რატომ ეპატიჟება ბჟანია „ასტორია გრანდეს“ ოკუპირებულ აფხაზეთში

“დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია რუსულ საკრუიზო “ასტორია გრანდეს” ოკუპირებულ აფხაზეთში ეპატიჟება და აცხადებს, რომ რუს ტურისტებს ბათუმის მსგავსად არ დახვდებიან და “თბილად მიიღებენ”.

როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ესაა კრემლისგან ნაკარნახევი გზავნილი, რომელიც მიმართულია, როგორც საქართველოს ხელისუფლების, ისე ქართველი ხალხისკენ. “რესპუბლიკა დაინტერესებულია ტურისტული სერვისების გაფართოებით, გეოგრაფიული შესაძლებლობების გათვალისწინებით კი ზაფხულში საკრუიზო ლაინერების მომსახურება ყველაზე პერსპექტიულად ითვლება”, - განაცხადა ბჟანიამ რუსულ გამოცემა ტასს-თან. ბჟანიამ ამის შესახებ ბათუმის პორტში რუსი ტურისტების წინააღმდეგ გამართული ”არამეგობრული აქციის” შესახებ კომენტირებისას განაცხადა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რატომ ეპატიჟება ბჟანია „ასტორია გრანდეს“ ოკუპირებულ აფხაზეთში.

 

“სოხუმის საზღვაო პორტი ტექნიკურად მზად არის მიიღოს “ასტორია გრანდეს” ტიპის გემები. სიხარულით გიწვევთ ჩვენთან, აფხაზეთში და გპირდებით, რომ რუს ტურისტებს აფხაზური სტუმართმოყვარეობის სულისკვეთებით თბილად მივიღებთ. თუ ღირსეულად მივიღეთ ლაინერი “კნიაზ ვლადიმირი”, ადგილი “ასტორია გრანდესთვისაც” მოიძებნება”, - აღნიშნა ბჟანიამ. როგორც ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ამბობს, რადგან ბჟანიას აქცენტი აქვს ე.წ. არამეგობრულ აქციაზე, ეს განცხადება კრემლის ნაკარნახევია და გზავნილია, როგორც ქართველი ხალხისთვის, ისე ხელისუფლებისთვის. შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი აცხადებს, რომ არაა გამორიცხული, რომ სანქციების ფონზე რუსეთმა აფხაზეთს დაფინანსება შეუმციროს და ახლა ბჟანია ერთგულებას უმტკიცებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“საბჭოთა კავშირში სააგიტაციო ჯგუფები იყვნენ, რომლებიც ასე დადიოდნენ და “როსპოტრებნაზორმა” ეს სტილი აღადგინა, “ასტორია გრანდეზეც” მსგავსი 800-კაციანი ჯგუფი იყო, რომლებიც სწორედ სააგიტაციოდ იყვნენ შერჩეულები. მათ გარკვეული დავალება ჰქონდათ, რომ საქართველოსა და თურქეთში რუსული პროპაგანდული საქმიანობა განეხორციელებინათ და ეს ტური ერთგვარი სასინჯი მოთელვა იყო. ისინი საქართველოში შეგნებულად შემოვიდნენ და ხალხის რეაქციები მოსინჯეს. მათ ბჟანიას მიწვევა ისედაც არ სჭირდებათ. ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკის 40% ისედაც რუსების ხელშია, ე.წ. უვიზო მიმოსვლა აქვთ და დაპატიჟება არ სჭირდებათ. ეს განცხადება კრემლისგანაა ნაკარნახევი და ბჟანიამ პოლიტიკური გზავნილის ვარიანტში გააკეთა, შესაძლოა ეს აღვიქვათ, როგორც მმართველი გუნდის, ისე ქართველი ხალხის მიმართ არაპირდაპირი მესიჯი. რუსები ცდილობენ, რომ რბილი ძალა შემოიყვანონ და თბილისსა და აფხაზეთს შორის ე.წ. მეხანძრის როლი ითამაშონ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

 

“ჩემი ინფორმაციით, “ასტორია გრანდე” სეიშელის კუნძულებზე, ანუ თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში იყო დარეგისტრირებული, რომელიც თურქეთში რეგისტრირებულ კომპანიას ეკუთვნის. ასეთი ტიპის კრუიზით შემოსვლა, რა თქმა უნდა რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურის ეგიდით განხორციელებული აქცია იყო. ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, დე ფაქტო სოხუმის პორტს შეუძლია, რომ ასეთი გემები მიიღოს. მით უმეტეს, სოხუმის პორტისა და ბაბუშერას აეროპორტისთვის სერიოზული რუსული ფული იდება. აფხაზები ისე დახვდებიან, როგორც ახლა რუს ტურისტებს ხვდებიან, ამაზე მგონი პრობლემა არ იქნება. ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებების მერე, ახლა რუსები აფხაზეთს მოაწყდნენ. ასეთი ტიპის გემების შემოსვლას კიდევ უნდა ველოდოთ, რადგან რუსულ სახელმწიფო ტელევიზიებში იყო საუბარი, რომ ბათუმის აქციაზე იმაზე ცოტა ხალხი იყო, ვიდრე რუსულ გემზე იყვნენო. თბილისის აქციაზეც თქვეს, რომ ოცი კაციც არ იქნებოდაო და ეს ქართველი ხალხის პოზიცია არ არისო” ,- დასძენს ვახტანგ მაისაია.

 

“ბჟანია რუსეთს ერთგულებას უმტკიცებს. მან რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ რუსეთმა დაფინანსება, რომ შეგვიწყვიტოს მერე რას ვაკეთებთო, ამის ალტერნატივა უნდა გვქონდეს, ამიტომაც ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება აუცილებელიაო. ეს შესაძლოა წამოცდენა იყო, მაგრამ ფაქტია, რომ აფხაზეთს რუსეთიდან დაფინანსება უმცირდება. არაა გამორიცხული, რომ ეკონომიკური სანქციების ფონზე, ეს კიდევ უფრო შემცირდეს, ამიტომაც ბჟანიას სურს, რომ რუსი ტურისტები რაც შეიძლება მიიზიდოს. სოცქსელებში რამდენიმე ვიდეოა, აფხაზეთში რუს ტურისტებს როგორ ექცევიან, იქ მკვლელობაც კი მოხდა. აფხაზურ საზოგადოებაში რუსების მიმართ უკმაყოფილება იზრდება, ბჟანია კი იძულებულია, რომ რუსეთთან ყველანაირ დათმობაზე წავიდეს და ახლაც ერთგულება დაუდასტურა. თურქეთში რუსი ტურისტების რაოდენობა საგრძნობლადაა შემცირებული, ისინი ასევე ვერ მიდიან ოკუპირებულ ყირიმში და უფრო ოკუპირებულ აფხაზეთს მიაწყდნენ”, - მიიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

წაკითხვა 388 ჯერ

Related items

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.