზრება ამერიკელი ჯარისკაცების სირიიდან საქართველოში, კერძოდ, ახალქალაქში გაგზავნის შესაძლებლობაზე, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. "შეთავაზება: ამერიკის ჯარები, რომლებიც სირიას ტოვებენ, შესაძლებელია გაიგზავნონ საქართველოში და იქცნენ "ჰორიზონტს მიღმა" განთავსებულ ძალად, რათა "ისლამური სახელმწიფოს" აღდგენის შემთხვევაში სწრაფად მოახდინონ რეაგირება. ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია გამოიყენოს ძველი რუსული ბაზა ახალქალაქში, რომელიც რაქიდან 460 მილზე (740 კმ) მდებარეობს. ახლა საქართველო უფრო საიმედოა, ვიდრე ერაყი", - წერს ბატონი კოფი. მას შემდეგ, რაც ამ მოსაზრებას მწვავე დისკუსია მოჰყვა, ამავე სოციალურ ქსელში მან რამდენიმე განმარტება გააკეთა, მათ შორის ისიც, ეს საკითხი, როგორც ვიცი, არ განიხილება აშშ-ის მთავრობის მიერო, და დასძინა, ეს ინიციატივა შეეხება რუსეთის შეკავებასაცო. როგორც ცნობილია, სირიაში არაპროგნოზირებადი ვითარების გამო აშშ-მა თავისი სამხედრო ძალის გაყვანა გადაწყვიტა, ხოლო თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია წამოიწყო. ამას მოჰყვა ერდოღანისა და პუტინის შეთანხმება, რითაც რუსეთმა მნიშვნელოვნად გაიმყარა პოზიცია, რის შემდგომაც პენტაგონმა სირიის ნავთობით მდიდარ რეგიონებში მძიმე სამხედრო ტექნიკის შეყვანაზე დაიწყო ლაპარაკი. ამ ყოველივედან გამომდინარე, ბატონმა კოფმა, ფაქტობრივად, საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის განთავსების საკითხი გაააქტიურა. გასათვალისწინებელია, რომ ამას წინ უსწრებდა აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის მიერ "საქართველოს მხარდამჭერი აქტის" მიღება. სწორედ ლუკ კოფის შეთავაზების რისკებსა და შესაძლებლობებზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ­ ხათუნა­ ლაგაზიძესთან:

 

 

 

 

ლუკ კოფის ინიციატივა კონტექსტიდან ამოგლეჯილად განსახილველი არ არის. ვერც იმას ვიტყვი, რომ ეს ჰაერიდან მოტანილი და უსაფუძვლო ინიციატივაა. გავიხსენებ ამ ცოტა ხნის წინ ევროპაში გამოქვეყნებულ აშშ-ის ძალების ყოფილი სარდლის ბენ ჰოჯესის ინტერვიუს, რომელშიც ის პირდაპირ ამბობს, მიდიოდა დისკუსიები საქართველოში ქართულ-ამერიკული საერთო ავიაბაზის თაობაზეო. ჰოჯესი ანაკლიის პორტსაც მოიხსენიებს და აცხადებს, საზღვაო-სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებისა და ნატოს გემების ტექნიკური მომსახურებისთვის იდეალური ადგილიაო.

 

 

შეგახსენებთ იმასაც, რომ ამ იდეას წინ უსწრებდა (დაახლოებით შარშან) საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხზე კოფის ანგარიში, რომელშიც გამოთქმული იყო იდეა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლის (კოლექტიური თავდაცვის შესახებ) დროებით გაუვრცელებლობის პირობით ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრებაზე. მართალია, ეს მოსაზრება ოფიციალურად საჯაროდ არ განხილულა, თუმცა ანალიტიკოსთა და პოლიტიკოსთა წრეებში ამ საკითხზე დისკუსია დაიძრა. ეს იდეა მოგვიანებით საქართველოში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე ნატოს ექსგენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა გაიმეორა. რა თქმა უნდა, ცხადია, ამგვარი განცხადებები საზოგადოებრივი აზრის მოსინჯვა-მოთელვას ემსახურება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც, მათ შორის ამერიკაშიც. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ აშშ-ის უსაფრთხოების სისტემა ისეა მოწყობილი, რომ დამოუკიდებელი კვლევითი ორგანიზაციები ხელისუფლების გარე რესურსად ითვლება - ანუ წარმოადგენენ აშშ-ის უსაფრთხოების სტრუქტურების გარე ინტელექტუალურ ბაზისს. მათში თავმოყრილი არიან კვალიფიციური ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში კონკრეტულ მიმართულებებს, ქვეყნებს იკვლევენ.
 
 
 


კოფის ინიციატივა არ არის სახელმწიფო ინსტიტუტების პოზიცია, ის აშშ-ის იმ სააზროვნო ცენტრების პოზიციაა, რომელთა იდეებიც მუდმივად მიეწოდება სახელმწიფო სტრუქტურებს და მათ ხან ითვალისწინებენ, ხან არა. თუმცა დიდწილად ამ მოსაზრებებით იქმნება აშშ-ის პოლიტიკური დღის წესრიგი.

 

 

 

მოკლედ, აშშ-ის პოლიტიკური ელიტის ნაწილისგან გვესმის ისეთი ინიციატივები, რაც აქამდე არ მოგვისმენია. ამ ნაწილისთვის საქართველოს გაცილებით დიდი ტაქტიკური და სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, ვიდრე თუნდაც წარმომადგენლობითი პალატის "მხარდამჭერი აქტი" შეიცავს.
 
 
 
 

- კოფის წინადადებაში პირდაპირ არის მოხსენიებული ახალქალაქი და იქ რუსეთის ყოფილი ბაზა. რატომ ახალქალაქი, როგორ ფიქრობთ?

 

 

- მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდს თუ გამოვთქვამთ, რომ ეს შეიძლება განპირობებული იყოს რამდენიმე ფაქტორით: ახალქალაქი თურქეთთან ახლოსაა; აშშ-ის ინტერესების უფრო მკაფიოდ გამოხატვის შემთხვევაში ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი რეგიონი სწორედ სამცხე-ჯავახეთია, სადაც რუსეთმა დესტაბილიზაცია შეიძლება მოინდომოს, და ამის პრევენციისთვის; მესამე - აშშ-ის ბაზა ნიშნავს უდიდეს ინფრასტრუქტურას, ბევრი სამუშაო ადგილით და ადგილობრივი მოსახლეობის გაუმჯობესებული ეკონომიკური და სოციალური პირობებით. ძნელად დასაჯერებელია, ეს ყველაფერი გათვლილი ყოფილიყო კოფის შეთავაზებაში, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენი ვარაუდები შეიძლება მხოლოდ ამგვარი იყოს.

 

 

ერთი საკითხიცაა - დღეს მსოფლიო ტოტალურ ფსიქოლოგიურ ომში ცხოვრობს და არ არის გამორიცხული, კოფის წინადადება გარკვეულწილად რუსეთის საწინააღმდეგო ფსიქოლოგიური ომის ნაწილიც იყოს. მოგეხსენებათ, ამგვარ იდეებს კრემლში ძალიან მწვავედ განიცდიან. ამიტომაც არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს მომავალში რეაგირება მოჰყვეს ამას იგივე მცოცავი ოკუპაციის გააქტიურებით ან კიდევ რაიმე ფორმით. თუმცა ნაკლებად წარმოსადგენია, ამ ეტაპზე და მხოლოდ კოფის განცხადების გამო რუსეთმა უფრო რადიკალური სამხედრო ნაბიჯები გადადგას. თუ კრემლში არ დაინახეს რეალური საფრთხე საქართველოსგან, მორიგ სამხედრო კონფრონტაციაზე არ წავლენ.
 
 
 
 

- საქართველოში ამ შეთავაზებას დიდი რეზონანსი მოჰყვა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წრეებში, თუმცა ნაკლებად ხელისუფლებისგან, რაც ოპოზიციის კრიტიკის საგნადაც იქცა.

 

 

- ხელისუფლების უმწიფარმა რეაქციებმა ამგვარ განცხადებებზე შეიძლება ქვეყანა დააზარალოს. თუნდაც ძალიან გავლენიანი ექსპერტის მოსაზრების გამო საქართველოს ხელისუფლების ხბოს აღტაცებას შეიძლება ძალიან მძიმე შედეგი მოჰყვეს. ამიტომაც, სანამ ამას არ მიეცემა ოფიციალური სახე, რა თქმა უნდა, საქართველოს ოფიციალური პირებისა და სტრუქტურების გამოხმაურებას არ უნდა ველოდოთ სწორედ იმიტომ, რომ მეზობლად გვყავს რუსეთი და მან შეიძლება ისეთი რამ მოიმოქმედოს, რაც მსგავს ინიციატივაზე ოცნებასაც კი ძალიან დიდი ხნით გადაგვადებინებს.

 

 

როგორც უკვე ვთქვით, ეს განცხადება გაკეთდა სწორედ იმიტომ, საზოგადოებაში მომწიფდეს განწყობა, ქართულმა არასამთავრობო სექტორმა, ექსპერტებმა, დაინტერესებულმა საზოგადოებამ ამაზე დაიწყონ მსჯელობა. ამაში ხელისუფლება არ უნდა ჩაერთოს. მეორე მხრივ, ავიღოთ "მხარდამჭერი აქტი", რომელიც ციურ მანანასავით დაგვებერტყა თავზე, ისე, რომ ამაზე წინასწარ არავინ ლაპარაკობდა. მეტიც, ბოლო დროს მხოლოდ ის ისმოდა, საქართველო გაქრა დასავლეთის რადარებიდან, აშშ-ს საქართველო აღარ აინტერესებსო. პროფესიულ წრეებშიც სრული ნიჰილიზმი იყო აშშ-ის პოლიტიკის გამო და უეცრად ასეთი გამონათება. ყოველთვის ჩუმად მუშაობა ჯობია და ასეთი შედეგის მიღება, ვიდრე უსაგნო ყვირილი და ემოციურობა, შედეგად კი რუსეთისგან მორიგი მათრახის მიღება.

 


- ფაქტია, რომ აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ახსნა ბოლო დროს ძალიან გართულდა, ვგულისხმობ სირიაში განვითარებულ პროცესებს. მას მერე, რაც ტრამპმა სირიიდან სამხედროების გაყვანა გადაწყვიტა, მოვლენები ძალიან სწრაფად განვითარდა, რის შედეგადაც ძალთა ბალანსი ახლო აღმოსავლეთში მნიშვნელოვნად შეიცვალა და უკიდურესად გაძლიერდა რუსეთის გავლენა.

 

 

- ასეთი გაორებული და არაპროგნოზირებადი მსოფლიო პოლიტიკა არ ყოფილა ბოლო რამდენიმე ათწლეულია, მინიმუმ მას შემდეგ, რაც დაიშალა საბჭოთა კავშირი.

 

 

უკვე ცნობილია, რომ ამერიკელებმა, რომელთა პრეზიდენტმაც სირია-თურქეთის საზღვრის გასწვრივ, ქურთებით დასახლებული რეგიონიდან 1000-კაციანი სამხედრო კონტინგენტის გამოყვანის ბრძანება გასცა, 2 კვირის თავზე მიიღეს ახალი გადაწყვეტილება - სირიის ნავთობით მდიდარი რეგიონების დასაცავად შეიყვანენ იმგვარ მძიმე ტექნიკას, რაც დღემდე არ ჰყოლიათ ამ რეგიონში. უპრეცედენტოა არა მარტო მძიმე ტექნიკის შეყვანა, არამედ ისიც, რომ ამ ტიპის შეიარაღებას დასჭირდება გაცილებით მეტი სამხედრო მოსამსახურე, ვიდრე აქამდე ჰყავდა სირიაში აშშ-ს. მოგეხსენებათ, აშშ სირიაში საჰაერო მხარდაჭერას უწევდა სირიის დემოკრატიულ ძალებს, რომლებიც, ძირითადად, ქურთებისგან შედგებოდა და მხოლოდ მცირე სამხედრო კონტინგენტი ჰყავდა შეყვანილი.
 
 
 


სირიაში თურქეთის შესვლა იყო შოკი ქურთებისთვის, რომლებიც აშშ-ის მთავარი მოკავშირეები იყვნენ და უმეტესად სწორედ ისინი მონაწილეობდნენ მთავარ სახმელეთო ბრძოლებში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ. საბოლოოდ აშშ-მა მიიღო შედეგი, როდესაც მისით უკმაყოფილოა ნატოს წევრი და მისი სტრატეგიული პარტნიორი თურქეთი, რომელიც ბოლო წლებში თვლიდა, რომ აშშ ახალისებდა ქურთებს, შეექმნათ ავტონომიური ანკლავი თურქეთის საზღვართან, რასაც ოფიციალური ანკარა ტერიტორიული მთლიანობის საფრთხედ განიხილავს. ასევე უკმაყოფილო არიან მეორე სტრატეგიული პარტნიორი - ქურთებიც, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ აშშ-მა ისინი გამოიყენა და შემდეგ უღალატა.

 

 

მოკლედ, შავ დღეშია აშშ-ის იმიჯი, მაგრამ იმიჯი რომც დავივიწყოთ, მნიშვნელოვნად დაზიანდა რეგიონში ამერიკის ენერგეტიკული ინტერესებიც. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერაყის ქურთისტანიდან მომავალი ნავთობსადენის 60%-იანი წილი "როსნეფტმა" იყიდა.
 
 
 


რუსეთის გავლენა მნიშვნელოვნად გაძლიერდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უპრეცედენტო რამესთან გვაქვს საქმე - თურქეთთან მიღწეული შეთანხმებით რუსეთის საპოლიციო ჯარები ასადის რეჟიმის ჯარებთან ერთად დადგებიან თურქეთ-სირიის საზღვარზე, სირიის მხარეს, რაც ერდოღანის გამარჯვებად ვერაფრით ჩაითვლება. თუმცა თურქებმა, როგორც ჩანს, ორ უბედურებას შორის ნაკლები აირჩიეს - ანუ საზღვართან ქურთების ყოფნას ისევ რუსეთი არჩიეს.

 

 

მთელი ეს პროცესი, ბუნებრივია, აშფოთებს აშშ-ის ნებისმიერ პარტნიორს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, მათ შორის საქართველოსაც ეს ვითარება მუდმივად დაძაბულს ამყოფებს.
 
 
 


ამ ფონზე საქართველოს ტრამპის ხელისუფლება უპრეცედენტო დახმარებას უწევს - ვგულისხმობ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გასაზრდელ 3-წლიან პროგრამას და ახლახან მიღებულ "საქართველოს მხარდამჭერ აქტს", რომელიც ბევრი მიმართულებით შეიცავს სასიკეთო გარღვევის ნიშნებს. მე გამოვყოფდი სამ ძირითად მომენტს:

 

 

პირველი - როგორც კი ეს კანონად იქცევა, სახელმწიფო მდივანს დაავალებენ, მოამზადოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობის 5-წლიანი გეგმა;

 

 

მეორე - კიბერუსაფრთხოების საკითხზე თანამშრომლობა, რაც, ერთი მხრივ, მოიცავს სახელმწიფოს საკომუნიკაციო არხების დაცვას რუსული კიბერშეტევებისგან, მეორე მხრივ კი რუსულ პროპაგანდასთან აქტიურ ბრძოლას. ეს უმნიშვნელოვანესია, რადგან ქართული საინფორმაციო სივრცე, ფაქტობრივად, სრულიად დაუცველია რუსული აგრესიისგან;

 

 


მესამე - აშშ-თან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის შემოღება - ანუ კანონად გადაქცევის შემდგომ ეს დოკუმენტი დაავალდებულებს აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს, მაქსიმალურად გაააქტიუროს მუშაობა საქართველო-ამერიკას შორის თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების დადებისთვის, რის შემდეგაც საქართველო იქნება მართლაც უნიკალური ქვეყანა - მას ექნება სამ უდიდეს გიგანტთან: - ჩინეთთან, ევროკავშირსა და აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რაც მისცემს საშუალებას გახდეს რეგიონის ეკონომიკური, ტექნოლოგიური, ფინანსური და საგანმანათლებლო ჰაბი. ეს ყველაფერი კი მიიღწევა მაშინ, თუ საქართველო შეძლებს სტაბილურობის შენარჩუნებას, რაც უდიდესი გამოწვევაა.

 

 

- ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კიდევ უფრო გაუგებარი ჩანს ანაკლიის პორტთან დაკავშირებული პროცესები...
 
 
 
- როდესაც ვლაპარაკობთ თანამედროვე ამერიკის არაპროგნოზირებულობაზე, ეს გამოჩნდა ანაკლიის პორტთან დაკავშირებითაც. განცხადებები იმის თაობაზე, რომ ეს პორტი ამერიკული ინვესტიციით უნდა აშენდეს, კარგია, მაგრამ ამისთვის ინვესტიციები უნდა ჩადონ ამერიკელებმა. როგორადაც უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ზეწოლის გამო ამ პროექტს, თუ აშშ-ს სურს ამ პორტის აშენება, მას არანაკლებ ძლიერი და ფილიგრანული ზეწოლის მეთოდების გამოყენება შეუძლია, ვიდრე რუსეთს. ხომ ფაქტია, რომ არა და არ მოიძებნა ინვესტორი, რომელიც პორტის აშენებას იკისრებდა. გასაგებია, რომ რუსეთი ამას ეწინააღმდეგება, მაგრამ კრემლი არანაკლებ უშლიდა ხელს ბაქო-ჯეიჰანისა თუ ბაქო-სუფსის პროექტებს.
 
 
 


- რუსეთი და სეპარატისტები ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან პროვოკაციებს არ წყვეტენ, მეტიც, ბოლო ხანს ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებისგან მუქარის შემცველი განცხადებები გაისმის. შეიძლება ითქვას, ყოველგვარ ზღვარს გადასვლა იყო 24 ოქტომბერს ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე ევროკავშირის მისიის წარმომადგენლის დაკავება.

 


- ფაქტია, მცოცავი ოკუპაციის პერიმეტრი არის ყულფი საქართველოს კისერზე, თორემ რუსეთს რომ დასჭირდეს, უმოკლეს ვადაში გაავლებს ამ ზღუდეებს, მაგრამ პროცესს აჭიანურებს, ერთი მხრივ, ჩვენი საზოგადოების შიდადაპირისპირებისთვის, მეორე მხრივ, ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის. ახლოვდება არჩევნები და, ალბათ, მისი მოქმედება უფრო პროვოკაციული გახდება. ერთგვარად აუხსნელია ისიც, რომ თუ ეს ხელისუფლება ყველაზე მეტად აწყობს რუსეთს, რატომ ამცირებს მას ყოველდღიურად მცოცავი ოკუპაციით?! "ოცნების" ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ რუსეთის დამოკიდებულება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რაც უნდა დაუთმო რუსეთს, ის მაინც კიდევ მეტის დათმობას გაიძულებს.

 

 

 

რუსეთის მიზანია, ქართველი საზოგადოება რაც შეიძლება დიდხანს იყოს დაქსაქსული და დაპირისპირებული, რათა საერთო ენა ვერ გამოვნახოთ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს კონცეპტუალურ საკითხებზეც კი.
 
 
 


ამას კრემლი ფსიქოლოგიური ბრძოლის იარაღად იყენებს. ვფიქრობ, ბოლოს და ბოლოს, ფართომასშტაბიანი დიალოგი უნდა დავიწყოთ, თუ როგორ მოვახერხოთ თავის დაცვა ამ მძიმე ფსიქოლოგიური წნეხისგან, თუმცა ეს ამ მასშტაბური რუსული საინფორმაციო ომის პირობებში, როდესაც რუსულ პროპაგანდას ვერაფერს ვუპირისპირებთ, ძალიან რთული იქნება. ბოლო დროს ლაპარაკია, ბერლინის კედელივით ჩვენც ხომ არ ავაგოთ კედელი და ამ პერმანენტულ პროვოკაციებს წერტილი დავუსვათ. დავიწყოთ მშენებლობა დანარჩენ საქართველოში და როცა ჩვენი ქვეყანა მიმზიდველი და ძლიერი გახდება და მსოფლიოც ამისთვის მზად იქნება, ვიფიქროთ გამთლიანების სხვადასხვა სცენარზე - ეს არის ერთ-ერთი ვერსია.

 

 

რაც შეეხება ევროკავშირის წარმომადგენლის დაკავებას, სიმართლე გითხრათ, არ ველი ევროკავშირისგან ქმედით ღონისძიებებს. ევროპა ძალიან პასიურობს, მით უფრო ახლა, როდესაც გაფაციცებით ადევნებს სირიაში მიმდინარე მოვლენებს თვალს და საქართველოსთვის არ სცალია.

 

 

 

https://www.kvirispalitra.ge/

წაკითხვა 616 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 04 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.