"წავა თუ არ წავა ხელისუფლება დათმობაზე, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მაინც მოუწევს" - ძაბირაძე
ხელისუფლება ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ ვარიანტს, რომ ახლავე იქნას აღიარებული არჩევნების გაყალბებით ჩატარება, არ დათანხმდება, გამოსავალი შეიძლება, იყოს პოლიტიკური შეთანხმება იმაზე, რომ ოპოზიცია შევა პარლამენტში, ცვლილებები შევა საარჩევნო კოდექსში და ერთი წლის ვადაში ჩატარდება რიგგარეშე არჩევნები, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.
ძაბირაძის განცხადებით, რთული სათქმელია, „ქართულ ოცნებაში“ აცნობიერებენ თუ არა, თუმცა, ქვეყანა რიგგარეშე არჩევნების წინაშე მაინც დადგება, რადგან ობიექტურად არის მძიმე ვითარება და „ქართულ ოცნებას“ მომდევნო 4 წელი ხელისუფლების შენარჩუნება გაუჭირდება.
„პრობლემა მხოლოდ პარლამენტის ერთპარტიულობაში კი არ არის, პრობლემა ის არის, რომ იქნება უამრავი სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური პრობლემები, რომელსაც ხელისუფლება ვერ გადაჭრის. არ ვიცი, დღეს ამას რამდენად აცნობიერებს ხელისუფლება, მაგრამ ძალიან მალე დადგება ასეთი რეალობის წინაშე. წავა თუ არ წავა ხელისუფლება დათმობაზე, მას რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მაინც მოუწევს. ამიტომ მხოლოდ ეს არის გამოსავალი, რომ ოპოზიცია შედის პარლამენტში და ხდება პოლიტიკური შეთანხმება, რომ მოხდება საარჩევნო კოდექსის შეცვლა და ერთი წლის ვადაში ჩატარდება რიგგარეშე არჩევნები. მაგრამ თუ ოპოზიცია დარჩება ქუჩაში, არც ხელისუფლება გადადგამს ნაბიჯს“, - განაცხადა ძაბირაძემ.
ამასთან, ძაბირაძე მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებების პროცესში უბნების გადათვლაზე უარი ოპოზიციის მხრიდან, მათთვის არამომგებიანია.
„ოპოზიცია უნდა დათანხმდეს გადათვლაზე და უნდა გააკეთოს შემხვედრი წინადადება, რომ შეადგინონ ჯგუფი, არასამთავრობოების და პოლიტიკური წარმომადგენლების მონაწილეობით, რომელიც გადათვლის და ეს პროცესი იქნება ღია. ყველა უბნის გადათვლა რომ მოუწიოთ, უნდა გადათვალონ. ეს პოლიტიკურად მომგებიანია ოპოზიციისთვის,“ - განაცხადა ძაბირაძემ.
მისივე თქმით, წინა შემთხვევაში, როცა ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებები პროპორციულთან მიახლოებული სისტემის მიღებით დასრულდა, სხვა ვითარება იყო, „ახლა კი სახის შენარჩუნება არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ ოპოზიციასაც სჭირდება“.
„ადრეც იყო საუბარი იმაზე,რომ ქუჩის აქციებმა აიძულა ხელისუფლება დათმობაზე წასულიყო, მაგრამ ეს არ არის მთლად სწორი შეფასება, ამაში საერთაშორისო პარტნიორების განმსაზღვრელი წვლილი იყო, მაშინ იმდენად ცუდ დღეში აღმოჩნდა ხელისუფლება, როცა დანაპირები უკან წაიღო და ეს იმდენად ცალსახა იყო, რომ არგუმენტი არ ჰქონდათ არა მხოლოდ მოსახლეობასთან, არამედ დასავლეთთან, დღეს სხვა ვითარებაა, იგივე დასავლეთმა ამ არჩევნების შედეგები აღიარა, ამიტომ დღეს დასავლეთის სხვა რამეში დარწმუნება, მარტივი არ იქნება, ამიტომ ოპოზიციას გაუჭირდება. თუ ოპოზიცია პერმანენტულ აქციებს დააანონსებს, უნდა გაითვალისწინოს, რომ ზამთარი მოდის, მძიმე პერიოდია და არ იქნება პროტესტის ის მუხტი, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ხელისუფლება დათმობაზე წამოიყვანონ. ამიტომ ოპოზიციამ უნდა ეძებოს გამოსავალი და ისეთი გამოსავალი, რომ დღეს თუ არა, ხვალ რომ რიგგარეშე არჩევნები იქნება, სახე ჰქონდეს შენარჩუნებული, დღეს მხოლოდ ხელისუფლებას არ სჭირდება სახის შენარჩუნება დასავლელ პარტნიორებთან, ეს სჭირდება ოპოზიციასაც, იმისთვის რომ სიტუაცია მათთვის იყოს მომგებიანი“, -განაცხადა ძაბირაძემ.
სიახლეები
- ,,ველი კიდევ 3 წელს, 16 წელი მექნება სასჯელი - სერიულ მკვლელებს და პედოფილებს უსჯიან ამდენს"- მიხეილ სააკაშვილი
- ,,სხვას რომ ხმა ამოეღო, ჩემი შვილი არ მოკვდებოდა" - გიგა ავალიანის დედა პროკურატურის განცხადებას ეხმაურება
- ,,ჩვენი ქვეყანა ღიაა იმისათვის, რომ სუფთა ფურცლიდან მოხდეს საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის დაწყება"- ზვიად შალამბერიძე
- ,,ჩვენი და ამერიკის თანხვედრა ღირებულებით ნაწილში, მსოფლმხედველობით ნაწილში, პოლიტიკურ ჭრილს ვგულისხმობ, ერთი-ერთში ემთხვევა”
- ,,როგორც ჩანს, ქალბატონმა ფონ დერ ლაიენმა, როგორც იქნა, რუკას დახედა და გაათვითცნობიერა ის, რომ საქართველო მართლაც საკვანძო ადგილზე იმყოფება” – ლევან მაჭავარიანი
