"ვირუსის საფრთხემ, გვაჩვენა რომ ნელ-ნელა ვახერხებთ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას. ეს გამოჩნდა ბევრი რამით, მათ შორის - საკუთარ მოქალაქეებთან დამოკიდებულებით"
ახალი კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების საფრთხემ მსოფლიოშიც და ჩვენთანაც, შეიძლება ითქვას, ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკურ-საზოგადოებრივი პროცესი გადაფარა.
მედიკოსთა თქმით, COVID-19-ით გამოწვეული დაავადება მხოლოდ ინფიცირებულთა 5%-თან თუ მიმდინარეობს გართულებებით, გარდაცვალების შემთხვევები კი 2.3%-ს არ აღემატება. ამის მიუხედავად, ინფექციის გავრცელების სისწრაფე და მასშტაბი მსოფლიოს საგონებელში აგდებს. მოგეხსენებათ, საქართველოშიც უპრეცედენტო ზომებია მიღებული, გადაიდო სწავლა ბაღებში, სკოლებსა და უნივერსიტეტების ნაწილში. შეწყვეტილია საჰაერო მიმოსვლა ჩინეთთან, იტალიასა და ირანთან; ამ უკანასკნელთან დროებით შეჩერებულია სახმელეთო კავშირიც. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა და დღეს ქვეყანაში 23 ინფიცირებულია. როგორ ართმევს თავს საქართველო ამ კრიზისულ ვითარებას? - გვესაუბრება ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე:
- უპირველესად ვიტყვი, რომ ამგვარი გასაჭირისას ყველაზე კარგად გამოჩნდება ხოლმე, როგორ სჭირდება ქვეყანას პროფესიონალები. მადლობა ღმერთს, რომ ამ სფეროში თავისი საქმის არაერთი კარგი მცოდნე გვყავს. დაახლოებით ერთი წლის წინ მომეცა საშუალება, დამეთვალიერებინა ლუგარის ლაბორატორია და აღფრთოვანებული დავრჩი ამ დაწესებულებით. კიდევ კარგი, რომ ეს ლაბორატორია გვაქვს. სხვა შემთხვევაში, ვფიქრობ, გაცილებით უარეს დღეში აღმოვჩნდებოდით.
ჩემი აზრით, ბოლო დღეებმა და ვირუსის საფრთხემ გვაჩვენა, რომ ნელ-ნელა ვახერხებთ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას. ეს გამოჩნდა ბევრი რამით, მათ შორის - საკუთარ მოქალაქეებთან დამოკიდებულებით. შეიძლება ითქვას, რომ არსად, არც ერთ სხვა სახელმწიფოში, ჩვენი მოქალაქეები არავის მიუტოვებია ბედის ანაბარა. როგორც ვიცი, ჩამოიყვანეს ადამიანები ჩინეთიდან, ხოლო მათ, ვინც დღემდე იქ არიან, ჩვენი დიპლომატიური სამსახური აქცევს ყურადღებას.
მართალია, შეწყდა ფრენები იტალიასთან, მაგრამ იქ მყოფი ჩვენი მოქალაქეების ჩამოყვანაზეც სახელმწიფომ იზრუნა. ჩვენმა ჯანდაცვის მინისტრმა დაიბარა იტალიის ელჩი და უშუალოდ მისგან მოისმინა ინფორმაცია ამ ქვეყანაში დაინფიცირებული ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
ამასთანავე, ვფიქრობ, რომ ჩვენ უფრო მომზადებული დავხვდით ამ ინფექციას, ვიდრე თუნდაც იტალია. იტალიაში ორიოდე დღის წინ დაიკეტა სკოლები, არადა, კარგა ხნის წინ უნდა გადაედგათ ეს ნაბიჯი. გავიხსენოთ, რა ხდება საფრანგეთში - ეროვნული ასამბლეის, ანუ პარლამენტის წევრები დაავადდნენ, ამ დაწესებულების კაფეტერიის რამდენიმე თანამშრომელსაც დაუდგინდა კორონავირუსის ინფექცია. გამოდის, რომ დროულად არ მიიღეს ზომები და სანიტარიული წმენდა ლუქსემბურგის სასახლეშიც კი არ ჩატარდა.
მიუხედავად იმისა, რომ ვირუსით გამოწვეული ავადმყოფობა მსუბუქია და მხოლოდ 5%-ის შემთხვევაში მიმდინარეობს მძიმედ, მისი გავრცელების არეალი ძალიან ფართოა, რაც გახდა მსოფლიოს შეშფოთების მიზეზი.
დღეს უმნიშვნელოვანესია, გამოვიჩინოთ მაღალი მოქალაქეობრივი შეგნება. ხომ ვნახეთ, ერთმა დაუდევარმა საქციელმა რამდენი ადამიანი დააინფიცირა!
ცნობილი გახდა, რომ ინფიცირებულთა შორის არის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ვაჟი. მინდა მას და ყველა პაციენტს ვუსურვო სწრაფად გამოჯანმრთელება. სამწუხაროდ, ერთი ადამიანის სოციალურმა უპასუხისმგებლობამ შეიძლება ძალიან გაართულოს ვითარება, ამიტომ ყველა უნდა დავფიქრდეთ.
ასევე გვახსოვდეს, რომ ასეთ ვითარებაში აუცილებელია თანადგომა. ერი ერთ მუშტად უნდა შეიკრას! ჩვენ ამის მაგალითები ბევრი გვახსოვს, თუნდაც ახლო წარსულიდან. აქვე მე და ჩემი ოჯახი სახელმწიფოს ვთავაზობთ ჩვენს სრულიად უანგარო დახმარებას თუ საჭირო გახდება, სოფლად თუ ქალაქად...
არ ვამბობ, რომ ხელისუფლება შეცდომებს არ უშვებს, ან ზოგიერთი რამ არ შეიძლებოდა უკეთესად გაკეთებულიყო, მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკის დრო არ არის. კარგის და ცუდის შეფასებისთვის მეტი დრო გვექნება, როგორც კი ვირუსის გავრცელების საფრთხე გადაივლის.
ჩემი აზრით, სრულიად არასახელმწიფოებრივია, საზიანოა და ეთიკის, მორალის, ადამიანობის ყოველგვარ ზღვარს სცდება, როცა ასეთ ვითარებაში სახელმწიფოს, როგორც პოლიტიკურ ოპონენტს, უსაფრდები. ვგულისხმობ ზოგიერთ პოლიტიკოსს, თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ მათგან არაერთი სწორად იქცევა და მსოფლიო საფრთხედ გამოცხადებულ ინფექციას ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის არ იყენებს.
არ მჩვევია კონკრეტული ადამიანების დასახელება, მაგრამ ახლა უნდა ვთქვა - რასაც ნიკა გვარამია აკეთებს, არის ყოვლად არასახელმწიფოებრივი საქციელი. მისი პოზიცია არა მხოლოდ უზნეო იყო, არამედ ამაზრზენიც. უკაცრავად გამოთქმისთვის.
საქართველო აკეთებს იმას, რაც შეუძლია და, ჩემი აზრით, აკეთებს ეფექტიანად. ვიმეორებ, მადლობა ღმერთს, რომ გვაქვს ლუგარის ლაბორატორია და დაავადებათა კონტროლის ცენტრი, რომელსაც ასეთი პროფესიონალები ხელმძღვანელობენ - ვგულისხმობ ამირან გამყრელიძესა და პაატა იმნაძეს. ჩვენზე დიდი და ძლიერი ქვეყნები ჩვენზე მეტად დაზარალდნენ. ძალიან ბევრგან ვერ ახერხებენ საზღვრის სათანადოდ კონტროლს. ამერიკა რომ ამერიკაა, იქაც კი აშკარად მოუმზადებლად მოქმედებენ. ხშირად ვამბობ, ჭკვიანები სხვის შეცდომებზე სწავლობენ, სულელები - თავისაზე, ქართველებს კი სწავლა საერთოდ არ გვიყვარს-მეთქი. ეს ის გამონაკლისი შემთხვევაა, როცა პროფესიონალები სხვის გამოცდილებასაც სწავლობენ და შეცდომებსაც ითვალისწინებენ. ვფიქრობ, კარგი და სწორი ნაბიჯი იყო ტელეკონფერენცია ჩინელ ექიმებთან. როგორც ითქვა, მალე უხანში, საიდანაც გავრცელდა ინფექცია, მოიხსნება კარანტინი, რადგან ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალა. ჩინეთში დღითი დღე იკლებს დაინფიცირებისა თუ გარდაცვალების შემთხვევები, რაც გვაიმედებს.
ჩვენს შემთხვევაში ჯერ პროგნოზების კეთება რთულია, მაგრამ იმედი მაქვს, მოვახერხებთ და თავიდან ავიცილებთ ეპიდემიას, თუკი გამოვიჩენთ სამოქალაქო თვითშეგნებას, დავიცავთ ჰიგიენურ ნორმებს, არ დავიწყებთ ხვევნა-კოცნას... უცხოეთიდან ჩამოსვლისას კი პირველ დღეებში მოვერიდოთ სხვებთან აქტიურ კონტაქტს.
- ვითარების გართულების ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება პანიკაც იქცეს, ამიტომ ალბათ მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება, რაც რთულია, მით უფრო მაშინ, როცა მსოფლიო მასშტაბით დეზინფორმაციის უზარმაზარი ნაკადი ვრცელდება...
- გეთანხმებით, თუმცა ჩვენ, ცოტა არ იყოს, პარადოქსების ხალხი ვართ. როცა კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა გახდა ცნობილი, ნამდვილად იყო პანიკური სიტუაცია, ვიღაცები გაცვივდნენ და სუპერმარკეტები დააცარიელეს, მაგრამ ამის პარალელურად წამოვიდა იუმორის ნიაღვარი და ლამის წალეკა სოციალური ქსელები.
არ ვიცი, ბოლოს ქართველებმა ასე როდის და რაზე იხალისეს. ეს იუმორიც ებრძვის პანიკას...
ზოგჯერ ახლაც შეიმჩნევა პანიკური განწყობა. სამხრეთელები ვართ, ზოგჯერ ემოციებს ვერ ვიოკებთ, მაგრამ ვფიქრობ, ჯერჯერობით ამ თვალსაზრისით საგანგაშო არაფერია. თუკი ყველანი გავერთიანდებით, ყველაფერი კარგად იქნება. ზოგიერთი მიზანმიმართულად ცდილობს, აამღვრიოს წყალი და მერე მღვრიე წყალში თევზი დაიჭიროს, რაც არასწორია.
მალე შეცდომების დათვლის დროც მოვა. ახლა ერთიანობის დროა!
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი