"დემოკრატიის მბჟუტავი შუქურა რუსეთთან ახლოს" - რას წერს უცხოური პრესა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე?
დასავლეთის პრესა სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობს თბილისში მიმდინარე ანტისახელისუფლო საპროტესტო აქციებს. ამჯერად მკითხველის ყურადღებას მივაპყრობთ იმ სტატიებზე, რომლებიც ორ ცნობილ გამოცემაში - ბრიტანულ გაზეთ Financial Times-ში და ამერიკულ Foreign Policy-ში 28 ნოემბერს გამოქვეყნდა.
"პარლამენტის წინ კარვებია გაშლილი, იქვე შეკრებილი დემონსტრანტები დროშებს აფრიალებენ, პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმი მზადაა შეტევისათვის, სახელმწიფო შენობების კარებს კი ჯაჭვები ახვევია და ბოქლომები ჰკიდია", - ასე არის აღწერილი თბილისში, რუსთაველის გამზირზე შექმნილი ვითარება ბრიტანულ Financial Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით: "საქართველო ანტისამთავრობო პროტესტებითაა შეძრული" (სტატიის ავტორი - სალომე ფხალაძე, თბილისიდან).
პუბლიკაციაში გადმოცემულია აქციების როგორც მიზეზი (მმართველი პარტია "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ არ შეასრულა ოპოზიციისადმი მიცემული დაპირება საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარების თაობაზე), ასევე აქციების მიზანი და მოთხოვნები (დემოკრატიის გაღრმავება, ქვეყნის წინსვლა, ვადამდელი არჩევნები), მონაწილეთა რაოდენობა (20 ათასი ადამიანი), აგრეთვე პოლიციის სპეცრაზმის მიერ აქციის დაშლისას დაკავებულ-დაშავებულთა რიცხვი - დააკავეს 25, დაშავდა 3 ადამიანი.
"პროტესტების ეს ტალღა მმართველი პარტიისათვის ყველაზე დიდი გამოწვევას წარმოადგენს 2012 წლის შემდეგ, როცა "ქართულმა ოცნებამ" მიხეილ სააკაშვილის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დაამარცხა", - ხაზგასმულია პუბლიკაციაში.
"დემონსტრანტების მთავარი ლოზუნგი "ყველა ერთის წინააღმდეგ" - "ერთში" იგულისხმება მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, "ქართული ოცნების" ლიდერი, რომელმაც თავისი ქონების დიდი ნაწილი რუსეთში დააგროვა. კრიტიკოსები ყოფილ პრემიერ ივანიშვილს ბრალდებას უყენებენ, რომ იგი ქვეყანას კულისებიდან მართავს. ამასთან, "ქართული ოცნება" აცხადებს, რომ მას ქვეყანა პროდასავლური კურსით მიჰყავს და მხარს უჭერს ინტეგრაციის გაღრმავებას ევროკავშირთან და აშშ-სთან, თუმცა თავის მხრივ, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მმართველ პარტიას რუსეთისადმი ზედმეტად ლოიალობაში ადანაშაულებენ", - აღნიშნავს ავტორი.
სტატიაში დიდი ადგილი ეთმობა ამჟამინდელი საპროტესტო აქციების წინაისტორიას - თბილისში ივნისში გამართულ მიტინგებს, რომლებსაც ანტირუსული ხასიათი ჰქონდა. "მიტინგები პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა, ოპოზიციამ კი საპასუხოდ შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა მოითხოვა. თუმცა იგი პიქიით - პრემიერ-მინისტრად დანიშნეს, რის გამოც მმართველმა პარტიამ მხარდამჭერებში ნდობა დაკარგა", - წერს ავტორი, - "აქციები რომ გაფართოებულიყო, ხელისუფლებამ ოპოზიციას და ამომრჩევლებს საარჩევნო სისტემის შეცვლა შესთავაზა, რომლის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარდებოდა. თუმცა მოულოდნელად მმართველი პარტიის დეპუტატებმა აზრი შეიცვალეს და შესაბამისი კანონპროექტი არ მიიღეს".
პუბლიკაციის ავტორი ხაზს უსვამს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების გადაწყვეტილებამ დასავლეთის კრიტიკა გამოიწვია" და ამის დასადასტურებლად ევროკავშირის წარმომადგენლობისა და აშშ-ის საელჩოს ერთობლივ განცხადებას იმოწმებს.
სტატიის დასასრულს ციტირებულია "ქართული ოცნების" გენერალური მდივნის კახა კალაძისა და ოპოზიციური "ევროპული საქართველოს" ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებები: პირველის თქმით, "დღეს არსებული საარჩევნო სისტემა სრულიად დემოკრატიულია და მისი შენარჩუნება დემოკრატიულ პრინციპებს შეესაბამება. ეს ჩვენი საბოლოო გადაწყვეტილებაა", მეორის აზრით კი, "მმართველმა პარტიამ საარჩევნო რეფორმისაგან უკან დაიხია და ხელისუფლების უზურპირება მოახდინა. ჩვენ მშვიდობიან აქციებს არ შევწყვეტთ მანამ, სანამ მმართველი პარტია კომპრომისზე არ წამოვა".
უფრო კრიტიკული პათოსით გამოირჩევა ამერიკულ Foreign Policy-ში გამოქვეყნებული ვრცელი სტატია სათაურით "დემოკრატიის მბჟუტავი შუქურა რუსეთთან ახლოს: ქართველები შიშობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია "ქართული ოცნება" ხელისუფლებას გაამკაცრებს" (ავტორი - ემი მაკინონი).
"დემოკრატიის კუნძული" - ეს ერთ-ერთია იმ სახელთაგან, რომელიც საქართველომ მიიღო ბოლო 15 წლის განმავლობაში იმ მიზეზით, რომ ის რუსეთთან მდებარე "არშემდგარი სახელმწიფოდან" დემოკრატიულ ქვეყნად გადაქცევა დაიწყო... მაგრამ საქართველოში ბევრი ფიქრობს, რომ დიდი შრომით განხორციელებული რეფორმები შესაძლოა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს, რადგან მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის პარტია ნელ-ნელა ხელისუფლებას ამკაცრებს - მის სამიზნეშია მსხვილი ბიზნესი, ოპოზიციური მასმედია და პოლიტიკური მეტოქეები. საქართველოს დემოკრატიული მონაპოვრების შეზღუდვა იმ რისკის საფუძველს იძლევა, რომ ქვეყანა უფრო მოწყვლადი გახდება რუსეთის - ჩრდილოელი რევანშისტული მეზობლის - წინაშე", - აღნიშნულია ამერიკული გამოცემის პუბლიკაციაში, რომელშიც, ბრიტანული Financial Times-ის მსგავსად, ასევე ვრცლადაა გადმოცემული ნოემბრის აქციების მიზეზები, მათი ივნისის წინაისტორია და ის მოთხოვნები, რომელსაც ოპოზიცია აყენებს.
ავტორი თავის სტატიაში განსაკუთრებით დიდი ადგილს უთმობს ბიძინა ივანიშვილის პიროვნებას, მის საქმიანობას რუსეთში (როცა იქ კანონი არ კანონობდა და ყველა იმას აკეთებდა, რაც სურდა), მის ქონებას და სახლ-კარს "პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაში ოლიგარქი და დემოკრატიული პოლიტიკა ცუდად იყო ერთმანეთთან შეთავსებული, თუმცა "ქართული ოცნების" მმართველობის პირველი წლებიდან დღემდე დემოკრატიული პრინციპები მეტ-ნაკლებად შენარჩუნებული იყო. ახლა კი დამკვირვებლები შიშობენ, რომ "ქართული ოცნება" და მისი მდიდარი ლიდერი შეეცდება მომავალ წელს დაგეგმილი არჩევნების წინ ძალაუფლება განიმტკიცოს.
"როცა "ქართულმა ოცნებამ" იგრძნო, რომ ხელისუფლებას დაკარგავდა, მმართველმა პარტიამ წითელი ხაზების გადაკვეთა დაიწყო, ხელისუფლების შესანარჩუნებლად", - ამბობს ეკა გიგაური, Transparency International Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი.
"ამ მხრივ საგანგაშო სიგნალი იყო გასულ წელს გამართული საპრეზიდენტო არჩევნები, რომლის წინ, ცხრა დღით ადრე ბიძინა ივანიშვილის ორგანიზაციამ გამოაცხადა, რომ ნახევარ მილიონზე მეტ მოქალაქეს (ანუ ამომრჩეველთა თითქმის 17%-ს) საბანკო ვალებს გადაუხდიდა... როგორც უცხოელმა დამკვირვებლებმა აღნიშნეს, მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერი პრეზიდენტობის კანდიდატი აშკარა და გაუმართლებელი უპირატესობით სარგებლობს", - წერს ავტორი და იქვე ციტირებს დევიდ კრამერის (აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის) სიტყვებს: "[იმ არჩევნებში] ქართული ოცნება" ძალაუფლების კონსოლიდაციით იყო შეპყრობილი".
ავტორი ყურადღებას ამახვილებს მმართველი პარტიისადმი მიმართულ კრიტიკაზე, რომელიც მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო - მას შემდეგ, რაც ტელეარხი "რუსთავი-2"-, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებით, მის ყოფილ მფლობელს - ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირს - დაუბრუნდა: არხიდან გათავისუფლებული იქნა რამდენიმე ცნობილი ჟურნალისტი, რომლებიც მმართველ პარტიას აკრიტიკებდნენ (ავტორი იმოწმებს რადიო "თავისუფლების" ინფორმაციას). "რუსთავი-2"-ის ათობით ჟურნალისტი სამუშაოდ ახლად შექმნილ არხში გადავიდა.
უკვე ერთი წელია, რაც არასამთავრობო ორგანიზაცია Transparency International Georgia საგანგაშოდ აცხადებს, რომ საქართველოს მმართველი პარტია ხელისუფლების უზურპაციას ახდენს - ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა სულ უფრო მეტ გავლენას ახდენენ სახელმწიფო სტრუქტურებზე - სიტუაცია ზოგჯერ აბსურდამდე მიდის: სექტემბერში მისი ყოფილი პირადი მცველი მინისტრად მეორედ დაინიშნა, გენერალური პროკურორი ივანიშვილის ადვოკატი იყო, ჯანდაცვის მინისტრი კი იმ საავადმყოფოს დირექტორი, რომელიც ივანიშვილმა მშობლიურ ქალაქში ააშენა.
"ჩვენ შეშფოთებულნი ვართ იმით, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები უუნარონი არიან წინააღმდეგობა გაუწიონ ამ ერთი ადამიანის ზეგავლენას", - ამბობს Transparency International-ის წარმომადგენელი.
"ქართული ოცნება" დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა დასავლეთთან და რუსეთთან ურთიერთობის დაბალანსებას, თუმცა მისი ასეთი პოლიტიკა საეჭვო გახდა იმ ფონზე, როცა მთავრობა არაფერს აკეთებს რუსეთიდან წამოსული დეზინფორმაციისა და "მცოცავი ოკუპაციის" წინააღმდეგ.
როგორც ეკა გიგაური აცხადებს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ["ქართული ოცნების" ხელისუფლებისათვის] ლაკმუსის ქაღალდი იქნება: "ჩვენ დავინახავთ, თუ რომელი მიმართულებით წავა საქართველო - რუსეთისაკენ თუ დასავლეთისაკენ", - ამბობს იგი.
რამდენადაც ქუჩის საპროტესტო აქციები, როგორც ჩანს, გაგრძელდება, Amnesty International-მა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ხელისუფლებას მოუწოდა თავი შეიკავოს ძალის გადაჭარბებული გამოყენებისაგან და ხალხს პროტესტის გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოს.
დევიდ კრამერი, რომელიც ამჟამად მაკკეინის ინსტიტუტში მუშაობს, აღნიშნავს, რომ გარკვეული შიშის მიუხედავად, იგი მაინც დარწმუნებულია ქართული საზოგადოების ნების სიმტკიცეში. "ქართველები საოცარი ხალხია, - ამბობს დევიდ კრამერი, - ვფიქრობ, რომ მათი უმეტესი ნაწილი მტკიცედ არის განწყობილი დემოკრატიის მიმართ. მათ აჩვენეს, რომ შეუძლიათ ქუჩაში გამოსვლა პროტესტის გამოსახატავად მაშინ, როცა ხედავენ, რომ ქვეყანაში საქმე კარგად არ მიდის".
მოამზადა სიმონ კილაძემ
სიახლეები
- ,,სალომე ზურაბიშვილს თავი ფარაონი ჰგონია"- გურამ მაჭარაშვილი
- ,,ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, ხალხს მოუსმინონ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,შევდივარ ოპოზიციის მდგომარეობაში, რთულია ყოველდღე აქციები ატარო, თან როცა ქუჩის ქარიზმატული ლიდერები არ გვყავს"- გია ხუხაშვილი
- ,,იდიოტიზმს, რომელიც ახლა აქვთ მოწყობილი, იმ უიდეობას, რომელიც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება, სჯობს, დროზე შევიდნენ პარლამენტში"- იაგო ხვიჩია
- ძლიერ ქარიშხალს ორი ადამიანი ემსხვერპლა ვაშინგტონში