"დღეს, როცა მთელი მსოფლიო უდიდეს გამოწვევასთან ბრძოლაშია ჩართული, ევროკავშირი კვლავ ჩვენ გვერდითაა"
დღევანდელი დღე - 9 მაისი ორმაგად მნიშვნელოვანია საქართველოსათვის, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართვაში.
პრეზიდენტი აცხადებს, რომ 75 წელი გავიდა მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან, 70 წელი კი - ევროპული ოჯახის - ევროკავშირის იდეის დაბადებიდან.
„პირველ რიგში, მინდა, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ჩვენს ვეტერანებს მივულოცო ეს თარიღი, გამოვხატო მადლიერება მათ მიმართ და ვუსურვო დღეგრძელობა და მხნეობა.
სწორედ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩაეყარა საფუძველი მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის თანამშრომლობისა და სოლიდარობის სრულიად ახალ ფორმატს ევროპაში - ევროკავშირს. ევროკავშირის იდეა იმ გამანადგურებელი ომის ფონზე წარმოიშვა. მთელი ამ წლების განმავლობაში ევროპის ქვეყნები ერთად იღვწიან ადამიანის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის.
საქართველო კი, თავისი ღირებულებებით, ჭეშმარიტად ევროპული კულტურით, საკუთარი მიღწევებით ევროპული ოჯახისკენ დამაჯერებელ და შეუქცევად ნაბიჯებს დგამს.
აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ დღეს, როცა მთელი მსოფლიო უდიდეს გამოწვევასთან ბრძოლაშია ჩართული, ევროკავშირი კვლავ ჩვენ გვერდითაა. მან უკვე გამოყო ფინანსური დახმარება ჩვენი ანტიკრიზისული გეგმის განსახორციელებლად. კრიზისმა კიდევ უფრო გააძლიერა ქართველი ხალხის მისწრაფება თავის ევროპულ ოჯახში სრულფასოვნად დაბრუნებისკენ.
ამ დღეებში მე ვესაუბრე ევროპის თითქმის ყველა ქვეყნის პრეზიდენტს, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეს; ხაზი გავუსვი, რომ მნიშვნელოვანია, ევროკავშირთან პოსტკრიზისული გეგმების დასახვაში სრულფასოვნად ვიყოთ ჩაბმული - იმიტომ, რომ ხვალინდელ მსოფლიოში გამოსავალი საკუთარ სივრცეში ჩაკეტვა კი არა, მოკავშირეებთან ურთიერთობის გაძლიერება იქნება, მეტი სოლიდარობა.
საქართველოც და ევროკავშირიც მზად არიან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ სოლიდარობით კვლავ გავაძლიერებთ ერთმანეთს და კრიზისიდან ღირსეულად გამოვალთ“, - აცხადებს პრეზიდენტი.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი