„დევნილთა შემწეობა, 45 ლარი აბსოლუტურად არარელევანტურია“- იოსებ კენჭაძე
დღეს, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, პოლიტიკური დებატების ფორმატში მორიგი შეხვედრა გაიმართა.
კონსორციუმი "სამართლებრივი დახმარება საქართველოში" პროექტს ახორციელებს, რომელიც გაეროს განვითარების ფონდის მიერაა დაფინანსებული.
როგორც კონსორციუმი "სამართლებრივი დახმარება საქართველოში"-ს გამგეობის თავმჯდომარე გიორგი შავგულიძე FirstNews.ge-თან საუბარში აცხადებს, დღეს მორიგი შეხვედრა, დებატების ფორმატში, ქუთაისში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობასთან გაიმართა.
„დღეს, UNDEF-ის მიერ დაფინანსებული პროექტის - "პოლიტიკური დებატები პოლიტიკურ პარტიებთან" ფარგლებში მორიგი დებატები გაიმართა.
პროექტის მიზანია, დემოკრატიის ხელშეწყობა არჩევნებში დევნილთა მონაწილეობის გზით. დღეს, დებატებზე განხილული იყო საკითხები, რომლებიც შეეხებოდა უშუალოდ დევნილ მოსახლეობას, როგორიცაა სოციალური, განსახლებისა და შემწეობის პრობლემები. მოგეხსენებათ დევნილთა 47% უკვე განსახლებულია და დარჩენილ 53%-ზე მიმდინარეობს აქტიური ღონისძიებები. დებატებში მონაწილეობას იღებდნენ იოსებ კენჭაძე პარტია „მოქალაქეების" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი და თეიმურაზ შაშიაშვილი პარტია "თეთრების" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი,"- განაცხადა გიორგი შავგულიძემ.
როგორც იოსებ კენჭაძემ შეხვედრაზე განაცხადა 45 ლარი, რომელსაც დევნილი შემწეობის სახით იღებს არარელევანტურია.
„დღეს, შეხვედრა გვქონდა დევნილ მოსახლეობასთან. მათი პრობლემა 30 წელია ჩვენი თანმდევია. სამწუხაროდ, ვერ შევძელით მათი პრობლემების გადაჭრა. ძირითადად საცხოვრებლის პრობლემაა, სოციალური სიდუხჭირე და უმუშევრობა. ეს საკითხი როგორც დევნილებს, ასევე სრულიად საქართველოს მასშტაბით აწუხებს მოსახლეობას.
45 ლარი, დევნილთა შემწეობა აბსოლუტურად არარელევანტურია. ამ შემწეობით როგორ უნდა იცხოვროს დევნილმა ოჯახმა, ვისაც არც სამსახური აქვს და არც სხვა შემოსავალი. როგორც ვიცი ბევრი დევნილი წინასწარ იღებს ამ თანხას სესხის სახით და შესაბამისად, პროცენტიც ბევრი მიაქვს ბანკს. ეს დახმარება იმდენი უნდა იყოს, რომ შეძლოს დევნილმა ოჯახის გამოკვება. უპირველესია სახელმწიფომ შეძლოს დევნილთა დასაქმება, ყველა თავისი შესაძლებლობითა და პროფესიის მიხედვით,“- აღნიშნა იოსებ კენჭაძემ.
მისი თქმით, ქუთაისი აუცილებლად უნდა დაიტვირთოს ფუნქციებით და გახდეს პოლიტიკური ცენტრი.
„აუცილებელია გაცოცხლდეს საპარლამენტო დედაქალაქის ფუნქცია. საპარლამენტო ქალაქი ნიშნავდა იმას, რომ პერსპექტივაში ქუთაისი გახდებოდა ქვეყნის პოლიტიკური ცენტრი. შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ დღეს საძოვრად არ გადაიქცეს 400 მილიონიანი ინვესტიცია და არ დაიშალოს ის ლამაზი შენობა, რომელიც არქიტექტურულად მიმზიდველია. ის შენობა დაპროექტებულია პარლამენტად და ამ ფუნქციით უნდა გამოვიყენოთ. ქუთაისი არის ეროვნული მნიშვნელობის ქალაქი და მას შეუძლია შეითავსოს, როგორც პარლამენტი, ასევე კანცელარია, სემეკი და დაემატოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო,“- განაცხადა პარტია „მოქალაქეების" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა იოსებ კენჭაძემ.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"