პოლიტიკა ნავთობთან მიმართებით: ტეხასელი პოლიტიკანები საქართველოს წინააღმდეგ

ამერიკულ „ფორბს“-ში Forbes») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „პოლიტიკა ნავთობთან მიმართებით: ტეხასელი პოლიტიკანები საქართველოს წინააღმდეგ (ავტორი - ლეველინ კინგი), რომელშიც გადმოცემულია დაპირისპირების მიზეზები ამერიკულ ნავთობ-გაზის საძიებო კომპანია „ფრონტერა რისორზ“-სა და საქართველოს მთავრობას შორის.

 

„მართალია, მსოფლიო თითქოსდა უარს ამბობს ტრადიციულ ნავთობსა და გაზზე, მაგრამ ნახშირწყალბადური საწვავი ჯერ კიდევ მთავარ როლს ასრულებს და ხშირად ხდება საერთაშორისო ურთიერთობებში შუღლის მიზეზი. მაგალითად, დღეს ხმელთაშუა ზღვაში დიდი მღელვარება შეიმჩნევა - გაზის საბადოს გამო ერთმანეთს უპირისპირდებიან თურქეთი და საბერძნეთი, ისრაელი და ლიბანი...

 

ნავთობ-გაზთან დაკავშირებული მსგავსი დაპირისპირებული პროცესები შავი ზღვის ნაპირებზე, საქართველოშიც შეიმჩნევა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ უთანხმოებაა ერთი მხრივ - ქვეყნის მთავრობასა და მეორე მხრივ - ამერიკულ კომპანიას შორის“, - ნათქვამია სტატიაში.

 

პუბლიკაციაში გადმოცემულია ამერიკული Frontera Resources-ს (რომლის მთავარი ოფისი აშშ-ის ტეხასის შტატში მდებარეობს, ჰიუსტონში) საქართველოში შემოსვლის ისტორია, მისი საქმიანობის შედეგები.

 

როგორც ავტორი აღნიშნავს, თავის დროზე „ფრონტერა“ იმ ტეხასელმა ამერიკელებმა დააარსეს, რომლებიც ერთმანეთთან პოლიტიკურად ახლოს იყვნენ დაკავშირებული და ერთნაირი ინტერესები ჰქონდათ (მაგალითად, ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა და შემდგომში სენატორმა ლოიდ ბენტსენმა, პრეზიდენტ ბილ კლინტონის ადმინისტრაციის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ბილ უაიტმა და სხვებმა).

 

„1997 წელს „ფრონტერა“ ქართველებს დაუკავშირდა. შედარებით მცირე კომპანიამ, დიდი ამბიციებით, თავის თავზე დიდი ამოცანების შესრულება აიღო - ეპოვნა ნავთობისა და გაზის საბადოები პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, განსაკუთრებით კი საქართველოში“, - აღნიშნულია სტატიაში

 

„ფრონტერა“ საქართველოს ხელისუფლებას, 1997 წლიდან მოყოლებული, უცხადებს, რომ წარმატებულად მუშაობს, მაგრამ ფაქტიურად შედეგები ძალიან უმნიშვნელო აქვს, ანუ კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებს არ ასრულებდა. ბოლო დროს კომპანიამ დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებს ხელფასიც კი არ გადაუხადა. საქართველოს ხელისუფლება ასეთ სიტუაციას გარკვეულწილად ითმენდა, მაგრამ ბოლოს ნიდერლანდების საარბიტრაჟო სასამართლოში იჩივლა და მოიგო კიდეც. ამის შემდეგ „ფრონტერა რისორზ“-მა თავისი ლობისტები აამოქმედა - ტეხასელი სენატორები, კონგრესმენები და საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა განახორციელა.

 

ავტორის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებას ამ დავაში სამართლიანი და ობიექტური პოზიცია აქვს დაკავებული. „ფრონტერას“ ლობისტი ამერიკელი პოლიტიკოსების ზეწოლა იმდენად  დიდი იყო, რომ საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა ნაწილობრივ უკან დაეხია - და ეს იმის მიუხედავად, რომ თბილისს საარბიტრაჟო სასამართლოში საქმე მოგებული აქვს“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.

 

ამერიკის შეერთებული შტატები დაინტერესებულია კავკასიით და საქართველოს ამ რეგიონში თავის დასაყრდენად განიხილავს, რუსეთის გავლენის საწინააღმდეგოდ. დღეს საქართველო დასავლეთზეა ორიენტირებული. დამოუკიდებლობის აღდგენიდან ქვეყანამ მრავალი მღელვარე პერიოდი და პოლიტიკური რყევები გადაიტანა - რევოლუციებისა და ტერიტორიის ოკუპაციის ცათვლით, რომელიც 2008 წელს მომხდარი ომის დროს რუსეთმა განახორციელა. ამის მიუხედავად, საქართველო მტკიცედ იცავს განვითარების დასავლურ კურსს, აწარმოებს მოლაპარაკებას ნატოში და ევეროკავშირში გაწევრიანების მიზნით. საგულისხმოა, რომ საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილი აქვს და 2008 წლიდან მოსკოვში ქართული საელჩო არ მუშაობს. ამასთან, მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველო ბიზნესის კეთების თვალსაზრისით, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო სახელმწიფოს წარმოადგენს და რეიტინგში მე-7 ადგილი აქვს დაკავებული.

 

„ამერიკული ნავთობის კომპანიის ლობირებამ ნეგატიური გავლენა არ უნდა მოახდინოს აშშ-ისა და სამხრეთ კავკასიის პროდასავლური სახელმწიფოს - საქართველოს შორის არსებულ 30-წლიან სტრატეგიულ პოლიტიკურ-დიპლომატიურ და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე“, - ხაზგასმულია სტატიაში.

 

წყარო: https://www.forbes.com/sites/llewellynking/2020/09/09/the-politics-of-oil-texas-politicos-go-after-georgia-the-country/#687e5fb21d32

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წაკითხვა 535 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 10 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.