გიორგი გახარიას 20 ივნისის საქმეზეც პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას 20 ივნისის აქციის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს პროკურორმა მარიამ გიგაურმა მიმართა, მოსამართლემ კი ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
პროკურორის თქმით, 2019 წლის 20 ივნისს, გიორგი გახარიამ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ინსტრუქციისა და კანონმდებლობის უგულებელყოფით დაავალა სპეციალურ საშუალებათა ერთობლივად, პარალელურ რეჟიმში გამოყენება, ყოველგვარი გაფრთხილებისა და აქციის მშვიდობიანი მონაწილეებისათვის ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობის მიცემის გარეშე, რითაც ორგანიზება გაუწია მოქალაქეთათვის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას. მისივე განცხადებით, შედეგად, სპეციალური საშუალებების, მათ შორის რეზინის ტყვიების ერთობლივად გამოყენებით, ათეულობით მოქალაქემ მიიღო სხვადასხვა ხარისხის დაზიანება, მათ შორის, ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი, ხოლო ხუთმა მოქალაქემ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.
დაცვის მხარე პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ გიორგი გახარიას გაუგონარი ბრალი ედება არარსებული მტკიცებულებების საფუძველზე. გახარიას ადვოკატის, ბერდია სიჭინავას თქმით, პროკურატურა არის ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, ყოფილ პრემიერ-მინისტრზე შური იძიოს.
როგორც ცნობილია, მანამდე გიორგი გახარიას ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.
ორივე საქმეზე ყოფილ პრემიერს პროკურატურამ ბრალი გუშინ წარუდგინა.
გიორგი გახარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სიახლეები
- "მე, როგორც ჩემი სამშობლოს რიგითი ჯარისკაცი, ჩემს გუნდთან ერთად, 2026 წელსაც ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ოჯახების სადარაჯოზე ვიქნები" - ბიძინა ივანიშვილი
- "ქვეყანაში ერთსულოვნებაა, შეიძლება ეს არ ჩანს, მაგრამ სადღაც დგას ქართული სული, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა" - სალომე ზურაბიშვილი
- " 2025 წელი სავსე იყო გამოწვევებით, წინააღმდეგობებით, მაგრამ მივიღეთ უკეთესი თბილისი, უფრო გამწვანებული, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით, მეტი რეაბილიტირებული ქუჩით"
- "გვაქვს ბევრად მეტი სტაბილურობა 2025 წლის ბოლოს, ვიდრე გვქონდა 2024 წლის ბოლოს" - ირაკლი კობახიძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 30 დეკემბრისთვის
