“სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ჩვენ გავხდებით მთავარი ძალა”

“დღეს ქვეყანაში პოლიტიკას საფუძვლად ტყუილი უდევს, მმართველმა ძალამ ტყუილი აქცია დღის წესრიგად. სადაც ტყუილია, იქ არც პოლიტიკა კეთდება და არც ეკონომიკა ვითარდება, მხოლოდ ნიჰილიზმი მძაფრდება. ისღა დაგვრჩენია, გავაპროტესტოთ არსებული რეალობა და ვიბრძოლოთ უკეთესი მომავლისთვის, ვიბრძოლოთ მანამ, სანამ საქართველოში არ დამყარდება სრული დემოკრატია, სანამ ჩვენი ქვეყანა არ დაადგება ევროგანვითარების გზას, სანამ არ შევცვლით ამ უნამუსო ხელისუფლებას”, - აცხადებს სამოქალაქო მოძრაობა “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ჩვენ გავხდებით მთავარი ძალა” / “რიგგარეშე არჩევნები თუ ჩატარდება, ეს იმის დასტური იქნება, რომ მთელი პოლიტიკური სპექტრი ორი ძალის თამაშის მოწმენი ვართ”.

 

“ჩვენ ვაპროტესტებთ იმ გადაწყვეტილებას, რაც პარლამენტმა და ფეოდალმა მაჟორიტარებმა მიიღეს. ამაში ერთიანი ვართ ყველასთან, ვისაც ქვეყნის ბედი აწუხებს. მხოლოდ პოლიტიკური სპექტრი კი არა, მოსახლეობის 75% მხარს უჭერს პროპორციულ საარჩევნო სისტემას. “ნაციონალებთან” არაფერი გვაერთიანებს, გარდა ერთადერთი მოთხოვნისა - დავაბრუნოთ ქვეყანა ნორმალურ რეჟიმში და პარლამენტმა მიიღოს “პროპორციული არჩევნების შესახებ” კანონი. ჩვენ რიგგარეშე არჩევნების საჭიროებას ვერ ვხედავთ. თუ ფორსმაჟორულ­ი ვითარება შეიქმნება და ჩატარდება, ეს იმის დასტური იქნება, რომ მთელი პოლიტიკური სპექტრი ორი ძალის თამაშის მოწმე ვართ. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის მისაღები არ არის. 22 დეკემბერს დამფუძნებელ ყრილობაზე წარვადგენთ არა მარტო პოლიტიკურ გუნდს, არამედ ჩვენს პოლიტიკურ ხედვას, პროგრამას”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა ხაზარაძე.

 

 

“შევთავაზებთ იმას, რასაც 29 წლის განმავლობაში ვაკეთებდით - ჩვენ შეგვიძლია სამუშაო ადგილების შექმნა, შეგვიძლია საქართველო გავხადოთ გეოპოლიტიკურად აქტიური მოთამაშე, ფინანსური ცენტრი, სამედიცინო ცენტრი, ბიოპროდუქტის წარმოების ცენტრი, სამართლებრივად საარბიტრაჟო ცენტრი და ადგილი, სადაც ჩვენი რეგიონის ფინანსური ნაკადი მოიყრის თავს. ამის თქმის უფლებას მე და ჩემს გუნდს გვაძლევს ჩვენი გამოცდილება და უკვე გაკეთებული საქმეები; ჩვენ საქართველოში უკვე შევქმენით 10 000 სამუშაო ადგილი, მოვიზიდეთ 6 მილიარდი და საერთაშორისო პარტნიორები. “ქართული ოცნების” ხელისუფლებას ამ მიმართულებით ხედვა არ გააჩნია, არ ფიქრობს, რომ ქვეყანა აქტიური ეკონომიკური მოთამაშე გახადოს. ჩვენ არა მარტო სამუშაო ადგილების, ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნაც შეგვიძლია”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

 

“კოლუმბიის უნივერსიტეტში გამოYთვლილი ბედნიერების ინდექსით საქართველო 119-ე ადგილზეა, პირველ ხუთეულში კი შედიან ისეთივე მცირე ქვეყნები, როგორიც საქართველოა: ნორვეგია, ისლანდია, შვეიცარია, ფინეთი და ლუქსემბურგი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ 119-ე ადგილიდან 50-ზე გადავინაცვლოთ და შემდეგ მიზნად ათეულში მოხვედრა დავისახოთ. რაც მთავარია, ჩვენი ამოცანაა, ადამიანი გავხადოთ ჩვენი პოლიტიკის მთავარ ქვაკუთხედად. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული, პოლიტიკოსებისთვის ადამიანები მიზნის მისაღწევი საშუალებაა. ადამიანი უნდა იყოს მიზანი და არა საშუალება. მე ვგულისხმობ ემიგრაციაში მყოფ ქართველებსაც. ჩვენი ემიგრანტები უზარმაზარ ძალას წარმოადგენენ, ამიტომ გვერდით უნდა დავიყენოთ და მათთან ერთად განვავითაროთ ქვეყნის ეკონომიკა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას განვითარების დიდი რესურსი აქვს, “ქართული ოცნება” ვერაფერს აკეთებს ვითარების შესაცვლელად. ვერც გააკეთებს, რადგან მენეჯმენტში გამოცდილება არ გააჩნია.”, - თვლის “ლელოს” ლიდერი.

 

 

“ოცნების” ლიდერის პოლიტიკა ემყარება ტყუილს, გადაგდებას, ტყუილით ქვეყნის მართვა კი არა, ოჯახის წევრებსა და მეგობრებთან ურთიერთობაც არ შეიძლება. 90-იანი წლების რუსეთში ფულის შოვნა კარგ მენეჯერობას არ ნიშნავს. კაცს 1998 წელს ბანკი გაუკოტრდა, ის კი მილიარდერი გახდა. კარგი მენეჯერი სტრუქტურას, სამუშაო ადგილებს ქმნის, ბიუჯეტში ფული შეაქვს, განვითარების პერსპექტივა აქვს და საერთაშორისო პარტნიორები ჰყავს, ივანიშვილს კი არც სამუშაო ადგილები შეუქმნია და არც საერთაშორისო ბიზნესპარტნიორები ჰყავს... არავის ნარატივს არ ვიზიარებ. ლოგიკურად კითხვები გიჩნდება - როდესაც შენი ქვეყანა დამოუკიდებლობისთვის იბრძვის, შენ რუსეთიდან მილიარდები როგორ გამოგატანეს რაიმე ვალდებულების გარეშე? ნახეთ, ვინ არის დღეს ყველაზე დიდი ინვესტორი საქართველოში - პანამელი ინვესტორი. რუსული ფული პანამაში მიდის და იქიდან შემოდის საქართველოში. რატომ მალავს ივანიშვილი ამ ფულის წარმომავლობას? ზღაპრების მოყოლა უნდა დასრულდეს! “ოცნებამ” უკვე საერთაშორისო დონეზე დაამტკიცა, რომ მატყუარაა - ცოტა ხნის წინ საერთაშორისო მასშტაბით დადებული პირობა გატეხა. ცოტა ხნის წინ ქუთაისში სამეცნიერო ცენტრის აშენება და ამ საქმეში მილიარდის ჩადება დააანონსა. იმთავითვე ცხადი იყო, რომ ტყუილი თქვა. უნივერსიტეტის გახსნას მილიარდი არ სჭირდება, ეს გაჭირვებული ხალხის ფსიქოლოგიაზეა გათვლილი”, - განმარტავს მამუკა ხაზარაძე.

 

 

"წყალტუბოს განვითარების პროექტში, რა თქმა უნდა, გვატყუებს. თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ ერთმა ბიზნესმენმა 22 სასტუმრო ააშენოს ან მისი რეაბილიტაცია მოახდინოს? რატომ, რა საჭიროა, ბიზნესმენები დაილია საქართველოში, ან არ გამოჩნდნენ უცხოელი ინვესტორები? ბოლოს და ბოლოს, სასტუმროების რეაბილიტაციაზეა ლაპარაკი, ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე ხომ არა?! ახლავე შემიძლია ჩამოგითვალოთ საქართველოში მცხოვრები 40 ქართველი ბიზნესმენი, რომლებსაც თუ დაუძახებენ, ახლავე შეუძლიათ თითო სასტუმროს რეაბილიტაცია თუ აშენება საკუთარ თავზე აიღონ. ეს მათთვისაც კარგი იქნება და მთელი ქვეყნისთვისაც. მთელი ქალაქი მე მომყიდეთ და მერე იაფად გავყიდიო, ეს ზღაპრები ბევრჯერ მოვისმინეთ და ასეთი მიდგომა არ მუშაობს ნამდვილ ბიზნესში, ნამდვილ ეკონომიკაში. თუ მართლა გინდა რამის გაკეთება, თანასწორუფლებიანი სიტუაცია უნდა შექმნა. დღეს ასეთი თავისუფალი გარემო არ გვაქვს. ვინც ალაგებს ბიძინასთან საქმეს, მშვიდად არის, ვინც არ ალაგებს, აგერ ვარ მე და თქვენ გესაუბრებით”, - ამბობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “თქვენც რომ მოგეხერხებინათ ბიძინა ივანიშვილთან საქმის დალაგება, მაშინაც ილაპარაკებდით ამ პრობლემებზე?” - პასუხობს:

 

 

“ამ ყველაფერს იმიტომ არ ვამბობ, რომ მე შემიქმნეს პრობლემები. 90-იანი წლებიდან მოყოლებული პრობლემებს სულ მიქმნიდნენ. 29 წლის განმავლობაში არაერთ თავდასხმას, შემოტევასა და ზეწოლას გავუძელით. ახლა სხვა რეალობის წინაშე დავდექით -გვითხრეს, რომ ზედმეტად თავისუფლები, ზედმეტად დიდები გავხდით. დამერწმუნეთ, ათიათასკაციანი გუნდით დღემდე ვერ მოვაღწევდით, კრიზისიდან გამოსვლის შესაძლებლობები რომ არ გვქონოდა, მაგრამ არის საკითხები, რომლებზეც ვერავისთან მოილაპარაკებ. ეს საკითხებია - ღირსება და თავისუფლება და როდესაც ამას ეხებიან, წითელი ხაზი ჩნდება. სწორედ ამ წითელმა ხაზმა გააჩერა ანაკლია და ამივსო მოთმინების ფიალა. ხშირად მეუბნებიან, აქამდე რატომ არ შემოხვედი პოლიტიკაში, სად იყავიო? სად ვიყავი და, ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებდი და ვაპირებდი გაგრძელებას. პრობლემა, რომელიც ივანიშვილმა შექმნა, მარტო მე არ შემხებია, ჩემ უკან უამრავი დასაქმებული ადამიანი იყო. კიდევ ბევრის დასაქმებას და არაერთი პროექტის განხორციელებასაც ვაპირებდი. დღეს ბევრ ადამიანს ვხვდები და ვხედავ, რა მძიმე ყოფაში არიან. მინდა მათი ცხოვრების გაუმჯობესებაში მივიღო მონაწილეობა. არ შემიძლია მაღალი ღობით შემოსაზღვრულ გარემოში კომფორტულად ვიცხოვრო და ჩემი ნაცნობ-მეგობრების გაჭირვება გულთან არ მივიტანო”.

 

 

“რაც შეეხება მესამე ძალის ნიშის დაკავებას პოლიტიკურ სივრცეში - სრული პასუხისმგებლობით ვამბობ - ჩვენ გავხდებით მთავარი ძალა. თუ ორ თვეში არ დანიშნეს რიგგარეშე არჩევნები, რიგით არჩევნებამდე დარჩენილი ერთი წელი თავისუფლად გვეყოფა არჩევნების მოსაგებად. თუ საარჩევნო სისტემის შეცვლა არ მოხერხდა, ეს ქვეყნისთვის იქნება ცუდი. უნდა ვეცადოთ და გამოსავალი მოვძებნოთ, თუნდაც გერმანული მოდელის სახით. მასზე ხელისუფლება უარს ამბობს. ამიტომაც უნდა გავაგრძელოთ აქციები და ხელისუფლება ვაიძულოთ, მიიღოს ჩვენი შეთავაზება. მთავარია, საპროტესტო მუხტი არ განელდეს. თუ ვერ გავიმარჯვეთ და მატყუარა ხელისუფლებას ქვეყანა ხელიდან ვერ გამოვგლიჯეთ, მისი განვითარება რამდენიმე წლით შეფერხდება", - დასძენს მამუკა ხაზარაძე.

 

 

წაკითხვა 508 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 25 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.