ხელისუფლების შეთავაზება ოპოზიციას და ბოლო ვადა 9 მარტი - ვინ დათანხმდება ახალ ინიციატივას
“საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლება ოპოზიციას ორ ვარიანტს სთავაზობს, - 100/50-ზე და 110/40-ზე. თუმცა ოპოზიციური სპექტრისთვის ორივე შეთავაზება მიუღებელია, რადგან, მათი თქმით, ეს წინადადება პროპორციულ სისტემასთან მიახლოებული არ არის. ამასთან, “ქართული ოცნებამ” ოპოზიციას შესთავაზა საარჩევნო ბარიერი თავად დაასახელოს. პატარა პარტიებს კი ურჩევს ეს შანსი გამოიყენონ იმისათვის, რომ პარლამენტში მოხვდნენ. თუკი ოპოზიციის უმრავლესობისთვის ხელისუფლების წინადადება მისაღები იქნება, შესაძლოა სწორედ მათთან მოხდეს შეთანხმება და ამ შემთხვევაში ერთი ან ორი პარტიის აზრს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ მიენიჭება. ოპოზიციონერი ლიდერების აზრით, საარჩევნო ბარიერის დასახელებასთან დაკავშირებით ახალი შეთავაზება ოპოზიციის დაყოფის მცდელობაა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ხელისუფლების შეთავაზება ოპოზიციას და ბოლო ვადა 9 მარტი - ვინ დათანხმდება ახალ ინიციატივას.
“ოპოზიციის გარკვეული ნაწილისთვის საარჩევნო ბარიერს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს და აღნიშნავს, რომ სხვა უფრო საჭირბოროტო საკითხებია მოსაგვარებელი. “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის სერგი კაპანაძის თქმით, საარჩევნო ბარიერის დასახელების შესახებ გაკეთებული განცხადება პატარა პარტიების გადაბირებას ემსახურება. “საარჩევნო ბარიერი საერთოდ თემა არ არის ჩვენთვის, ეს ერთი იქნება, ორი თუ სამი, არ გვაინტერესებს. ამით უნდათ რომელიღაცა პატარა პარტია, რომელსაც ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვს, დაითანხმონ, მაგრამ ჯამში, ოპოზიციური ერთობა იმ ორ საკითხზე, რაც არის პროპორციული არჩევნები და პოლიტიკური დევნის დამთავრება, იგივე რჩება”, - ამბობს კაპანაძე. 110/40-ზე სისტემა ასევე მიუღებელია “ნაციონალური მოძრაობისთვის”. „110/40-ზე მიუღებელია ოპოზიციისთვის. ჩვენთვის მისაღებია პროპორციულთან მიახლოებული სისტემა, რომელიც არ არის 110/40-ზე. რადგან ხელისუფლებამ საზოგადოება მოატყუა 150/0 სისტემის შემოღების შესახებ, კეთილი ინებონ და ისეთი სისტემა შემოიტანოს, რომელიც ოპოზიციისთვის მისაღები იქნება... საარჩევნო ბარიერს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს - ბარიერი იქნება ის, რაზეც პარტიების უმრავლესობა შეჯერდება. ჯერ არაფერია, არც ზეპირად და არც დოკუმენტურად”, - თქვა რომან გოცირიძემ. რაც შეეხება “პარტიოტთა ალიანსს”, თანახმაა გაიზიაროს და მიიღოს ის შეთავაზება, რასაც უმცირესობის უმრავლესობა გადაწყვეტს. თუკი ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილი თანახმა იქნება 110/40-ზე, თავადაც დათანხმდება, თუმცა ამას მთელი რიგი ცვლილებები უნდა მოჰყვეს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“წარვადგინეთ 135/15-ზე სისტემა, რომელიც მისაღებია, რადგან ყველა რეგიონს უნდა ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი. რაც შეეხება 110/40-ზე შეთავაზებას, უფრო მეტი პროპორციულობისკენ მიდის და თუ ამას ექნება შესაბამისი ბარიერი, ასევე შემაკავებელი ბარიერი, ამ შემთხვევაში არ არის გამორიცხული, მხარი დავუჭიროთ. არ გვინდა საერთო კონსენსუსი ჩავშალოთ. თუ სხვა პოლიტიკური ძალებისთვის ეს მისაღები იქნება, ჩამოვყალიბდებით ამის მხარდაჭერაზე, ოღონდ მხოლოდ ეს პუნქტები არ განსაზღვრავს საარჩევნო სისტემას, უნდა შეიცვალოს საარჩევნო გარემო. ველოდებით ამ ყველაფრის ფურცელზე გადატანას. ყველა საკითხს აქვს თავისი წონა. უმთავრესი საკითხი არის პროპორციული სისტემა. მზად ვართ საერთო კონსენსუსისთვის. რასაც გვთავაზობენ, პირველ რიგში ველოდებით ხელისუფლებისგან ამის ფურცელზე გადატანას კანონპროექტის სახით”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას “პარტიოტთა ალიანსის” წარმომადგენელი გოჩა თევდორაძე.
“ცნობისათვის ხელისუფლებამ ოპოზიციას ვადა 9 მარტამდე მისცა. საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, თუკი საბოლოო შეთანხმება ვერ მოხდება, ძველი შერეული სისტემა დარჩება. ხელისუფლებისა და ოპოზიციის არაფორმალური შეხვედრების დასრულების შემდეგ, რომელიც გასულ კვირას ჩატარდა, ორივე მხარე რადიკალურად განსხვავებულ და თითქმის საპირისპირო მოსაზრებას აჟღერებდა. კერძოდ, „ოცნება" იმედოვნებს, რომ შეთანხმება შედგება, თუმცა ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ეჭვობს, ხელისუფლებასთან რაიმე კონკრეტულ შეთანხმებას მიაღწიონ. 28 თებერვალს საქართველოში გერმანიის ელჩის რეზიდენციაში მმართველი გუნდის, ოპოზიციისა და დიპლომატების არაფორმალური შეხვედრა გაიმართა. 27 თებერვალს ევროკავშირის საელჩოს ორგანიზებით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მსგავსი შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის რეზიდენციაში ჩატარდა”, - დასძენს გამოცემა.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი