სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000 ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა. შესაბამისად, ირაკლი ოქრუაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.
გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე მიიღო, რითაც გირაოს პატიმრობით შეცვლის თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ირაკლი ოქრუაშვილმა მას შემდეგ, რაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, მოსამართლე ნინო თარაშვილს მიმართა კითხვით, თუ რომელ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანდნენ. ოქრუაშვილმა იქვე დასძინა, რომ თუ რუსთავის ციხეში გადაიყვანენ, მხოლოდ დისტანციურად ჩაერთვება და პროცესებზე ვერ ივლის. მან მოსამართლეს მიმართა, რომ მისი მოთხოვნა დააკმაყოფილონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სხდომებს არ დაესწრება.
შეგახსენებთ, რომ ოქრუაშვილს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან. დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ.
ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული და საქმის წარმოების დასრულებამდე საქართველოს საზღვრის კვეთა აქვს აკრძალული. ოქრუაშვილს გირაოს გადახდის ვადად 30 დღე ჰქონდა განსაზღვრული, ეს ვადა 8 მაისს ამოიწურა. პროცესზე ბრალდების მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000 ლარიანი გირაო პატიმრობით შეიცვალოს.
ირაკლი ოქრუაშვილი პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად 26 მარტს დაიბარეს, სადაც მან მისვლაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩვენების მისაცემად დაიბარეს, მან საგამოძიებო უწყების კითხვებს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე უპასუხა.
ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
სიახლეები
- ეკა მიშველაძე პოლიტიკაში მიდის
- ,,გრიპი კვლავ დომინანტურია, ველოდებით, რომ იანვრის მესამე-მეოთხე კვირას უნდა იყოს გავრცელების პიკი" – ივანე ჩხაიძე
- სკოლებში, გაკვეთილის მიმდინარეობისას, მობილური ტელეფონის გამოყენება არა მხოლოდ მოსწავლეებს, პედაგოგებსაც აეკრძალებათ
- ,,რამდენიმე მცდელობა იყო, რომ სალომე ზურაბიშვილი ჩაეყენებინათ ოპოზიციის გამაერთიანებლად"- გიორგი ვოლსკი
- მასშტაბური აქციები ამერიკაში – მოქალაქეები ტრამპის საიმიგრაციო ზომებს აპროტესტებენ
