ვინ იყო უკრაინაში მოკლული შოთა ჭიჭიაშვილი და რა დავალებით ჩავიდა იგი უკრაინაში

 

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება დღეს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უკრაინაში ნომერ პირველ ტერორისტად აღიარებული შოთა ჭიჭიაშვილი მოკლეს:

„კრიმინალ ჭიჭიაშვილს ჩემი პრეზიდენტობის დროს მიუსაჯეს 22 წელი, შემდეგ ივანიშვილის ბრძანებით გამოუშვეს და ჩემი ინფორმაციით, სპეცდავალებით გამოუშვეს უკრაინაში. ის უკრაინაში გუშინ პოლიციამ მოკლა შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის მერე. ჩემი წყაროს ინფორმაციით, ის ბოლო დროს ოდესაში იყო და ინტენსიურად აგროვებდა ინფორმაციას ჩემი გარემოცვის წევრებზე, რაზეც გაგვაფრთხილეს კიდევაც უკრაინელმა სამართალდამცავებმა“, - წერს სააკაშვილი.

 

ვინ იყო შოთა ჭიჭიაშვილი? 1990-იან წლებში შოთა ჭიჭიაშვილი, გულუას სახელობის სპეცრაზმში მსახურობდა, საიდანაც არასათანადო ქცევის გამო გაირიცხა. ჭიჭიაშვილის დედა წარმოშობით ქისტია, პანკისის რაიონის სოფელ დუისიდან. სპეცრაზმიდან დათხოვნის შემდეგ ჭიჭიაშვილი საცხოვრებლად პანკისის ხეობაში გადავიდა. ამ დროიდან ჭიჭიაშვილი მოზრდილ კრიმინალურ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ჭიჭიაშვილის ჯგუფი ადამიანის გატაცებითა და იარაღის უკანანო ვაჭრობით იყო დაკავებული. ჭიჭიაშვილის სახელს უკავშირდება არაერთი ხმაურიანი გატაცება. მათ შორის, ბრიტანელი ბიზნესმენის, პიტერ შოუს.  ასევე ჭიჭიაშვილის სახელს უკავშირებდნენ პეტრე ცისკარიშვილისა და მისი საცოლის გატაცებას 2001 წელს. ჭიჭიაშვილი სახელდებოდა ორი ესპანელი ბიზნესმენის ანტონიო ტრემილიოსა და ფრანცისკო როდრიგესის გატაცების ორგანიზატორად. კრიმინალებმა ესპანელი ბიზნესმენები მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ესპანეთის მთავრობამ გამოსასყიდის სახით 2 მილიონი დოლარი გადაიხადა. სხვადასხვა ინფორმაციით, ჭიჭიაშვილის სახელი ფიგურირებდა ნარკოტიკებით ვაჭრობის სქემაშიც. ჭიჭიაშვილს ახლო კავშირი ჰქონდა იმ დროს პანკისის ხეობაში მყოფ ჩეჩენ ბოევიკთა დაჯგუფებებთან. ჭიჭიაშვილის სახელი და გვარი გაისმა 2001 წლის მუხროვანის სამხედრო ამოხებასთან დაკავშირებით, თუმცა ზუსტი ინფორმაცია ამ საკითხზე არ არსებობს.

 

2001 წელს ჭიჭიაშვილზე საქართველოში ძებნა გამოცხადდა, რის შემდეგაც მან საქართველოს ტერიტორია დატოვა და საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. ორი წლის შემდეგ ჭიჭიაშვილი მოსკოვში დააპატიმრეს. მაშინდელი რუსეთის ხელისუფლება ჭიჭიაშვილს ჩეჩენი ბოევიკის რუსლან გელაევში გაცვლას ითხოვდა, რომელიც იმ დროისთვის პანკისის ხეობას აფარებდა თავს.  საბოლოოდ რუსეთში დაპატიმრებული ჭიჭიაშვილი ქართულ მხარეს 2004 წელს გადასცეს. 2004 წელს ქართულმა სასამართლომ ჭიჭიაშვილს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისთვის და ტერორისტული საქმინობისთვის 22 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. საბოლოოდ ჭიჭიაშვილი საპატიმრო ვადიდან მხოლოდ 7 წელი მოიხადა. 2013 წლის ივნისს ჭიჭიაშვილი საყოველთაო ამნისტიის საფუძველზე გათავისუფლდა. ამის შემდეგ იგი საცხოვრებლად უკრაინაში გადავიდა. სწორედ ჭიჭიაშვილის ასახელებდა მისი აფეთქების ერთ-ერთ ორგანიზატორად გივი თარგამაძე. დეპუტატი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ააფეთქეს. დეპუტატმა, მისი აფეთქების საქმეზე დამოუკიდებელი გამოძიება ჩაატარა. თარგამიძის ინფორმაციით, მის აფეთქებაში მონაწილე ერთ-ერთი პირი დიმიტრი აბრამიშვილი შოთა ჭიჭიაშვილის კრიმინალური დაჯგუფების წევრი იყო და მასთან ერთად აფეთქების საქმეში ჭიჭიაშვილიც მონაწილეობდა.

 

უკრაინული მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქემ სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნა. კიევის რეგიონის პოლიციის ცნობით, შემთხვევა 1 ოქტომბერს სოფელ ხოტიანოვკაში მოხდა. როგორც ცნობილია, სპეცოპერაციის ფარგლებში პოლიცია ეძებდა მამაკაცს, რომელმაც მიმდინარე წლის 23 სექტემბერს ცეცხლი გაუხსნა სამართალდამცველებს.

 

წაკითხვა 723 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 03 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.