რამდენ ოლქს დაუთმობს “ლელო” დანარჩენ ოპოზიციას - სავარაუდო გადაწყვეტილების დეტალები
“მოძრაობა “ლელო” 30-ვე მაჟორიტარულ ოლქში გეგმავს თავისი კანდიდატის დაყენებას, თუმცა, ზოგ შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება შეიძლება გადაიხედოს.
ამის შესახებ “რეზონანსთან” საუბრისას “ლელოს” წარმომადგენელმა კახა კოჟორიძემ განაცხადა და სხვა ოპოზიციური პარტიების მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა, რომელთაც, სავარაუდოდ, “ლელო” თავის კანდიდატს არ დაუპირისპირებს. კოჟორიძე ამბობს, რომ პარტიაში ამ თემზე იმსჯელებენ და უახლოს მომავალში ოფიციალურად გააკეთებენ გაცხადებას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რამდენ ოლქს დაუთმობს “ლელო” დანარჩენ ოპოზიციას - პარტიის სავარაუდო გადაწყვეტილების დეტალები.
“რომელი იქნება ის კონკრეტული ოლქი, სადაც “ლელო” არ დააყენებს თავის კანდიდატურას, ან ერთი იქნება ეს ოლქი თუ ორი, ამას წინასწარ ვერ გეტყვით. პარტიაში ამ კონკრეტულ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ არის. არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი გადაწყვეტილება იქნეს მიღებული, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ თემაზე მსჯელობა გვექნება და ამის შემდეგ გავაკეთებთ განცხადებას”, - ამბობს კოჟორიძე. თბილისში “გაერთიანებული ოპოზიციის” მიერ დასახელებული მაჟორიტარობის ექვსი კანდიდატიდან შესაძლებელია “ლელომ” კონკურენტი კანდიდატურა არ დაუყენოს “ევროპული საქართველოს” წევრ ელენე ხოშტარიას და “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერ შალვა შავგულიძეს. კოჟორიძის განცხადებით, ამაზე პარტიის სახელით ჯერჯერობით ვერ ისაუბრებს. თუმცა, იგი თავის პირად სიმპათიების სწორედ ამ კანდიდატების მიმართ გამოხატავს. რაც შეეხება ალეკო ელისაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას საბურთალოს ოლქში შესაძლო კენჭისყრასთან დაკავშირებით, კოჟორიძის თქმით, ყველაზე მაღალი ალბათობა იმისა, რომ “ლელომ” თავისი კონკურენტული კანდიდატი ვინმეს არ დაუყენოს, სწორედ ალეკო ელისაშვილს უკავშირდება”, - აღნიშნავს გამოცემა.
“პარტიას ჯერჯერობით არ აქვს გაკეთებული ისეთი განცხადება, რომ რომელიმე კონკრეტულ პიროვნებაზე ეთქვა, რომ “ლელო” მას არ დაუყენებს კონკურენტ კანდიდატურას. შესაბამისად, მე შეიძლება მომწონს რომელიმე კანდიდატურა, მაგალითად, პირდაპირ ვიტყვი, რომ პიროვნულად ძალიან დიდ პატივს ვცემ შალვა შავგულიძეს და ელენე ხოშტარიას, თუმცა, პოლიტიკური პარტიის სახელით ვერ გავაკეთებ მსგავს განცხადებას. ესაა ჩემი პირადი პატივისცემა და პარტია რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს, ეს უკვე გაცხადდება არცთუ ისე შორეულ მომავალში. ამ ნაწილში ჩვენ პარტიის გადაწყვეტილება არ გვაქვს მიღებული, თუმცა, ფაქტია და ითქვა კიდეც რამდენჯერმე ორივე მხარის მიერ, რომ ჩვენ გვაქვს ერთმანეთს შორის შეხვედრები და არაერთხელ დაგვიფიქსირებია პატივისცემა. ვფიქრობთ, რომ მომავალ პარლამენტში ჩვენ ვიქნებით პარტნიორები და ვითანამშრომლებთ ერთმანეთთან. შესაბამისად, ყველაზე მაღალი ალბათობა იმ გადაწყვეტილების, რომ ჩვენ შეიძლება ვინმეს არ დავუყენოთ კანდიდატურა, სწორედ ალეკოსთან მიმართებაში შეიძლება არსებობდეს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა კოჟორიძე.
სიახლეები
- ,,ველი კიდევ 3 წელს, 16 წელი მექნება სასჯელი - სერიულ მკვლელებს და პედოფილებს უსჯიან ამდენს"- მიხეილ სააკაშვილი
- ,,სხვას რომ ხმა ამოეღო, ჩემი შვილი არ მოკვდებოდა" - გიგა ავალიანის დედა პროკურატურის განცხადებას ეხმაურება
- ,,ჩვენი ქვეყანა ღიაა იმისათვის, რომ სუფთა ფურცლიდან მოხდეს საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის დაწყება"- ზვიად შალამბერიძე
- ,,ჩვენი და ამერიკის თანხვედრა ღირებულებით ნაწილში, მსოფლმხედველობით ნაწილში, პოლიტიკურ ჭრილს ვგულისხმობ, ერთი-ერთში ემთხვევა”
- ,,როგორც ჩანს, ქალბატონმა ფონ დერ ლაიენმა, როგორც იქნა, რუკას დახედა და გაათვითცნობიერა ის, რომ საქართველო მართლაც საკვანძო ადგილზე იმყოფება” – ლევან მაჭავარიანი
