“ეს მხოლოდ საჩვენებელი წვრთნები არაა” - ვაზიანში 200 ამერიკელი მედესანტე დაეშვა
“საქართველოში “ღირსეული პარტნიორი 2020”-ის წვრთნები ოფიციალურად 7 სექტემბრიდან დაიწყება, თუმცა მანამდე აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ქვედანაყოფებმა ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე საჰაერო-სადესანტო კომპონენტის საჩვენებელი სწავლება გამართეს.
სამშაბათს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე აშშ-ის არმიის 173-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადის 200 მედესანტე პარაშუტით დაეშვა, დესანტირების გადმოსხმის ოპერაციას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, ნატოს სახმელეთო სარდლობის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი როჯერ კლუტიე, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი, სწავლების ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი როლანდ ძნელაძე და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები აკვირდებოდნენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ეს მხოლოდ საჩვენებელი წვრთნები არაა” - ვაზიანში 200 ამერიკელი მედესანტე დაეშვა.
“თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, საჰაერო-სადესანტო საჩვენებელი სწავლება აშშ-ის ევროპული სარდლობისა და საჰაერო ძალების ევროპული სარდლობის ოთხი “ჰერკულესის” ტიპის თვითმფრინავით განხორციელდა. მათივე ცნობით, თვითმფრინავები ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე რუმინეთიდან, მიჰაილ კოგელნიჩენუს საჰაერო ბაზიდან შავი ზღვის გავლით შემოვიდა. ვაზიანისა და ნორიოს საწვრთნელ ბაზებზე 7-18 სექტემბერს გამართულ სამხედრო წვრთნაში მონაწილეობას დაახლოებით 2,800 სამხედრო პირი საქართველოდან, პოლონეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიიღებს. როგორც ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” ამბობს, შესაძლოა აღნიშნული წვრთნები რუსეთის მიერ სექტემბრის თვეშივე დაგეგმილი “კავკასია 2020”-ის საპირწონე იყოს, სადაც მისი თქმით, ამერიკელებმა აჩვენეს თუ (მიუხედავად იმ ისა, რომ საქართველოში ამერიკის სამხედრო ძალები განლაგებული არაა) საჭიროების შემთხვევაში რამდენად სწრაფად შეუძლიათ “აქ უცებ გაჩნდნენ”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ღირსეული პარტნიორი” ყოველ წელს იმართება ხოლმე, ეს “პარტნიორობა მშვიდობისთვის” სულისკვეთებით განხორციელებული აშშ-ის არმიის, ევროპული სარდლობისა და საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობის ერთობლივი წვრთნებია, რომელიც 7 დან 18 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება, მასში მონაწილეობას პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, საქართველო და აშშ იღებს. 173-ე სადესანტო ბრიგადის ნაწილების ორი ასეულის საქართველოში გადმოსროლა რუმინეთის სამხედრო ბაზიდან “ჰერკულესის” ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თითმფრინავებით მოხდა, ეს იყო სადემონსტრაციო წვრთნების ფორმატში სავარაუდო სამხედრო აეროპორტის დაკავების სცენარი. ძირითადად ეს წვრთნები სექტემბრის თვეში მხარეების შეთანხმების საფუძველზე იმართება ხოლმე, წვრთნებში სახმელეთო და საზღვაო კომპონენტებიც ერთვებიან ხოლმე, თუმცა ამ წელს რომელი იქნება ეს არ ვიცი. რუსეთი სექტემბრის თვეში “კავკასია 2020” წვრთნებს იწყებენ და შესაძლოა აქ ჩატარებული წვრთნები ამის პასუხი და ერთგვარი საპირწონეც იყოს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
“ამ შემთხვევაში ამერიკელებისთვის მნიშვნელოვანია ის, რომ რუსეთის წვრთნებში მონაწილეობას ჩინეთის სახალხო არმიის ნაწილებიც იღებენ, რუსეთი და ჩინეთი 2018 წლიდან თანამშრომლობენ და ერთობლივ წვრთნებს ატარებენ, მათ აღმოსავლეთ ოპერატიულ სტრატეგიულ სარდლობაში ფართომასშტაბიანი წვრთნები ჩაატარეს, ახლა კი ჩინეთი “კავკასია 2020”-შიც მიიღებენ მონაწილეობას, რაშიც პაკისტანის და ბელორუსის სამხედრო ნაწილებიც ჩაერთვებიან, ინდოელებმა ამაზე უარი თქვეს. პოსტ პანდემიის პერიოდში ესაა პირველი მასშტაბური წვრთნები, სადაც ამერიკის მაღალი სამხედრო ჩინოსნები ჩამოდიან, წვრთნებს ამერიკის ელჩი სამხედრო ატაშე საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თავდაცვის ძალების მთელი შემადგენლობა დაეწრნენ, საქართველოს მხრიდან ამ წვრთნებს როგორც ვიცი პოლკოვნიკი ძნელაძე ხელმძღვანელობს. წვრთნების სავარაუდო სცენარი ალბათ ასიმეტრიული სამხედრო საფრთხეების პრევენცია, ტერორისტული ჯგუფების ლიკვიდაცია, სამშვიდობო ოპერაცია იქნება, წინა წვრთნებში მძიმე სამხედრო ტექნიკა იყო ჩართული, თუმცა ამ ეტაპზე ალბათ უფრო მსუბუქი კავალერიული ტიპის ნაწილები იქნებიან ჩართულები, აქ უფრო სწრაფი რეაგირების მანევრები იქნება ჩართული”, - განაგრძობს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში.
“აქ ამერიკელებმა რუმინეთიდან სამხედრო ნაწილები ოპერატიულად გადმოისროლეს, ანალოგიურ გადასროლებს რუსებიც ახორციელებენ, თან მით უმეტეს გერმანიიდან გამოყვანილი ამერიკული სამხედრო კონტინგენტის რუმინეთში და პოლონეთში განთავსება ხდება, დააფიქსირეს, რომ შეუძლიათ ჯარები ოპოერატიულად გადმოისროლონ, ამით თქვეს, რომ ამერიკის სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულები არ არიან, მაგრამ მათ შესაძლოა ისინი საჭიროების შემთხვევაში აქ უცებ გაჩნდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ვაზიანის სამხედრო ბაზას შეუძლია, რომ მძიმე სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავებიც კი მიიღოს”, - დასძენს მაისაია.
სიახლეები
- "აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის გზავნილები თავიდან ბოლომდე არის სრულ თანხვედრაში ჩვენს გზავნილებთან, მათ შორის იმ ორ კანონთან, რომელიც ჩვენ მივიღეთ"- ირაკლი კობახიძე
- კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს და სხვა პირებს, რომ ამ დაძაბულ დღეებში მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ თითოეულ სიტყვას, რამაც შეიძლება, ყველასთვის სავალალო შედეგი გამოიღოს – საპატრიარქო
- 2 დეკემბრის აქციიდან კლინიკაში 26 ადამიანი მოხვდა
- ტრამპმა დაასახელა პირველი ქვეყანა, სადაც პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მიემგზავრება
- აქციის დაშლის გადაწყვეტილება კვლავ უკანონო იყო - საია