გეოპოლიტიკური ფორსმაჟორი, ანუ რატომ ჩამოდის პომპეო?!

“პომპეო ჩამოდის იმიტომ, რომ საქართველო და აშშ სტრატეგიული პარტნიორები არიან და ჩვენი თანამშრომლობა ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ მოვლენებს ხშირად ქართული პრიზმიდან ვუყურებთ.

მე მოვისმინე ასეთი შეკითხვაც, თუკი აშშ-ში ადმინისტრაცია იცვლება, ეს ხომ არ დააკნინებს ამ ვიზიტსო. ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არის “არა”. ქვეყნებს შორის ურთიერთობა არ არის დამოკიდებული პერსონალიებზე, ის დამოკიდებულია როგორც მოქმედი, ისე მომავალი ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვან გრძელვადიან ინტერესებზე. ასე რომ, პომპეოს ვიზიტი არ არის რიგითი მოვლენა”, - აცხადებს ექსპერტი თენგიზ ფხალაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით გეოპოლიტიკური ფორსმაჟორი, ანუ რატომ ჩამოდის პომპეო?! / “საერთო-ეროვნული ინტერესის საგანი უნდა იყოს, რომ მივაღწიოთ ისეთ სტანდარტს, როცა აღარასდროს დაგვებადება კითხვები არჩევნების გაყალბების შესახებ. ეს არის ეროვნული ღირსების საკითხიც, ინტერესიც და უმნიშვნელოვანესი წინა პირობა ქვეყნის განვითარებისთვის”.

 

“აქ ორი მთავარი საკითხია: პირველი - უსაფრთხოება, განსაკუთრებით რეგიონში ბოლოდროინდელი მოვლენების შემდეგ. ამიტომაც საქართველოს დაცულობის გასაძლიერებლად ეს ვიზიტი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. მეორე საკითხია საქართველოს შემდგომი დემოკრატიული განვითარებისთვის მხარდაჭერა, რაც ნათქვამია კიდეც სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ განცხადებაში. ამ ვითარებაში, როცა რეგიონში ძალთა ბალანსი იცვლება, როცა ძლიერდება რუსეთი, უმნიშვნელოვანესი და ძლიერი გზავნილია ამერიკის სახელმწიფო მდივნის საქართველოში ჩამოსვლა. ამას როგორ გამოვიყენებთ, რა ინიციატივებით დავხვდებით და რას შევთავაზებთ, დრო გვაჩვენებს”, აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზ ფხალაძე.

 

“აზერბაიჯანმა დაიბრუნა ტერიტორიის ნაწილი და ის გარკვეულწილად გამარჯვებულია, მაგრამ რუსეთი უფრო აქტიურად ჩაერთო ამ პროცესებში. მოგეხსენებათ, აზერბაიჯანი იყო ერთადერთი სახელმწიფო კავკასიაში, სადაც რუსეთს არ ჰქონდა სამხედრო ინფრასტრუქტურა და არ ჰყავდა შეიარაღებული ძალები, ამ შეთანხმებით კი მას ლეგალური საფუძველი მიეცა შეიარაღებული ძალების აზერბაიჯანის ტერიტორიაზე განსათავსებლად და ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. არ არის მხოლოდ კონფლიქტის ზონაზე ლაპარაკი, არამედ 2 მნიშვნელოვან დერეფანზე: ერთია თავად კონფლიქტის ზონა და ლაჩინის დერეფანი, ხოლო მეორე დერეფანი აზერბაიჯანს აკავშირებს ნახჭევანთან, რომელიც მოწყვეტილია ქვეყნის ძირითადი ნაწილისგან და მას რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის შეიარაღებული ძალები გააკონტროლებენ. ასე რომ, რუსეთი აქტიურად შემოდის რეგიონში, აძლიერებს გავლენას აზერბაიჯანზე, სადაც, გარდა იმისა, რომ სამხედრო ძალებს განათავსებს, მნიშვნელოვანი პოლიტიკური ბერკეტიც მოიპოვა იმ პოზიციის წყალობით, რაც ბოლო კვირებში ყარაბაღში ცხელი კონფლიქტისადმი ჰქონდა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

“რუსეთს აქვს სომხეთზე ზემოქმედების ბერკეტებიც და ახლა შეეცდება ისინი უფრო გააძლიეროს და სომხეთში მხარი დაუჭიროს იმ პოლიტიკური ჯგუფის ხელისუფლებაში მოსვლას, რომელიც ადვილად დაემორჩილება კრემლის ბრძანებებს. საინტერესოა რეგიონში თურქეთის გამოჩენაც, თუმცა აზრი, რომ ამ ე.წ. სამშვიდობო პროცესში რუსეთის თანაბრად იქნება წარმოდგენილი, მცდარია. თურქები მიიღებენ მონაწილეობას მონიტორინგის ცენტრის საქმიანობაში, თუმცა რუს სამშვიდობოებს ვერ ჩაანაცვლებენ. რეგიონში რუსეთის ასეთი გაძლიერება ჩვენთვის პრობლემაა, უნდა გვახსოვდეს, რომ ე.წ. რუს სამშვიდობოებს არასდროს შეუსრულებიათ სამშვიდობო მისია. რუსეთი ახლა ჩვენს რეგიონში დამკვიდრებაზე მზარდი ამბიციების ხორცშესხმას ცდილობს. მას სურს აკონტროლებდეს რეგიონსა და სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოს, ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ აღმოსავლეთ-დასავლეთ დერეფანს. მას სურს სუვერენიტეტი შეუზღუდოს იმ სახელმწიფოებს, რომლებიც რუსეთის გავლენის სფეროდან თავის დაღწევას ცდილობენ. ვიმეორებ - ამ ყველაფრის გათვალისწინებით პომპეოს ვიზიტი უმნიშვნელოვანესია”, - მიიჩნევს ექსპერტი.

 

“ფაშინიანი მოვიდა იმ იდეებით, რომ გაეტარებინა რეფორმები და ექცია სომხეთი ნაკლებად კორუფციულ და დასავლურ სახელმწიფოდ, რომელიც შედარებით ნაკლებად იქნებოდა დამოკიდებული მოსკოვზე. სხვათა შორის, ფაშინიანის პირველი ნაბიჯები ყარაბაღთანაც იყო დაკავშირებული. მხარეების პირველი შეხვედრები ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ შეიძლებოდა წინ წასულიყვნენ კონფლიქტის მოგვარების საქმეში, მაგრამ მას სერიოზული პრობლემები შეექმნა თავად ქვეყანაში, კერძოდ, ყარაბაღის პოლიტიკურ დაჯგუფებასთან, რომელსაც რუსეთი უჭერდა მხარს. დასანანია, რომ ფაშინიანს არ ეყო პოლიტიკური გამოცდილება დასახული სტრატეგია სწორი ტაქტიკით გაემყარებინა და შედეგად მივიღეთ ის, რაც მოხდა. რუსეთის პოზიცია ამ ვითარებაში ასეთი იყო: თქვენ სცადეთ უჩემოდ რაღაცის გაკეთება, მე მოგეცით ამის საშუალება და ნახეთ, რაც მოგივიდათ, უჩემოდ არაფერს წარმოადგენთო... ეს იყო გზავნილი, რომელიც თავისი ჩაურევლობით რუსეთმა სომხეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასა და მოსახლეობას გაუგზავნა”, - ამბობს თენგიზ ფხალაძე.

 

“ყარაბაღში კონფლიქტის ეს ფაზა დაემთხვა თუ დაამთხვიეს იმ პერიოდს, როცა ევროპაც და აშშ-იც დაკავებული იყვნენ სხვა მნიშვნელოვანი საკითხებით და არ ჰქონდათ ამ პროცესებში ჩარევის საშუალება. უპირველესად ეს იყო აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები და ასევე კოვიდპანდემია. მიუხედავად ამისა, დასავლეთმა სცადა რეაგირება: მაკრონის აქტიურობის გარდა, გვახსოვს აშშ-ის სამშვიდობო ინიციატივა... ამის მიზეზი უნდა ვეძებოთ არა დღევანდელობაში, არამედ წარსულსა და იმაში, რომ უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები, რაც ჩვენს რეგიონშიც მოქმედებს, ნაკლებად ქმედითია კონფლიქტის აღმოსაფხვრელად. რუსეთს იმთავითვე ჰქონდა ისეთი კარტ-ბლანში, რაც მას მოქმედების თავისუფლებას აძლევდა. ახლაც დამტკიცდა, რომ ეუთოს მინსკის ჯგუფმა თავისი როლი კონფლიქტის მოგვარებაში დიდად ვერ შეასრულა. თავის დროზე თითქოს კი მოახერხეს კონფლიქტის გაყინვა, მაგრამ კრემლი დროდადრო თავისი შეხედულებისამებრ ხან ააქტიურებდა კონფლიქტს, ხან ვითომ გაყინავდა. აშშ-ში ხელმოწერილი დეკლარაციის შესრულების ბერკეტი დასავლეთს არ ჰქონდა, რადგან ისინი ისევ რუსეთის ხელში აღმოჩნდა. ის ორივე სახელმწიფოს აიარაღებდა, მუდმივად ქმნიდა დაძაბულობისა და შეტაკების საბაბს და ბოლოს მიაღწია კიდეც მიზანს. კრემლის გზავნილი ასეთი იყო: მე შემიძლია პრობლემის მოგვარებაც და მისი გადაწყვეტაცო...” - განმარტავს ექსპერტი.

 

“ჩვენი არჩევნები, სამწუხაროდ, არ არის პირველი არჩევნები, როცა ცესკომ მაღალი სტანდარტებით ვერ იმუშავა. საერთო-ეროვნული ინტერესის საგანი უნდა იყოს, რომ მივაღწიოთ ისეთ სტანდარტს, როცა აღარასდროს დაგვებადება კითხვები არჩევნების გაყალბების შესახებ. ეს არის ეროვნული ღირსების საკითხიც, ინტერესიც და უმნიშვნელოვანესი წინა პირობა ქვეყნის განვითარებისთვის. ამაზეა დამოკიდებული ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. არჩევნებს იგებს ამომრჩეველი და არა ის, ვინც ხმებს ითვლის! ამის საწინააღმდეგო კლიშედან ერთხელ და სამუდამოდ უნდა გამოვიდეთ. იმედია, მხარეები მიხვდებიან, რომ თუ გვსურს ქვეყნის წინსვლა, ორივე მხარემ ერთმანეთთან უნდა ითანამშრომლოს... თუ ხმები თავიდან გადაითვალეს, ეს უნდა იყოს ღია პროცესი. უნდა ესმოდეს ყველას, რომ გადათვლა სჭირდება არა ხელისუფლებას ან ოპოზიციას, არამედ ქვეყანას. თუ ხელისუფლება თავს პატივს სცემს, ოპოზიციის მოთხოვნის გარეშეც უნდა შეისწავლოს, რატომ არ ესადაგება ერთმანეთს ოქმებში ციფრები. ამ თემის დახურვა ღირსების საკითხია”, - თვლის ფხალაძე.

 

“ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების ინიციატივა, მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ - პოლიტიკური სიმწიფე, რომ ყველა საკითხის გადაწყვეტაზე ყოფილიყო ორიენტირებული, ძალიან გვაკლია. ისევ რადიკალიზაციისკენ მიდრეკილება ჩანს. ეს ის ბარიერია, რომელიც აუცილებლად უნდა გადავლახოთ. ჩვენ ამ ვითარებიდან გამოვალთ ან როგორც გაძლიერებული დემოკრატიული სახელმწიფო, ან წავალთ იმავე წრეზე, რომელზეც ამდენი ხანია ვტრიალებთ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია შეთანხმება. ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენი მომავლისთვის. ხელის გადაგრეხა, კარის ჩაკეტვა და ა.შ., არ არის ის გზა, რაც მოლაპარაკებაში უნდა გამოიყენებოდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია ნაკლები ულტიმატუმი და მეტი ორიენტაცია სახელმწიფო ინტერესებზე. თუ ამას მიაღწევენ, ეს ქვეყნისთვისაც კარგი იქნება და მათი პოლიტიკური მომავლისთვისაც”, - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “14 ნოემბერს გამართულ აქციაზე პირველად გამოჩნდა ძალიან ბევრი პლაკატი წარწერით “მიშა, ჩამოდი!”, არადა, ეს თემა ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს...” - პასუხობს:

 

“ეს ორპოლუსიანი პარადიგმა არაფრით არ ემსახურება საქვეყნო ინტერესებს. მიშას ჩამოსვლის თემის გააქტიურება, პოლიტიკურ პროცესში მისი აქტიურობა სწორედ ორპოლუსიანობის გაძლიერებაა. არადა, ეს არ გვაძლევს განვითარების საშუალებას, არჩევნის გაკეთება ცუდსა და უარესს შორის უნდა დასრულდეს! ისე, იმდენს იძახებს მიშა ჩამოვალო, რომ საბოლოოდ გახლეჩს ოპოზიციას”.

წაკითხვა 548 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 16 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.