დასახელება ერთობისათვის - რა შანსი აქვს ოპოზიციის ბოლო ორ კანდიდატს თბილისში

“ოპოზიციამ თბილისის "ვაკანტურად" დარჩენილ ბოლო ორ ოლქშიც დაასახელა მაჟორიტარობის ერთიანი კანდიდატები: დიდუბე-ჩუღურეთში - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და საბურთალოს ოლქში - ირაკლი ოქრუაშვილი.

ამას წინ უძღოდა "ნაციონალური მოძრაობის" ერთგვარი ულტიმატუმი, რომ თუ დანარჩენი ოპოზიცია ამ ორ ოქლში საერთო კანდიდატებზე ვერ შეთამხდებოდნენ, ისინი თავად დააყენებდნენ თავის მაჟორიტარობის კანდიდატებს. ყოველივე ამან და ოფიციალური დასახელების შემდეგ გაკეთებულმა განცხადებებმა რამდენიმე კითხვა გააჩინა. მაგალითად, "ნაციონალურ მოძრაობაში" განაცხადეს, რომ დიდუბე ჩუღურეთში ჯაფარიძეს დაუჭერენ მხარს, თუმცა საბურთალოზე დასახელებული ოქრუაშვილის შემთხვევაში ასე არ მოიქცევიან და ნეიტრალიტეტს დაიცავენ”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, დასახელება ერთობისათვის - რა შანსი აქვს ოპოზიციის ბოლო ორ კანდიდატს თბილისში

 

"მეორე საკითხია რამდენად სწორად შეირჩა ეს კანდიდატები ამ ორი კონკრეტული ოლქისთვის. მაგალითად, ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ იგივე ოქრუაშვილს გამარჯვების უფრო მეტი შანსი გორში ექნებოდა და არა საბურთალოზე. ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, ოპოზიცია ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს საკუთარ ერთიანობაში და იმაში, რომ მათ შორის კონფლიქტი არ არის. სწორედ ამიტომ დაასახელეს დღეს საერთო კანდიდატები. „ოპოზიცია ამ კინკლაობის და ძიძგილაობის ფონზე მაინც და მაინც პოზიტიურად არ გამოიყურებოდა, არც საერთაშორისო პარტნიორების თვალში წმინდა პოლიტტექნოლოგიური კუთხით. რაც მთავარია, საკუთარი ელექტორატის თვალში არ გამოიყურებოდა ის პოზიტიურად, როდესაც ერთმანეთს ეჩხუბებოდნენ და საჯარო სივრცეში ერთმანეთს საკმაოდ მძაფრად აკრიტიკებდნენ. „როგორც ჩანს, ისინი მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ეს ყველაფერი არჩევნებზე ისევ მათ შანსებს შეამცირებდა და გადაწყვიტეს, რომ ერთიანობის დემონსტრირება მოეხდინათ ამ ხელმოწერილი დეკლარაციით, ორი საერთო კანდიდატით. თუმცა, პირადად ჩემში ეს კანდიდატები ცოტა არ იყოს კითხვებს აჩენს. მაგალითად, რატომ არ იყარა ოქრუაშვილმა კენჭი თავის მშობლიურ გორში, სადაც მას გაცილებით მეტი გავლენა და რესურსები აქვს? „ოქრუაშვილი საზოგადოებაში უფრო მეტად უარყოფით დამოკიდებულებებს იწვევს, ვიდრე დადებითს. შესაძლოა ოპოზიციამ თავის რიგებში ვერ მოიძია ისეთი ძლიერი კანდიდატი, რომელიც დაუპირისპირდებოდა ხელისუფლების კანდიდატს", - აღნიშნა ანჯაფარიძემ”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

"ჩვენ მკაფიოდ მხარს ვუჭერთ ზურა ჯაფარიძეს დიდუბე-ჩუღურეთში მაჟორიტარობის საერთო კანდიდატად, რაც შეეხება საბურთალოს, ჩვენ იქ უბრალოდ კანდიდატს არ ვაყენებთ", - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის" ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა. ანჯაფარიძის შეფასებით, მელიას ეს კომენტარი უარყოფითად აისახება ზოგადად ოპოზიციაზე. "ყველაზე დიდი რესურსი - იგულიხმება კოორდინატორები, ამომრჩეველი, აქტივისტები - ჰყავს "ნაციონალურ მოძრაობას" და თუ ეს რესურსი ოქრუაშვილს მოაკლდება , შესაბამისად, მისი გამარჯვების შანსები შემცირდება. მელიას განცხადება ოპოზიციის რიგებში ერთგვარი უთანხმობის შემტანია", - აღნიშნა ანჯაფარიძემ "რეზონანსთან" საუბრისას. გია ხუხაშვილი პროცესის შეფასებისას "რეზონანსთან" ამბობს, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება ოპოზიციის კოორდინირებული მოქმედების დასტურია, რაც ძალიან კარგია ოპოზიციური ერთობისთვის.

 

"ოპოზიციის ეს ერთიანობა საბოლოო ჯამში, მაინც არის ფსევდო ერთიანობა - ეს კარგად უნდა გვესმოდეს. ამას მე ერთიანობას არ დავარქმევდი, ესაა კოორდინაცია, რაც სასარგებლოა, ცუდი არ არის. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არ შეიძლება პარტია მუდმივად ვინმეს პარტნიორი იყოს. ნებისმიერი პოლიტიკური გაერთიანებისთვის ყველა სხვა პარტია არის კონკურენტი. თუმცა, რაღაც ეტაპზე თუ პარტიები თანხმდებიან, ჩვეულებრივი ამბავია. მე ამას არ დავარქმევდი ოპოზიციის ერთიანობას”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“იგივე საბურთალოს ოლქი რომ ავიღოთ, "სასიკვდილო ოლქია" იმიტომ, რომ იქ არის ძალიან ბევრი თანაბარი ძალების კანიდატი. მინიმუმ მეორე ტური გარდაუვალია. მეორე ტურები ისედაც გარდაუვალი იყო გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიცია არ არის ძლიერი დღეის მდგომარეობით, რბილად რომ ვთქვათ, და ხელისუფლების კანდიდატი ყოველ შემთხვევეაში აიღებს იმდენ ხმებს, რომ მეორე ტური გახდება გარდაუვალი. ოპოზიციის მხრიდან კარგი კოორდინაცია იქნება ის, რომ პირველი ტური ჩაითვალნ პრაიმერად და მეორე ტურში გადასულ ოპოზიციურ კანდიდატს კონსოლიდირებულად დაუჭიროს ყველამ მხარი. იგივე საბურთალოს ოლქში ვინც გავა ოპოზიციიდან, დანარჩენმა კანდიდატებმა მას დაუჭირონ მხარი. ამაზე თუ შეთანხმდებიან, ძალიან კარგი იქნება", - განაცხადა ხუხაშვილმა. ოპოზიციამ 18 აგვიტოს ასევე ხელი მოაწერა დეკლარაციას, რომელიც ოპოზიციური პარტიების ხმებს დაიცავს. "საქართველოს დემოკრატიული ოპოზიცია, თანხმდება, რომ ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობა ქვეყნისთვის და მისი დემოკრატიული განვითარებისთვის უმძიმეს გამოწვევას წარმოადგენს. „ქვეყნის შიგნით, საარჩევნო პროცესისადმი ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერასა და ხმების დაცვის მიზნით კოორდინაციასთან ერთად, ოპოზიციური პარტიები ვთანხმდებით, რომ ერთობლივად, შეთანხმებულად ვიმუშავებთ საერთაშორისო დამკვირვებლებთან, რათა არჩევნების ლეგიტიმურობის გარშემო არ გაჩნდეს კითხვის ნიშნები", - ვკითხულობთ დეკლარაციაში”, - დასძენს გამოცემა.

 

"ხუხაშვილის შეფასებით აღნიშნული დეკლარაცია უმთავრესად ოპოზიციური პარტიების ინტერესებში შედის. „რაც შეეხება დოკუმენტს, ეს მათი ინტერესია და ძალიან კარგია, თუ მართლა ასე გააკეთებენ. იმიტომ, რომ თუ ერთმანეთის შიგნით კონკურენცია დაიწყეს, გამარჯვებული არავინ დარჩება საბოლოოდ, ყველა წააგებს და მოიგებს მხოლოდ ხელისუფლება. „ეს მათი კოორდინაცია მოქმედებს მხოლოდ ამომრჩევლის აქტივობაზე. ჩემი აზრით, დამატებითი ამომრჩეველი გაჩნდება მხოლოდ ალტერნატიულ პოლიტიკურ ცენტრებში, თუ ისინი შეძლებენ „ანტიბიძინა", „ანტიმიშა" ელექტორატის დარწმუნებას, რომ მათ აქვთ სწორი შესაძლებლობები და ხედვაც, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს მომავალი. „თეორიულად, ელექტორალური ზრდა ასეთ დონეზე უნდა იყოს არა „ნაციონალური მოძრაობის" ან ხელისუფლების სეგმენტზე, რომლებსაც უკვე გაყოფილი აქვს ელექტორალური ბაზა, არამედ ალტერნატიულ ძალებზე, რომლებიც ამბობენ, რომ არ უნდათ არც წარსული, არც აწმყო და არიან მომავალზე ორიენტირებული. „ახალი საპროტესტო ამომრჩეველი უფრო ამ ცენტრებზე წავა, თუ რაღათქმა უნდა მათ მოახდინეს მათი გულის მოგება", - ამბობს გია ხუხაშვილი „რეზონანსთან". რაც შეეხება ზოგადად თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციის შანსებს, ამაზე გარკვეულ წარმოდგენას იძლევა ტელეკომპანია „ფორმულას" დაკვეთით ჩატარებული „ედისონ რისერჩის" კვლევა, რომლის შედეგებიც 20 ივლისს გამოქვეყნდა. ამ მონაცემებით, ოპოზიციას ყველაზე მაღალი შანსი ვაკის ოლქში აქვთ, სადაც ელენე ხოშტარიას მხარს უჭერს გამოკითხულთა 46%, ხოლო მმართველი გუნდის კანდიდატს -31%. ასევე, მმართველი გუნდის კანდიდატზე მეტი ხმის მოგროვების შანსი აქვს ისანში გიორგი ვაშაძეს და გლდანში ნიკა მელიას. ამავე კვლევის თანახმად, ყველაზე მცირე შანსი აქვთ ლევან ხაბეიშვილს სამგორში - მხოლოდ 15% და შალვა ნათელაშვილს ნაძალადევში - 20%”, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 589 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 19 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.