“ხელისუფლებას “სამეფო კარის თამაშებში” ქვეყანა დაავიწყდა”

“ვფიქრობ, მას შემდეგ, რაც 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად წარმოშობილი საპროტესტო ტალღა “მიინავლა”, ხელისუფლებამ მწარედ ინანა საკუთარი დაპირება მომავალი არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების თაობაზე.

 

ეს აშკარად ცხელ გულზე მიღებული გადაწყვეტილება იყო, მერე კი დაფიქრდნენ და თავში ხელი შემოირტყეს, ამ ორდღიანი აქციებისთვის ღირდა კი ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის სასწორზე შეგდებაო? ჩემი აზრით, ზაფხულშივე ფიქრობდნენ, რომ ამ დაპირებას არ შეასრულებდნენ, საბოლოო გადაწყვეტილება კი სადღაც აგვისტოს ბოლოსთვის მიიღეს, რაც ბევრი დეტალით ჩანდა, ზოგ შემთხვევაში თითქოს ერთმანეთთან დაუკავშირებელ ამბებშიც კი. უცნაურია, რომ ეს ვერ დაინახა ოპოზიციამ”, - აცხადებს ქსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ხელისუფლებას “სამეფო კარის თამაშებში” ქვეყანა დაავიწყდა” / “ოცნებაში” რიგგარეშე არჩევნებისთვის მზადებაც მიდის. ამის სცენარი კი ასეთი იქნება - მაქსიმალური პოლარიზაცია და ორპოლუსიანობის უკიდურესად გამწვავება, დაპირისპირების პროვოცირება და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა”.

 

 

“არ ვიცი, ოპოზიციაში რატომ იფიქრეს, რომ “ქართული ოცნება” ასე გამოსროლილ დაპირებას აუცილებლად შეასრულებდა. ეს გასვლები რეგიონებში, შეხვედრები, კანონპროექტის ჩაგდების სცენარის ნაწილი იყო, რათა მოედუნებინათ ოპოზიციისა და დასავლელი პარტნიორების ყურადღება. მაგრამ მათი სცენარი ამით არ სრულდება, ვიღაცამ ეს ყველაფერი ძალიან ჭკვიანურად, თითქმის ფილიგრანული ოსტატობით გათვალა. ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა პოლიტიკური პროცესის ქუჩაში გადასატანად, “ქართულ ოცნებას” მომზადებული აქვს სცენარები პროცესის განვითარების სხვადასხვა გზის გათვალისწინებით. ხალხი საპროტესტოდ ქუჩაში რომ გავიდოდა, იცოდნენ, თუმცა თუ ეს იქნებოდა პატარა მასშტაბისა და მილევადი აქციები, მაშინ უპრობლემოდ გაუმკლავდებოდნენ, მაგრამ თუ ოპოზიცია შეძლებდა მასშტაბური საპროტესტო აქციის ჩატარებას, ძალისმიერ ხერხებს გამოიყენებდა და სადმე შევარდნას შეეცდებოდა, ხელისუფლება სათანადო ზომებს მიიღებდა და იმავდროულად, დასავლეთთანაც იქნებოდა პირმობანილი, იტყოდა, ყველაფერი გავაკეთე საარჩევნო კოდექსის შესაცვლელად, მაგრამ ჩავარდა და კიდევ კარგი, რომ ჩავარდა, რადგან ვის უნდა რევოლუციის მომწყობები და გადამტრიალებლები ხელისუფლებაშიო. “ქართული ოცნების” დასავლეთისთვის გზავნილი ამგვარიც იქნებოდა - მე ვარ ამ ქვეყანაში სტაბილურობის გარანტი დამე უნდა დამიჭიროთ მხარიო...”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძე.

 

 

“აქამდე “ქართული ოცნება” ორსახოვანი იანუსი იყო, რომლის ორი სახიდან ერთი პროდასავლური გახლდათ. ამ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებით მან პროდასავლური სახე თავისივე ხელით “აიხია”. ის დეპუტატები, რომლებიც წამოვიდნენ უმრავლესობიდან, “ოცნების” პროდასავლური სახეები იყვნენ, სწორედ ამ გუნდზე იდგა დასავლეთის ნდობა “ქართული ოცნებისადმი~, ისინი წარმოადგენდნენ დასავლეთთან მთავარ ხიდს და საკომუნიკაციო არხს, რაზეც ხელისუფლებამ უარი თქვა. დღეს უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ფორუმებზე ხელისუფლებას არავინ ჰყავს, ვინც მის პოზიციებს დაიცავს. იმ ხალხის ვისითაც ჩანაცვლდება, იმათ გასაგონად ვიტყვი - დიპლომატია, როგორც წესი, ერთი-ორ შეხვედრას არ ემყარება, უმნიშვნელოვანესია ნდობა, რაც ურთიერთობებში წლების განმავლობაში ყალიბდება. ეს ნდობის ფაქტორი არა აქვთ იმ პირებს, ვინც დღეს “ქართული ოცნების" საგარეო პოლიტიკას უძღვებიან პარლამენტში. ვფიქრობ, არჩევნებამდე დარჩენილი ერთი წელი “ოცნებისთვის” ამ თვალსაზრისითაც ძალიან მძიმე იქნება”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

 

“ხომ ყველასთვის ცხადია, მაჟორიტარების უმრავლესობა საკუთარი ამომრჩევლის ხმებით ვაჭრობს. ისინი ამა თუ იმ კანონპროექტისთვის მიცემული ხმის სანაცვლოდ, უკანონოდ იგებენ ტენდერებს და მილიონები გააქვთ ბიუჯეტიდან. დავფიქრდეთ, რამდენი მილიონი იშოვა ზოგიერთმა მაჟორიტარმა “ქართული ოცნების” და რამდენი “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს. არიან ისეთებიც, რომლებიც შეეზარდნენ სკამებს - ეს ხალხი მილიონებს შევარდნაძის მმართველობიდან მოყოლებული მაჟორიტარობით შოულობს. პირობითად რომ ვთქვათ, ისინი 10 ლარს ამომრჩეველს უგდებენ და ამის სანაცვლოდ იმავე მოქალაქეების ჯიბეებიდან ათი ათასებს იღებენ. ამ ყველაფრის ამომრჩევლისთვის ახსნას რა უნდოდა?! მაგრამ ოპოზიციამ ეს არ გააკეთა, ახლა კი ამის დრო შეიძლება აღარ იყოს - როდესაც ზოიძე აცხადებს, სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს რეფერენდუმიო, ამას იმიტომაც ამბობს, რომ ოპოზიცია ცაიტნოტში აღმოჩნდეს. ოპოზიცია რაიმეს ახსნას მოსახლეობისთვის ძნელად მოასწრებს”, - განმარტავს ექსპერტი.

 

 

“თუ “ქართულმა ოცნებამ” რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარება მართლაც გადაწყვიტა, ოპოზიცია რას ეტყვის დასავლელ პარტნიორებს, არ გვინდა პლებისციტზე ამ საკითხის გატანა, იმიტომ, რომ ხალხი ვერ ერკვევა, რა არის მაჟორიტარული და რა პროპორციული სისტემაო?! საბოლოოდ “ქართული ოცნება” ისევ პირდაბანილი გამოვა. ივანიშვილის პოზიცია ასეთი იქნება - როგორ მკადრებთ, რომ ვინმე გადავაგდე, ცვლილებები პარლამენტში კი ჩამიგდეს, მაგრამ კონსტიტუციის ფარგლებში თემა ისევ შემოვაბრუნე, ავირჩიე ყველაზე დემოკრატიული გზა და ხალხს ვკითხე აზრიო. განსაკუთრებით სახიფათოა ხუნდაძის ინიციატივა სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის შესახებ. თუ ის დამტკიცდა, ეს ნიშნავს, რომ მივიღებთ 150 მაჟორიტარ-ფეოდალს, რომლებიც ხელისუფლებას ჯიბეში ეყოლება და მივიღებთ სრულად ტოტალიტარულ რეჟიმს, რისი კანონიერი და კონსტიტუციური გზით დამარცხება სრულიად შეუძლებელი იქნება. თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდებია და იმედია, საქმე აქამდე არ მივა”, - ამბობს ხათუნა ლაგაზიძე.

 

 

“ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ ხელისუფლება წაუგებელ თამაშს თამაშობს, მით უფრო, რომ დასავლეთი მის წინააღმდეგ ქმედით ბერკეტებს არ ამუშავებს. ეს რომ სჭირდებოდეთ, ისე მოიყვანდნენ ჭკუაზე “ქართულ ოცნებას”, როგორც დაგიბარებია. ამის მაგალითი განვლილი ისტორიაა, თუნდაც 2012 წელი გავიხსენოთ, როცა დასჭირდათ, სააკაშვილს აღიარებინეს არჩევნებში დამარცხება. ვიმეორებ, დასავლეთი ჯერჯერობით არ იყენებს ქმედით ბერკეტებს “ოცნების” ხელისუფლების თავნებობის შესაზღუდად. რამ უნდა შეაჩეროს “ქართული ოცნება”, რომ ხელი აიღოს ძალაუფლების სრულ უზურპაციაზე, ამ ეტაპზე არ ჩანს”, - თვლის რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ოპოზიციის წინადადებაა ე.წ. გერმანული მოდელის შემოტანა ქართულ საარჩევნო კოდექსში. გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა სწორედ ეს საკითხი დააყენეს”, - პასუხობს:

 

 

“ერთი რამ მაფიქრებს - ისე არ გამოვიდეს, გერმანული მოდელი ხაფანგად იქცეს, რომელიც ოპოზიციამ თვითონ დაუგო საკუთარ თავს. გერმანული მოდელის ის ვერსია, რაზეც ოპოზიცია ლაპარაკობს, ხელისუფლებას უტოვებს ბევრ შემოვლით გზას და საშუალებას, რომ ეს მოდელიც საკუთარ თავზე მოირგოს. ამიტომაც ამ ყველაფერს კარგად დაფიქრება და გათვლა სჭირდება”.

 

 

“ხელისუფლების კიდევ ერთი ჩანაფიქრია, რომ ოპოზიცია ორპოლუსიან სივრცეში, ნეგატივში დატოვოს და რაც შეიძლება გაზარდოს ტემპერატურა, რათა საზოგადოებაში კვლავაც გაჩნდეს “ნაციონალური მოძრაობის” რევანშის პანიკური შიში. 2012 წლიდან დღემდე “ქართული ოცნების” ყველა გამარჯვების თანაავტორი “ნაციონალური მოძრაობაა”. ასეთ “საჩუქარს” ხელიდან როგორ გამოიცლის ხელისუფლება, ამიტომაც, ვფიქრობ, გაამძაფრებენ “ნაციონალური” ლიდერების დევნას, ზოგიერთის დაკავებასაც არ გამოვრიცხავ, რასაც მოჰყვება სიტუაციის ესკალაცია “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან და პროცესის ისევ ორპოლუსიან სივრცეში ჩარჩენა. რიგგარეშე არჩევნებისთვის მზადების ხელისუფლებისეული სცენარი კიდევ სხვა საკითხია - მთელი ეს პროცესი საქართველოს რომ არ ეხებოდეს და სხვა ქვეყანაში ხდებოდეს, შორიდან უნდა გვეყურებინა და დავმტკბარიყავით ძალაუფლების შენარჩუნების იმ ოსტატურად გათვლილი სცენარებით, რაც “ქართულმა ოცნებამ” წარმოგვიდგინა. ძალიან ბევრი ვერსია აქვთ დალაგებული. დარწმუნებული იყავით, რომ “ქართულ ოცნებაში” რიგგარეშე არჩევნებისთვის მზადებაც მიდის. ამის სცენარი კი ასეთი იქნება - მაქსიმალური პოლარიზაცია და ორპოლუსიანობის უკიდურესად გამწვავება, დაპირისპირების პროვოცირება და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ხელისუფლებას ამ `სამეფო კარის თამაშებში~ ქვეყანა დაავიწყდა”, - მიიჩნევს ექსპერტი.

 

 

“ერთი თვის წინ მომეცა იმედი, რომ “ქართული ოცნება” პოზიტიურ დღის წესრიგზე გადაერთო, - განცდა გააძლიერა გლობალური პროექტების დაანონსებამ, მათ შორის წყალტუბოს განვითარებისა და ქუთაისის უნივერსიტეტის პროექტებმა. ნიშანდობლივი იყო ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის ვიდეომიმართვა, რომელიც ქუთაისის უნივერსიტეტსა და მათ საგანმანათლებლო საქმიანობას შეეხებოდა. ვიფიქრე, რომ “ოცნება” პოზიტიურ დღის წესრიგზე გადადიოდა. რა თქმა უნდა, ნეგატივსა და ტროლების ქარხანას არ მოეშვებოდნენ, რადგან ეს მათი საყვარელი პირმშოა, მაგრამ პოზიტივზე გადართვით “ქართული ოცნება” საკუთარ საზოგადოებასთან დაპირისპირებას დაასრულებდა. დასანანია, რომ რამდენიმე დღეში მივიღეთ სულ სხვა შედეგი - მმართველმა ძალამ პოზიტივს ნაჯახის პოლიტიკა არჩია, რაც ძალიან ცუდად შეიძლება დასრულდეს. არადა, ამ პოზიტიური ტაქტიკით გაცილებით უკეთეს შედეგს მიიღებდნენ. ეს ქვეყნისთვისაც იქნებოდა უპრეცედენტოდ კარგი რამ - ერთ მხარეს იქნებოდა “ქართული ოცნება” ამ გლობალური პროექტების დაანონსებით, მეორე მხარეს ვაშაძე სტრატეგია “აღმაშენებლით”, იქით ხაზარაძე თავისი ეკონომიკური პროგრამით და ქართული პოლიტიკა განვითარების ახალ, ხედვებისა და სტრატეგიების შეჭიდების დონეზე გადავიდოდა. ამაზე თვითონ თქვა “ოცნებამ” უარი და დარჩა ამ ბნელი გეგმების იმედად, რაც გამაოგნებელია”, - დასძენს ხათუნა ლაგაზიძე.

 

 

“რაც შეეხება 25 ნოემბრისთვის აქციას, ეს ნერვების ომია. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, ოპოზიცია რამდენად შეძლებს, ხელისუფლებას პოლიტიკური ბრძოლის ხერხებით აჯობოს და რამდენად შევძლებთ ყველანი ერთად, დავაზღვიოთ ქვეყანა ვითარების ესკალაციისგან. მე რასაც ვხედავ, “ქართული ოცნება” ლამის ყოველდღიურად პროვოკაციებს უწყობს პოლიტიკურ სპექტრსაც და საზოგადოებასაც. თავად ხელისუფლებაც მუდმივად დაძაბულობის რეჟიმშია, როდის სად გააქანებს სპეცრაზმს, არ იცის, ხან რომელ ოფისს იცავს და ხანაც რომელი მაჟორიტარის ბიუროს. როდის ვის უღალატებს ნერვები, ძნელი სათქმელია. ამ რყევების გამო ქვეყანა ბეწვის ხიდზე გადის. “ქართული ოცნება” იქცა ძალაუფლების შენარჩუნებისკენ მიმართულ ძალად, რომელიც ქვეყანაზე კი არა, მხოლოდ იმათზე ზრუნავს, ვინც მასზე ფინანსური ინტერესებითაა მიბმული, ანუ ადმინისტრაციულ რესურსზე. ამით სულ უფრო კარგავს ლეგიტიმაციას. ასეთმა ძალამ არჩევნები ხელების გადაგრეხითა და მანიპულაციებით რომც მოიგოს, მას ლეგიტიმაცია არ ეყოფა ქვეყნის სამართავად”, - დაასკვნის ლაგაზიძე.

 

 

წაკითხვა 474 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 25 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.