პროკურატურამ ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე კუდ-ის ორი ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავა
თბილისის პროკურატურამ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ორი ყოფილი მაღალჩინოსანი - დავით ქოქაშვილი და ილია გამგებელი დააკავა, პატიმრობაში მყოფ ლევან ქარდავას კი ბრალი წარუდგინა.
აღნიშნული პირებისადმი ბრალის დადგენილების გამოტანის საკითხზე განცხადებას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალად ედებათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და განზრახ უკანონო დაკავება. ამასთან, საგამოძიებო უწყება ბრალის წარდგენას გეგმავს კუდ-ის კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსნის, პატიმრობაში მყოფი გიორგი დგებუაძის (მასტერა) მიმართ, თუმცა პროკურატურის განმარტებით, ვინაიდან მისი საქართველოში ექსტრადიცია ნიდერლანდებიდან განხორციელდა, უწყებას დევნის დასაწყებად ექსტრადირების განმახორციელებელი ქვეყნის თანხმობა სჭირდება.
„თბილისის პროკურატურამ სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები დ.ქ. და ი.გ. ბრალდებულად დააკავა, ხოლო მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილის ლ. ქ.-ს მიმართ გამოტანილია დადგენილება მისი ბრალდების შესახებ.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა შემდეგი: 2006 წლის ივნისი-ივლისის თვის პერიოდში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ბიზნესმენ არკადი (ბადრი) პატარკაციშვილის მიმართ გააქტიურებულიყო მეთვალყურეობა, გაძლიერებულიყო კონტროლი მის საცხოვრებელ სახლებზე, დაცვასა და მასთან დაახლოებულ პირებზე. აღნიშნული ქმედებები უკავშირდებოდა მის პოლიტიკურ აქტივობას, რაც მიუღებელი იყო იმჟამინდელი ხელისუფლებისთვის და აღიქმებოდა მაღალი რისკის საფრთხედ.
2006 წლის ივლისი-აგვისტოს თვის პერიოდში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაიგეგმა ურეკში მდებარე არკადი (ბადრი) პატარკაციშვილის საცხოვრებელ სახლზე თავდასხმა, რაც გულისხმობდა სახლის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლებს. ღონისძიება წარმოადგენდა გამაფრთხილებელ აქციას და მიზნად ისახავდა პატარკაციშვილის პოლიტიკური აქტივობის შეწყვეტას. ღონისძიების ჩატარებამდე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დავალება მიეცა ურეკის პოლიციის იმჟამინდელ უფროსს ჯემალ შამათავას, მორიგე პოლიციის თანამშრომლების ჯგუფები მოეხსნა არკადი (ბადრი) პატარკაციშვილის სახლიდან. ჯემალ შამათავამ ღონისძიების დაწყებამდე მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა პატარკაციშვილის კომენტანტს და გააფრთხილა მოსალოდნელი თავდასხმის თაობაზე. ეს ფაქტი ცნობილი გახდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირებისთვის.
აღნიშნული ქმედების გამო ჯემალ შამათავას დასჯის მიზნით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის - გ.დ.-ს ორგანიზებით შემუშავებულ იქნა მისი განზრახ უკანონოდ დაკავების გეგმა, რომლის განხორციელებაშიც აქტიურად მონაწილეობდნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები - ლ.ქ., დ.ქ. და ი.გ.
გეგმის რეალიზაციის მიზნით დაბა ურეკში, გ.დ.-ს ნდობით აღჭურვილმა პირმა ბ.ბ.-მ მოახდინა თ.წ.-ს მობილური ტელეფონისა და ძვირფასეულობის ქურდობის ინსცენირება, რის გამოც იგი დააკავეს და მიიყვანეს ურეკის პოლიციის შენობაში, სადაც მან მიიყენა თვითდაზიანება, დაიწვა სხეულზე სიგარეტი და ამ ფაქტის ჩადენაში ამხილა ურეკის პოლიციის უფროსი ჯემალ შამათავა. ასევე დანაშაულის, კერძოდ სექსუალური ხასიათის ქმედების იძულებაში ჯემალ შამათავა ამხილა თ. წ.-მ.
2006 წლის 22 აგვისტოს, ჯემალ შამათავა დაიბარეს ქ. ფოთის პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც ასევე მივიდა ლ.ქ. ორ თანმხლებ პირთან ერთად. ლ. ქ.-მ იძულებით წამოიყვანა ჯემალ შამათავა და წარადგინა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში, სადაც იმავე დღეს, გ.დ.-ს ორგანიზებით განხორციელებული ქმედებების და ხელოვნურად შექმნილი გარემოებების/მტკიცებულებების საფუძველზე, დაკავებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 144 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ,,დ“ და სსკ-ის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამ უკანასკნელს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ზემოხსენებულ პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 147-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ცხრიდან თორმეტ წლამდე ვადით.
რაც შეეხება გ.დ.-ს, როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, იგი დააკავეს ნიდერლანდების სამეფოში და ამის შემდეგ განხორციელდა მისი ექსტრადირება საქართველოში. შესაბამისად, გ.დ.-ს მიმართ გატარდება საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროცედურები დევნის დასაწყებად ექსტრადირების განმახორციელებელი ქვეყნის თანხმობის მისაღებად.
ამ ეტაპზე საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულის ჩადენაში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-მხილების მიზნით“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
სიახლეები
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი
- “ორხელისუფლებიანობა” აფხაზეთში და საქართველო-რუსეთის ფარული მოლაპარაკება