November 23, 2024

“ივანიშვილი გაერიდა შექმნილ ვითარებას, სწორედ ამიტომ სახელმწიფოც დაემსგავსა სახელმწიფოს... კრიზისის შემდეგაც თუ ასე გააგრძელებს, უკეთესი იქნება”

“ვფიქრობ, საგანგებო მდგომარეობის შემოღება დროული და სწორია. თითქოს არსებითად არაფერი შეიცვალა, შეზღუდვები მანამდეც მოქმედებდა, მაგრამ ვინაიდან არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები, რა დროს რა შეზღუდვა დაგვჭირდება, ჯობს, საკანონმდებლო კუთხით ყველაფერი იყოს მზად, რომ ამა თუ იმ რეგულაციის შემოღება ოპერატიულად იყოს შესაძლებელი და ამას არ დასჭირდეს ფორსმაჟორში საკანონმდებლო პროცედურების ჩატარება. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით ხელისუფლებას გადაეცა ინსტრუმენტები, რომ როგორც კი საჭირო იქნება, გაამკაცროს შეზღუდვები, რაც აბსოლუტურად სწორია. ეს არის უფრო მზადყოფნის აქტი და ვერ ვიტყვით, რომ გადაწყვეტილება დაგვიანებულია. აქამდე ეს აუცილებელი არ იყო. ვიღაცამ შეიძლება ისიც კი იფიქროს, რომ ნაადრევია, მაგრამ თუ შევხედავთ დინამიკას, რისკი მაღალია, რისი გათვალისწინებაც აუცილებელი იყო”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “შეიძლება დაგვჭირდეს უფრო მკაცრი ნაბიჯების გადადგმა...” / “საჭიროა საზოგადოებრივი კონტროლიც. სოციალურ ქსელებში, ჯგუფებში ადამიანები, რომლებიც შეთქმულების თეორიებს ავითარებენ ან პანიკას თესავენ, ვამხილოთ და მათ სიცრუეს რეალური ფაქტები დავუპირისპიროთ“.

 

 

“სხვადასხვა მიმართულებით შეიძლება დაგვჭირდეს უფრო მკაცრი ნაბიჯების გადადგმა, როგორც კარანტინის, ასევე კრიმინალის აფეთქების მიმართულებით, რისგანაც, სამწუხაროდ, დაზღვეული არა ვართ. ვფიქრობ, ახლა ხელისუფლებას აქვს იმდენი ნდობაც და ნებაც, რომ ეს ყველაფერი ბოროტად არ გამოიყენოს. თუ თვალს გადავავლებთ, რა ხდება სამყაროში, ჩვენი ქვეყანა კორონავირუსის წინააღმდეგ გატარებული ზომებით, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი საუკეთესოა. ეს არის უპირველესად ჩვენი ეპიდემიოლოგების, სამედიცინო პერსონალის და ყველა შესაბამისი დარგის სპეციალისტის დამსახურება. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ხელისუფლებაც გაცილებით ქმედითი გახდა, რაც ჩვენთვის, გარკვეულწილად, მოულოდნელიც იყო, თუმცა ამას აქვს თავისი ახსნა... გარდა იმისა, რომ სისტემა კარგად მუშაობს, შესაბამისი სამსახურებიც კარგად აკვირდებიან გარე სამყაროში მიმდინარე პროცესებს, აანალიზებენ და სწრაფად რეაგირებენ; შედეგად, თუ სხვები ერთი ნაბიჯით აგვიანებენ, ჩვენ ვცდილობთ, თუ ერთი ნაბიჯით წინ ვერა, დროულად მაინც გავატაროთ საჭირო ღონისძიებები. შეიძლება ითქვას, რომ დღეის მდგომარეობით ვირუსის გავრცელების შეკავების ვადებით საქართველო ერთ-ერთ საუკეთესო პოზიციაზეა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

 

 

“აქამდე სამთავრობო სისტემა ვერ მუშაობდა ეფექტიანად, რადგან ინსტიტუციური ცენტრები და ძალის ცენტრები ერთმანეთისგან იყო დაშორებული, ანუ ინსტიტუციური ცენტრები არ იღებდნენ გადაწყვეტილებებს, ისინი მიიღებოდა სადღაც სხვაგან, ამიტომ მთელი სისტემა მუშაობდა შეფერხებით. რაკი გადაწყვეტილებები შესათანხმებელი ჰქონდათ რაღაც გაუგებარ ძალის ცენტრებში, ეს, რა თქმა უნდა, აყოვნებდა და ხშირად შეუძლებელსაც კი ხდიდა ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებასა და დროულად განხორციელებას. გვქონდა ვითარება, როცა პრემიერ-მინისტრის კაბინეტზე წარწერა “პრემიერ-მინისტრი” იყო სიმბოლური და არავის ჰქონდა განცდა, რომ ის იღებდა გადაწყვეტილებებს, ან იყო რამეზე პასუხისმგებელი. დღეს, როგორც ჩანს, ეს ვითარება შეიცვალა, ანუ ინსტიტუციურ ცენტრებზე მათი რეალური ფუნქციების დელეგირება მოხდა; შეიძლება ითქვას, რომ კრიზისმა ინსტიტუციური წესრიგი აღადგინა. როგორც ჩანს, ძალის ცენტრს - ბიძინა ივანიშვილს შექმნილი ვითარების ბევრი არაფერი გაეგება და პროცესებისგან შორს დგას, სწორედ ამიტომ სახელმწიფოც დაემსგავსა სახელმწიფოს. ამ ვითარებაში განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა, რაოდენ მნიშვნელოვანია ინსტიტუციური წესრიგი. მოკლედ, ივანიშვილი გაერიდა ვითარებას და ეს სახელმწიფოს წაადგა. კრიზისის შემდეგაც თუ ასე გააგრძელებს, უკეთესი იქნება”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

 

“რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია, როგორ იმუშავებს სამედიცინო სისტემა, მედპერსონალი და ა.შ., მაგრამ ჩვენი მთავარი მოკავშირე მაინც არის ორი რამ: სამოქალაქო პასუხისმგებლობა და სოციალური პასუხისმგებლობა. უნდა გავაცნობიეროთ, რომ სხვისი პრობლემა ჩვენს პრობლემებზე არაფრით არის ნაკლები. ჩვენ თუ გამოვავლენთ სოციალურ ეგოიზმს და შევეცდებით მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენას, ფაქტობრივად, სხვების ხარჯზე, ეს ბუმერანგივით დაგვიბრუნდება; ასე ვითარებას უფრო გავართულებთ და საბოლოოდ ვერც ჩვენ გადავრჩებით. სოლიდარობა ამ ბრძოლაში ჩვენი მთავარი იარაღია. არა ექიმი და ხელისუფლება, არამედ ის, როგორ იქცევა კრიზისის დროს საზოგადოება”, - მიიჩნევს ექსპერტი.

 

 

“თუ საზოგადოება ახერხებს მობილიზებას და კონსოლიდაციას, ეს შეიძლება დიდი წარმატების საფუძვლად იქცეს. უნდა გვესმოდეს, რომ კრიზისი, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, მაგრამ ისტორიული კანონზომიერება აჩვენებს, რომ პოსტკრიზისული პერიოდი არის დიდი შესაძლებლობების ხანა ნებისმიერი საზოგადოებისთვის. თუ ჩვენ ახლა მოვახერხეთ მობილიზება, კონსოლიდაცია, ღირსეულად გადავიტანეთ ეს ყველაფერი, მერე ნებისმიერი ამოცანა შეიძლება დავძლიოთ. თუ საზოგადოებამ შეძლო და კრიზისისას საუკეთესო თვისებები გამოავლინა, ეს არის კარგი სტარტაპი შემდგომში დიდი აღმშენებლობისთვის, თუმცა მანამდე გვახსოვდეს, რომ ამ ბრძოლაში ჩვენი მოკავშირეა სამოქალაქო პასუხისმგებლობა და სოციალური სოლიდარობა, მტერი კი - პანიკა და სოციალური ეგოიზმი”, - დაასკვნის გია ხუხაშვილი და შეკითხვაზე - “რამდენიმე შემთხვევამ, როდესაც ადამიანებმა სცადეს პანიკის დათესვა ცრუ ინფორმაციების გავრცელებით, უფრო მწვავედ დააყენა ქვეყანაში საინფორმაციო უსაფრთხოების საკითხი...” - პასუხობს:

 

 

“ეს სერიოზული პრობლემაა. ნუ წარმოვიდგენთ, რომ მხოლოდ რუსეთიდან შეიძლება წამოვიდეს ამგვარი ფსიქოლოგიური შეტევა და პანიკის გენერაციისა თუ მისი გაძლიერების მიზნით საინფორმაციო შტურმი. შიგნითაც გვყავს ძალები... ხელისუფლება ამას მარტო ვერ გააკონტროლებს, ამაში მედიამაც უნდა შეუწყოს ხელი. არ უნდა ვეძებოთ სენსაციები და გაუგებარი რესპონდენტები. არ შეიძლება იტალიიდან პირდაპირ ეთერში ჩავრთოთ ქართველი ექიმი, რომელიც იტალიაში შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, ისტერიკულად გვასწავლის, რა ვქნათ ჩვენ საქართველოში, სადაც ვითარება იტალიის მდგომარეობისგან საგრძნობლად განსხვავდება... ყველა დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს შექმნილ ვითარებას. ასევე საჭიროა საზოგადოებრივი კონტროლიც. სოციალურ ქსელებში, ჯგუფებში ადამიანები, რომლებიც შეთქმულების თეორიებს ავითარებენ ან პანიკას თესავენ, ვამხილოთ და მათ სიცრუეს რეალური ფაქტები დავუპირისპიროთ”.

 

 

“რაც შეეხება “ტვ პირველისა” და “მთავარის” საბანკო ანგარიშებზე ინკასოს დადებას, ფინანსთა მინისტრის თავის მართლება მოვისმინეთ, როცა განაცხადა, მარტო ტელევიზიებს კი არა, რამდენიმე ათას კომპანიას ავტომატურად შეეხო ინკასოო. ეს უარესია! ამ ვითარებაში, როცა ქვეყანა, ფაქტობრივად, გაჩერებულია, იმ ათასამდე კომპანიაში რამდენი მოხვდა ისეთი, რომელიც ამ კრიზისით დაზარალდა და კიდევ ეს უნდათ?! მათ შეიძლება მოუწიოთ თანამშრომლების უხელფასო შვებულებებში გაშვებამ. ბოლოს და ბოლოს, ამ ხალხს ხომ უნდა მისცენ კომპენსაცია, რომ თავი გაიტანონ. ასეთ ვითარებაში ანგარიშებზე ინკასოს დადება არის ანტიჰუმანური და აგრესიული ნაბიჯი შენივე საზოგადოების წინააღმდეგ. რაც შეეხება ტელევიზიებს, ეს უფრო გაუგებარია და ნამდვილად აჩვენებს ამ საკითხისადმი ხელისუფლების პოლიტიკურ დამოკიდებულებას. ვიდრე ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილ ტელევიზიებს მრავალმილიონიანი ვალი აქვთ, მანამდე ნებისმიერი სხვა ტელევიზიისთვის დაწესებული სანქცია პოლიტიკურ ნაბიჯად შეფასდება. ჩვენი ფინანსთა მინისტრი აშკარად მაჩოს როლს თამაშობს, არადა, თავის დროზე, როცა ადამიანის უფლებები ირღვეოდა და ეს საზოგადოება ცვლილებებისთვის იბრძოდა, ეს “მაჩო” სოროში იჯდა... ეს ყველაფერი საბოლოოდ ხელისუფლების იმიჯს აზარალებს. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მთელი ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილებით არ მოხდა და მხოლოდ ფინანსთა მინისტრის ინიციატივაა, რომელსაც მალე გადახედავენ და ეს პრობლემა აღმოიფხვრება”, - დასძენს ხუხაშვილი.

წაკითხვა 587 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 23 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.