"ხელისუფლებას მოვუწოდებ, შექმნას თანაბარი პირობები ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის, რომ მივიღოთ საარჩევნო მარათონი და არა საარჩევნო მუშტი-კრივი“
„ხელისუფლებას მოვუწოდებ, შექმნას თანაბარი პირობები ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის, რომ წინასაარჩევნო მაღალი ტემპერატურა დაბალანსდეს და გადაიზარდოს საარჩევნო მარათონში და არა საარჩევნო მუშტი-კრივში“- ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, მამუკა ტუსკაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განცხადა.
მისი თქმით, საკუთარი წილი პასუხისმგებლობა თითოეულმა პოლიტიკოსმა უნდა აიღოს და ვიწრო პარტიულ ინტერესებს ქვეყანა არ უნდა გადააყოლოს.
„არჩევნებამდე 25 დღე დარჩა. დუღილის ტემპერატურა ძალიან მაღალია. ეს ნათლად აჩვენა მარნეულში მომხდარმა ინციდენტმა. ჩვენი პოლიტიკური მოძრაობა ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას და მოუწოდებს ხელისუფლებას, გონივრულად იმოქმედოს და კანონის ფარგლებში დაარეგულიროს ვითარება, რომ შექმნილი მდგომარეობა გადაიზარდოს საარჩევნო მარათონში და არა საარჩევნო მუშტი-კრივში. მოვუწოდებ ოპოზიციურ ძალებსაც, განსაკუთრებით მათ, ვინც საკუთარ თავს რადიკალურ ოპოზიციას უწოდებს, აიღოს საკუთარი წილი პასუხისმგებლობა, ნუ გადააყოლებენ ქვეყანას ვიწრო პარტიულ ინტერესებს. ასეთი რადიკალიზმი ქვეყნის განვითარებისთვის კარგის მომტანი რომ არაა, კარგად გვაჩვენა ბოლო რვა წელმა. ვფიქრობ, მოსახლეობამ მხარი უნდა დაუჭიროს ჩვენნაირ კონსტრუქციულ ოპოზიციას, რადგან სწორედ ჩვენ ვერ გვესაუბრება ხელისუფლება კომპრომატების ენით. იმედი მაქვს, ხელისუფლებას ეყოფა გონიერება, დააბალანსოს ეს მაღალი ტემპერატურა და არჩევნები ჩაატაროს სამართლიან, თავისუფალ გარემოში და ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციას თავის წარმოჩენის თანაბარი პირობები შეუქმნას“, – განაცხადა მამუკა ტუსკაძემ.
მისი თქმით, პოლიტიკური გაერთიანება „სოციალური სამართლიანობისთვის“ სწორედ ამ პრინციპით მოქმედებს და სიაში ჩაწერილი რიგითობის მიუხედავად, პარტიის თითოეულ წევრს აძლევს თანაბარ შანსს, გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები.
„ჩვენ არ ვმონაწილეობთ მაჟორიტარულ არჩევნებში, მონაწილეობას ვღებულობთ მხოლოდ პროპორციული სიით. ჩვენ შევძლებთ, რომ ჩვენი ნებისმიერი წევრი, რომელიც კარგ შედეგს დადებს, ხალხის მხრიდან ნდობის გამოცხადების შემთხვევაში, იყოს წარმოდგენილი პარლამენტში. არ აქვს მნიშვნელობა, სიის რომელი ნომერი იქნება ის“, – აღნიშნა მამუკა ტუსკაძემ.
(NS)
სიახლეები
- " პაპი ფრანცისკე ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლიდერი იყო" - ჯო ბაიდენი
- მსოფლიო ლიდერები პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებას ეხმაურებიან
- "ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების გამო - მისი მშვიდობის, თანაგრძნობისა და ერთიანობის მემკვიდრეობა გაგრძელდება"
- "ჩემი ფიქრები მილიონობით კათოლიკესთანაა, რომლებიც პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებას გლოვობენ" - სალომე ზურაბიშვილი
- რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა