რუსეთის გრანდიოზული წვრთნები შავ ზღვაში - რა საფრთხის შემცველია საქართველოსთვის

"რუსეთი შავ ზღვაში სამხედრო საზღვაო წვრთნებს იწყებს, სადაც მონაწილეობას მიიღებენ როგორც სამხედრო მოსამსახურეები, ასევე სპეციალური სამხედრო ტექნიკა, წვრთნების დროს განხორციელდება ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების გაშვებაც, რეალურად, შესაძლოა ამ წვრთნებმა საქართველო საფრთხის წინაშე უკვე მეორედ დააყენოს.

საქმე ისაა, რომ 2008 წლის ივლისში აგვისტოს ომამდე რუსეთმა კავკასიაში მასშტაბური სამხედრო წვრთნები ჩაატარა, სამხედრო წვრთნების მონაწილეებს დაურიგდათ ბროშურები, რომელიც შეიცავდა ინფორმაციას საქართველოს შეიარაღებული ძალების თაობაზე”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რუსეთის გრანდიოზული წვრთნები შავ ზღვაში - რა საფრთხის შემცველია საქართველოსთვის

 

"დაანონსებული წვრთნები საზღვაო პოლიგონებზე ბარენცის, ბალტიის, შავი, ოხოტის და კასპიის ზღვებში 15-17 ოქტომბერსაა დაგეგმილი,რაც ყველაზე მთავარია, სწავლების დროს განხორციელდება ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების გაშვება, ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს პირადი შემადგენლობის 12 ათასი წევრი, სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ძალების 213 გამშვები დანადგარი, 105 საფრენი აპარატი და ხუთი წყალქვეშა ნავი, ასევე 310 ერთეული საბრძოლო სპეციალური ტექნიკა, წვრთნები გაიმართება საზღვაო პოლიგონებზე ბარენცის, ბალტიის, შავი, ოხოტის და კასპიის ზღვებში" - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ ერთის მხრივ საქართველოს ტერიტორიის სიახლოვეს გამართული რუსეთის სამხედრო წვრთნები საფრთხის შემცველია, თუმცა მისივე თქმით, მეორეს მხრივ მას შავ ზღვაში წვრთნების ჩატარების უფლება აქვს. გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიის ორი ნაწილი აქვს ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, აქედან გამომდინარე, ჩვენი და რუსეთის ურთიერთობა, ბუნებრივია, არაა დალაგებული, ნებისმიერი მორიგი რუსული სამხედრო სწავლება, რომელიც იმართება ან საქართველოს საზღვართან სანაპიროსთან, ან ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ეს რა თქმა უნდა, გარკვეულ საფრთხეს შიცავს”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

"მეორეს მხრივ, რუსეთი როგორც შავი ზღვის რეგიონის წევრი ქვეყანა, რა თქმა უნდა მას სრული უფლება აქვს ამ ტერიტორიაზე (შავ ზღვაში) სწავლება ჩაატაროს და ამას ვერავინ ვერ აუკრძალავს, ისევე როგორც დანარჩენ ხუთ ქვეყანას - თურქეთს, ბულგარეთს, რუმინეთს უკრაინას და საქართველოს. გამომდინარე იქიდან, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემოტევა და საქართველოში შემოჭრა მოხდა სწორედ მაშინდელი სწავლების „კავკასია 2008"-ის შემდგომ, რა თქმა უნდა ესეც ერთგვარი საფრთხის საფუძველია. თუმცა, ამ ეტაპზე მიმაჩნია, რომ რუსული სამხედრო ღია აგრესიის გაგრძელების საფრთხე ნაკლებად რეალურია."-განაცხადა მან”, - განაგრძობს გამოცემა.

 

"ალადაშვილი თვლის, რომ საქართველო-რუსეთისა და საქართველო-უკრაინის კონფლიქტების დროს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს არ უმოქმედია, თუმცა, მისივე თქმით, ალიანსი ახლა იწყებს გააქტიურებას და ევროპაში უპრეცედენტო სამხედრო წვრთნების ჩატარებას. ყველამ ვიცით 2008 წელს, როდესაც საქართველოში რუსეთი შემოიჭრა, ნატოს როგორ ეძინა, როგორ ეძინა 2014 წელს, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, თუმცა, ახლა ნატო თავის მხრივ უკვე იწყებს სწავლებების ჩატარებას და როგორც ცნობილია, მომავალ წელს იგეგმება, ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი სწავლება „Defender 2020", რომელიც ალიანსმა ცივი ომის დროს რომ ჩაატარა, დაახლოებით იმ მასშტაბების იქნება, როგორც წესი, ყველანაირი სამხედრო სწავლება გეგმიურად ტარდება, იმის თქმა, რომ ნატოს გამო რუსეთმა წვრთნები ჩაატარა, ძნელია, ნებისმიერ სწავლებას დრო უნდა, რომ დაიგეგმოს, დაიხვეწოს ამოქმედდეს ლოჯისტიკა და ა.შ, ეს ერთ და ორ დღეში არ ხდება, ამას თვეები სჭირდება, საერთო ჯამში, ყველა სწავლება გარკვეულწილად სავარაუდო მოწინააღმდეგის მიერ ჩატარებული სწავლების ანალიზიდან გამომდინარეა."-აცხადებს ალადაშვილი”, - დასძენს გამოცემა.

 

"შეგახსენებთ, რომ 2020 წელს აშშ ევროპაში სამხედრო წვრთნების ჩატარებას გეგმავს, წვრთნებში 20 000 ამერიკელი და 8 000 ევროპელი სამხედრო ჩაერთვება. აღსანიშნავია, რომ ბოლო 25 წლის მანძილზე, ეს აშშ-ს ყველა მასშტაბური წვრთნაა, რომელსაც ევროპაში განახორციელებს. "Defender Europe 2020" მომავალი წლის აპრილიდან მაისამდე ჩატარდება, წვრთნა 10 ქვეყანაში გაიმართება, მათ შორის საქართველოში, გერმანიაში, პოლონეთში, ლატვიაში, ლიტვასა და ესტონეთში”, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 941 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.