“ძალის დემონსტრირება თუ 2012 წლის ნოსტალგია?!”
“მიუხედავად იმისა ყველა მშვენივრად ხვდება, რომ ეს “მაჟორიტარების ამბოხი” ხელოვნურად შექმნილი ე.წ. შიდაპარტიული კრიზისი იყო, ისინი მაინც ჯიუტად აგრძელებენ ამ სცენარით მოქმედებას.
ახლა მხოლოდ თავს იტყუებენ, თორემ სხვა აღარავინ ტყუვდება არც ქვეყნის შიგნით და არც - გარეთ. ეს გამოჩნდა ჩვენი უცხოელი პარტნიორების ძალიან მწვავე განცხადებებში. “ქართული ოცნება” აფექტის მდგომარეობაშია. თავის სამყაროში შეიკეტნენ, შექმნეს საკუთარი რეალობა, გარე სამყაროსთან კონტაქტი კი, ფაქტობრივად, სრულად დაკარგეს. რა ლოგიკას ეფუძნება მათი ეს ინიციატივა? ჩემი აზრით, მათ კიდევ ერთხელ სცადეს, დაემტკიცებინათ, რომ ეს “მაჟორიტარების ბუნტი” იყო რეალური; გარდა ამისა, მათი მოტივია ისიც, რომ სერიოზული დისკომფორტი ექმნებათ ე.წ. ადაპტირებული გერმანული მოდელის იდეით; ხვდებიან, რომ მის არაკონსტიტუციურობაზე ლაპარაკი არადამაჯერებელია, ამიტომ ცდილობენ, შექმნან ალტერნატიული, საპირისპირო დღის წესრიგი და ამით გადაფარონ საერთო კონსენსუსის ძიების საკითხები”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ძალის დემონსტრირება თუ 2012 წლის ნოსტალგია?!”
“აი, ასე ინფანტილურად იქცევიან. ამ ტაქტიკურ მანევრს რომ თავი დავანებოთ, არსებობს მთავარი კითხვა: რა შიშის საფუძველზე გამოვიდნენ ამ ცვლილებების ინიციატივით და რატომ ელიან, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შეიქმნება ისეთი კრიზისი, რომ აუცილებელი გახდება რიგგარეშე არჩევნების ჩატარება?! საქმე ის არის, რომ ამგვარი კრიზისი ვითარდება იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება კარგავს ლეგიტიმაციას... როგორც ჩანს, 2020 წლის არჩევნებზე აპირებენ ისეთ რამეს, რის მერეც, ფიქრობენ, რომ რიგგარეშე არჩევნები გახდება საჭირო და ახლა ცდილობენ, ამ რიგგარეშე არჩევნებზეც ისევ მაჟორიტარების ხარჯზე როგორმე შეინარჩუნონ ძალაუფლება. აი, ასეთ აბსურდამდე მივიდა ყველაფერი. დღეს ისინი ცდილობენ, საკუთარი აფექტის, შიშის სამყაროში აცხოვრონ მთელი ქვეყანა; ჩაიკეტნენ მყიფე წრეში და ვინც ამ წრის გარეთ არის, “ნაციონალად” აცხადებენ. მთელი სამყარო - ქვეყნის შიგნით და გარეთ - რომელსაც არ ჰქვია “ქართული ოცნება”, მათთვის იქცა “ნაციონალურ მოძრაობად”. მათი გადმოსახედიდან მთელი სამყარო არის მტერი, ბოროტი ძალა და ეს პატარა “ქართული ოცნება” ამ ბოროტებას ებრძვის. ყველაზე სახიფათო ის არის, რომ ეს ხდება აფექტის მდგომარეობაში, რაც კარგად გამოჩნდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის კენჭისყრის დღეს პარლამენტში მომხდარ ინციდენტში”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
“შეიძლება ეს ყველაფერი შევაფასოთ ასე - ჩვენ ვიხილეთ აფექტის ეფექტი! ძალიან მძაფრი და უსიამოვნო სუნის სითხის მიზანმიმართულად დაღვრა იყო მდაბიო საქციელი... ნამდვილად მიუღებელია პროტესტის ისე გამოხატვა, როგორც ვიღაცამ გადაწყვიტა და იმედია, გაირკვევა, ეს ვინ ჩაიდინა, როგორც გაირკვა, ეს ჯანმრთელობისთვის უვნებელი ნივთიერებაა, თუმცა ვნახეთ, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატები ცუდად გახდნენ... როცა რაღაცის ძალიან გეშინია, ნებისმიერ გაფაჩუნებაზე ცუდად ხდები. ამის მერე ან რა განცხადებები გაკეთდა, ან რა მუხლით აღძრეს საქმე!.. მოკლედ, ეს ტრაგიკული არ იქნებოდა, ეს პარტია ხელისუფლებაში რომ არ იყოს...”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ქართული ოცნების" რთულ მდგომარეობას კარგად ხედავენ ჩვენი უცხოელი პარტნიორებიც. უკვე ვახსენე მათი მკაცრი შეფასებები; მათ შორის ვნახეთ ევროსაბჭოს მონიტორინგის ჯგუფის მწვავე განცხადებაც. პარადოქსია, რომ ამ განცხადების ფონზე ხელისუფლებამ გადაწყვიტა, მხარდამჭერთა მაქსიმალური მობილიზებით ეზეიმა ევროსაბჭოს თავმჯდომარეობა... ეს იყო კარგად ორგანიზებული აქცია. რეგიონებიდან ბევრი ხალხის ჩამოყვანა შეძლეს. ეს “ქართულ ოცნებას” არც გაუჭირდებოდა - მათ ხომ, ფაქტობრივად, შეუზღუდავი ფინანსური რესურსები აქვთ! ამგვარ აქციაზე ადამიანის წასაყვანად არ არის საჭირო მუქარა, რადგან საჯარო სამსახურში დასაქმებულმა იცის, რომ თუ არ წავა, შეიძლება პრობლემები შეექმნას. ეს არ ყოფილა სახალხო შეკრება. თვითონ კი ცდილობენ, ეს აქცია ძალის დემონსტრაციად წარმოაჩინონ, მაგრამ ასეც ნუ დაიიმედებენ თავს! თვითონ ყველაზე კარგად იციან, როგორ მიიყვანეს ეს ხალხი თავისუფლების მოედანზე. ეს იმ მუხტის აქცია არ ყოფილა, დიდხანს რომ გაჰყვეს “ქართულ ოცნებას - მოგეხსენებათ, არსებობს ახალი კვების წყარო, მაგრამ გვინახავს ენერგიისგან დაცლილი კვების წყაროც, რომელსაც ჭეჭყავენ. ეს აქცია სწორედ დაჭეჭყილ გენერატორს ჰგავდა”, - მიიჩნევს ექსპერტი.
“რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის სიტყვას, კარგად გამოჩნდა, რომ მას 2012 წლის ნოსტალგია აქვს, იმ დროში უნდა დაბრუნება, როცა ის ხალხს უყვარდა და კომფორტულად გრძნობდა თავს. ივანიშვილს ბევრი ხალხის დანახვა ესიამოვნა, თუმცა, ალბათ, ხვდება, რომ ეს არ არის ის, რაც 2012 წელს იყო. მისი განცხადება - ჩვენ კვლავაც ერთგული ვართ 2012 წლის იდეალებისო, ცინიკურია. რა იდეალებზეა ლაპარაკი, როცა არც ერთი მაშინდელი დაპირება “ქართულ ოცნებას” არ შეუსრულებია?! ეს განსაკუთრებით დამცინავად ისმის მას შემდეგ, რაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცებისას მოხდა, როცა ბიძინა ივანიშვილი, ფაქტობრივად, სააკაშვილის რეჟიმის ძალადობრივი სისტემის სამართალმემკვიდრე გახდა. საინტერესოა, რომელ იდეალს უერთგულა? მაშინ “ქართული ოცნების” საბრძოლი დროშაზე გირგვლიანი ეწერა, დღეს კი გირგვლიანის საქმის მოსამართლე ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით უვადო მოსამართლედ არის გამწესებული... არ ვიცი, რას გულისხმობს, როცა ამბობს, რომ ძველი იდეალების ერთგულია. გულში შეიძლება კარგ რამეებს ფიქრობს, მაგრამ საქმით მან ნამდვილად უღალატა 2012 წლის იდეალებს”, - დაასკვნის გია ხუხაშვილი.
“ბიძინა ივანიშვილს ძალიან აშინებს ძალაუფლების დაკარგვა. პროპორციული არჩევნების დაპირების შეუსრულებლობით მან ძალიან სერიოზული დარტყმა მიიღო, რადგან მისთვის სიტყვის კაცის რეპუტაცია ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ძალაუფლების დაკარგვის შიში იმხელა აღმოჩნდა, ამაზეც კი უარი ათქმევინა. როცა მას წინ დაუდეს ე.წ. “ამბოხის” სცენარი და არწმუნებდნენ, ხუნდაძე ამბოხდება და პასუხისმგებლობა მაჟორიტარებზე გადავა, შენკენ კი ხელს არავინ გამოიშვერსო, მან დაიჯერა, დაიჯერა, რომ საზოგადოება ამას “ჭამდა” და ის საქმიდან სუფთად გამოვიდოდა... მას რეალობის ოდნავი შეგრძნება რომ ჰქონოდა, ამას არ დაიჯერებდა... ადამიანებმა, რომლებიც მას უქმნიან ალტერნატიულ რეალობას, დაინახეს, როგორ ეშინია ივანიშვილს ძალაუფლების დაკარგვის და მას შესთავაზეს ე.წ. გამოსავალი. ამ პროვინციული სპექტაკლის სცენარის ეფექტურობაში დაარწმუნეს და გადაადგმევინეს მისთვის, როგორც ხელისუფალისა და პოლიტიკოსისთვის კი არა, როგორც პიროვნებისთვისაც ფატალური ნაბიჯი”, - ამბობს რესპონდენტი.
“ვაჟა გაფრინდაშვილის გამო, როგორც ჩანს, ხელისუფლებას პრობლემა ექმნება. ალბათ, გუნდის შიგნითაც იკითხეს, სად მიდიოდა ეს კაცი, რა უნდოდაო?.. სწორედ ეს განწყობა გამჟღავნდა ახლა - ხელისუფლებას იმედი ჰქონდა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს 14 დეკემბრისთვის, ანუ მათი აქციისთვის გაათავისუფლებდნენ, რის შემდეგაც მიტინგზე გამოიყვანდნენ და გმირად გამოაცხადებდნენ. რადგან ეს არ მოხდა, არენაზე გამოვიდა კუხიანიძე და ექიმი პროვოკატორად გამოაცხადა. მათი მორალი ნახეთ! თუ გაფრინდაშვილი მათ რიგებში აღმოჩნდებოდა, ის გმირი იქნებოდა, თუ არა და... ხომ ხედავთ, მათი პარტიული გაგებით რა მანძილია გმირობიდან პროვოკატორობამდე... აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილს არაფერი უთქვამს ვაჟა გაფრინდაშვილზე - კალაძემ და გახარიამ გააკეთეს განცხადებები და, როგორც ჩანს, ეს საკმარისად მიიჩნიეს. თუმცა ბიძინა ივანიშვილი ეჭვიანი კაცია და არ გამოვრიცხავ, ვაჟა გაფრინდაშვილის ქცევა გვარიანად აეჭვებდეს. მას, სავარაუდოდ, აქვს კითხვები, რომლებზეც უსაფრთხოების სამსახური დამაკმაყოფილებელ პასუხს ვერ სცემს. ალბათ, რაღაც თეორია ექნება... არ გამოვრიცხავ, ისიც “ნაციონალად” მიიჩნიოს”, - თვლის ექსპერტი.
“სასამართლო სისტემის სრული კონტროლის სურვილიც ძალაუფლების შენარჩუნების წყურვილით არის განპირობებული. დღეს “ქართული ოცნება” აღარ არის ის პარტია, რომელიც თავის დროზე დაარსდა. შეიძლება ითქვას, რომ მოხდა მისი სრული რებრენდინგი. ამის ბოლო ელემენტი სასამართლო სისტემა იყო. მართლმსაჯულების იმავე სახით დატოვება და მასთან ინტეგრირება ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივ მემკვიდრედ გამოაცხადა თავი, ანუ მთლიანად აიღო პასუხისმგებლობა იმ სისხლიან ცხრა წელზე. მას სააკაშვილის რეჟიმის არც ერთი ატრიბუტი არ დაუთმია. შეიძლება გაჩნდეს კითხვა: რატომ უღირს ხელისუფლებას ასეთი ზიანის მიღებად ამ ადამიანების შენარჩუნება? ხომ შეიძლებოდა სხვები მოეყვანოთ?! ალბათ, არც ისინი იტყოდნენ უარს პოლიტიკური შეკვეთების შესრულებაზე. საქმე ის არის, რომ ამ ხნის განმავლობაში ხელისუფლებას კონკრეტული ადამიანების მიმართ ვალდებულებები გაუჩნდა. მათ უკვე აქვთ კომპრომატები ხელისუფლებაზე და თუ გუდას პირი მოხსნეს, ვინ იცის, რას ილაპარაკებენ, ისინი ხელისუფლებას უყენებენ ულტიმატუმს...”, - დასძენს გია ხუხაშვილი და შეკითხვაზე - “საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიპლომატების ინიციატივით დაწყებული მოლაპარაკებების მესამე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა...” - პასუხობს:
“გამომდინარე იქიდან, რომ "ქართულ ოცნებას” პოლიტიკურ დღის წესრიგში აქვს მხოლოდ ერთი საკითხი - ძალაუფლების შენარჩუნება, ამის ერთადერთ გზად კი შერეულ საარჩევნო სისტემას მიიჩნევენ, მეეჭვება, რამე დათმონ. ნებისმიერი ცვლილების შესაძლებლობა მათ შიშს ამძაფრებს და, შესაბამისად, ისინი ბოლომდე იბრძოლებენ, რომ არსებული სისტემა შეინარჩუნონ. ამ ვითომ ხუნდაძის ხმაურისა და ხალხში გასვლის მუქარის მიზეზი სწორედ ეს არის, ანუ ამით ოპოზიციასა და საზოგადოებას ეუბნებიან, გაჩერდით, ნურაფერს ითხოვთ, თორემ უარესს მიიღებთ - საერთოდ მაჟორიტარულ სისტემას შემოვიღებთო... ტრაგიკომიკურია ეს შანტაჟი, არადა, სივრცე კონსენსუსისთვის საკმაოდ ვრცელია. მათ მხოლოდ იძულებით შეიძლება დათმონ რამე. ასეთი იძულებისთვის მზად არის თუ არა ქართველი საზოგადოება და საერთაშორისო თანამეგობრობა, არ ვიცი. ფაქტია - `ქართული ოცნება~ მიიჩნევს, რომ დღეს მათთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი დგას. ამ დიალოგის პროცესში გარკვეულ მანევრებს, ალბათ, გააკეთებენ, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ისინი კვლავაც ეცდებიან, აჭრან, აურიონ ყველაფერი და მღვრიე წყალში თევზი დაიჭირონ”.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი