November 22, 2024

როდის შევძლებთ დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რიტმს - რა დრო სჭირდება საქართველოს მოსახლეობის ვაქცინაციას

“ვაქცინებზე ცდების ბოლო ეტაპის მიმდინარეობის პარალელურად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პლანეტის მოსახლეობის ის რაოდენობა დაასახელა, რომელთა აცრის შემთხვევაში პანდემია უკან დაიხევს, ეს ციფრი 60-70%-ია - რა პერიოდში შეიძლება მოხერხდეს ამ ადამიანების ვაქცინაცია და რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა ვაქცინის გავრცელების პროცესში.

როგორც “დოიჩე ველე” წერს, ჯანდაცვის მსოფლიო ვაქცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კეტრინ ობრაიენმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მაჩვენებელი რამდენიმე მოდელირებულ კვლევას ემყარება. მისი თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში, სამმა ვაქცინამ, “ასტრაზენეკამ”, “მოდერნამ”, “პფაიზერ-ბიოტექმა”კვლევის პერსპექტიული შედეგები გამოავლინა. როგორც ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძე აღნიშნავს, პროცენტული მაჩვენებლის, რაც ჯანმომ დაასახელა აცრის დრო ქვეყნების განვითარების დონეზე და ტექნიკურ მონაცემებზეა დამოკიდებული”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით როდის შევძლებთ დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რიტმს - რა დრო სჭირდება საქართველოს მოსახლეობის ვაქცინაციას.

 

“მსოფლიო მოსახლეობის 60-70% არ ვიცი რამდენ ხანში აიცრება, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი დამოკიდებულია ქვეყნის განვითარების დონეზე ტექნიკურ მონაცემებზე. აცრა მხოლოდ ის არაა, რომ პრეპარატი გქონდეს, იმას ერთჯერადი ნემსი, მოსახლეობის მოზიდვა უნდა. სიმართლე გითხრათ აცრასთან დაკავშირებით მაინცდამაინც არ ვიჩქარებდი, მაინც მირჩევნია, რომ დაველოდოთ, გაირკვეს თუ რა გვერდითი მოვლენებია აქვს და რამდენად ეფექტურია. აცრა წამალი არაა, უცხო ცილაა, რომლის მიმართ ანტისხეულები უნდა გამომუშავდეს და შესაბამისად ამგვარ სიტუაციაში გვერდითი მოვლენები და გართულებები, ამიტომ საქართველო დიდი ქვეყანა არაა, მაგრამ არის ჩინეთი, ამერიკა ეს დიდი ქვეყნები რამდენ ხანში აიცრებიან, მათ მარიფათზეა დამოკიდებული. რაც შეეხება საქართველოს, მთავარია ვაქცინა შემოვიდეს და იყოს რეალური, ადეკვატური, ადაპტირებული, ეფექტური და ძალიან მალე ავიცრებით. სხვა არანაირი მომენტი არაა წმინდა ტექნიკური საკითხებია მოსაგვარებელი, რომ მოსახლეობა დროულად მოვიდეს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე.

 

“და საერთოდ, ვაქცინირება არ ხდება, თუ ადამიანს ტემპერატურა აღენიშნება და ეს პირობები სწორად იყოს დაცული. დაცული იყოს სანიტარული მდგომარეობა და მაქსიმალურად მოსახლეობის მოზიდვა უნდა მოხდეს და კიდევ ერთი - ვაქცინას ფასი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაედოს, ის უფასო უნდა იყოს, იმიტომ, რომ ამის გამო ძალიან ბევრი ადამიანი უარს განაცხადებს. მთავარია მონდომება, ამ ყველაფრის გაკეთება კი ძალიან მალე შეიძლება”, - თქვა ხმალაძემ. ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძე კი მიიჩნევს, რომ მსოფლიოს 70%-მდე ვაქცინაციას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება, ხოლო რაც შეეხება საქართველოს, მისი თქმით, “კარგი მენეჯმენტიოს შემთხვევაში, სადღაც ათ თვემდე”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“ჯანმოს ნათქვამ სიტყვას ძალიან ცნობილი ექსპერტები საერთოდ უგულებელყოფენ ხოლმე, იმიტომ, რომ ზუსტად ამ ორგანიზაციის დანაშაულია, რომ მსოფლიო იმ სიტუაციაში ჩავარდა, რაშიც ვართ. მართლაც მასე რომ იყოს, რაც განაცხადა, ამას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება, რადგან, მაგალითად, ჩვენმა მთავრობამ ხომ უნდა გვანახოს და დაგვარწმუნოს, რომ ამა და ამ კომპანიას ველაპარაკებით, ესა და ეს თანხა გამოვყავით, იმიტომ, რომ ვაქცინის თვითღირებულება სადღაც 47 დოლარამდეა, ეს ხომ უნდა ჩამოიტანონ, შეინახონ, დაარიგონ, არაფერი არაა გაკეთებული და ჩვენ ძალიან დიდი დრო დაგვჭირდება. კარგი მენეჯმენტის შემთხვევაში ჩვენ სადღაც ათ თვემდე შეიძლება მაინც დაგვჭირდეს. არ ვიცი ახლა რა პერიოდში არიან, თუ თავიდან მოლაპარაკებაში შესვლა მოგვიწია, ფასები გაიზარდა და არ გამოვრიცხავ, რომ გაიზარდოს, ევროპა რამდენად დაგვეხმარება, ეს ყველაფერი ძალიან ჰაერშია ჩამოკიდებული”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვატო სურგულაძე.

 

“კი ამბობენ დეკემბერში გამოვაო და მინდა, რომ ეს სწრაფად მოხდეს, მაგრამ ერთი შეკითხვა დაისვა - ვაქცინირებული ადამიანი რამდენად არაა გადამდები, ვაქცინაცია რა არის - რომ იკეთებ, შენ ამ დაავადების სუსტი ფორმა გემართება, ადამიანს იმუნიტეტი უმუშავდება, მაგრამ ეს სუსტი ფორმა რამდენად არაა გადამდები, სამწუხაროდ ამისი კვლევები ჯერ ბოლომდე ჩატარებული არაა. ესაც კიდევ ერთი პრობლემა, ამიტომაც ძალიან კარგი იქნება, რომ ეს ყველაფერი დროზე მოხდეს, მაგრამ, ელემენტარულად გრიპის ვაქცინები ვერ ვუზრუნველვყავით. ყველაფერი არის “გააჩნიაზე” დამოკიდებული, გააჩნია ვინ აკეთებს და როგორ, თორემ კარგი მენეჯმენტის შემთხვევაში 7-8 თვე მაინც დაგვჭირდება,რომ იმ რაოდენობაზე გავიდეთ, რაც ქვეყანას უსაფრთხოების შეგრძნებას შეუქმნის”, - განმარტავს სურგულაძე.

 

“აღსანიშნავია, რომ ამერიკული და გერმანული ფარმაცევტული კომპანიების “პფაიზერისა” და “ბიოტექის” კორონავირუსის ვაქცინის კვლევების ბოლო ანალიზით, ყველა ასაკში 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა, დადებითი შედეგი პირველი ვაქცინაციიდან 28 დღის შემდეგ მიიღეს. ხოლო “ასტრაზენეკასა” და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილ პოტენციურ ვაქცინაზე ჩატარებული კლინიკური ცდის პირველადმა შედეგმა აჩვენა, რომ პრეპარატმა უკეთესი შედეგი აჩვენა იმ მონაწილეებში, რომლებსაც კვლევის დროს შეცდომით ჯერ ვაქცინის ნახევარი დოზა გაუკეთეს, შემდეგ კი სრული, რამაც მეცნიერების ნაწილს კითხვები გაუჩინა. კერძოდ, იმ შემთხვევაში, როდესაც მონაწილეებს ვაქცინის ორი სრული დოზა გაუკეთეს, მისი ეფექტურობა 62 %-ი იყო, იმ შემთხევაში კი, როდესაც ჯერ ვაქცინის ნახევარი, შემდეგ კი სრული დოზა გაუკეთეს, ვაქცინის ეფექტურობა 90%-მდე გაიზარდა. რაც შეეხება „მოდერნას" ნოემბრის შუა რიცხვებში ცნობილი გახდა, რომ მათ მიერ შემუშავებული ვაქცინა 95%-ით ეფექტიანია კორონავირუსის პრევენციისათვის. კომპანია ამჟამად ვაქცინის გამოცდის მესამე ფაზას ასრულებს და ემზადება, ვაქცინის წარმოებისთვის ნებართვის მისაღებად”, - დასძენს გამოცემა.

 

“როგორც “რეზონანსთან” ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილმა ხელმძღვანელმა აკაკი ზოიძემ განაცხადა, იმის გათვალისწინებით, რომ ვაქცინის რიგში ბევრი ქვეყანაა, შესაძლოა საქართველოს მასობრივი ვაქცინაციის შესაძლებლობა 2021 წლის გაზაფხულზე მიეცეს. მანამდე კი “რეზონანსთან” ვაქცინის ქვეყანაში მოწოდებასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხემძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ისაუბრა. “ეს უდავოდ იმედისმომცემია, ასე ვთქვათ ესაა სინათლე ბნელი გვირაბის ბოლოს, მაგრამ ეს გვირაბი სამწუხაროდ ჯერ კიდევ იქნება, იმიტომ რომ აქ მთელი რიგი სხვა საკითხებია - რამდენ ხანს გაძლებს ეს იმუნიტეტი, 6 თვეზე მეტს თუ ნაკლებს, მთელი რიგი ფაქტორები ჯერ კიდევ უცნობია. მათ შორის “მოდერნას” ვაქცინა, რომელიც ასევე 95%-ს იძლევა, ეს უფრო იმედისმომცემია იმ კუთხით, რომ “პფაიზერის” ვაქცინის შენახვას -80 გრადუსი სჭირდება და მხოლოდ ხუთი დღე ძლებს, ასეთი მაცივარი მხოლოდ ლუგარის ცენტრშია საქართველოში, სხვაგან არაა, “მოდენას” ვაქცინას კი -20 გრადუსი სჭირდება და 30 დღე ძლებს, რისი შენახვაც საქართველოში ბევრგან შეუძლიათ”, - ამბობს ზოიძე, რომლის თქმით, “კიდევ რამდენიმე ვაქცინაა პერსპექტიული და იმედი, რა თქმა, უნდა არის”, - წერს სტატიის ავტორი.

 

“მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ რიგში ბევრი ქვეყანაა, პირველ რიგში ჩინეთი, ამერიკა და რუსეთი აპირებენ, რათა ეს ვაქცინები შეისყიდონ, არ მგონია, რომ ჩვენ ამ ვაქცინის შესაძლებლობა მასობრივად 2021 წლის ზაფხულამდე გვქონდეს, რისკ-ჯგუფებისთვის კი შესაძლოა კიდევ უფრო ადრე გამოჩნდეს, თუმცა მანამდე კიდევ ბევრი რამაა მოსამზადებელი. ცოტა ხნის წინ საზოგადოებრივია აზრის კვლევები იყო და ნახევარი ამბობდა, რომ ვაქცინას არ გავიკეთებო და თუ ნახევარი არ გაიკეთებს, არაფერი აზრი არ ექნება და რეალურად ისვე ბნელ გვირაბში დავრჩებით და არანაირი პერსპექტივა არ გვექნება. ვაქცინა არის ერთ-ერთი ეფექტური გზა, რომელიც საშუალებას მოგვცემს რომ ჩაკეტილობის და სრული იზოლაციის გარეშე ამ დაავადების დამარცხება შევძლოთ”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აკაკი ზოიძე.

 

“ჯანმო როცა დაამტკიცებს ვაქცინებს, ჩვენი ქვეყნისთვის მოწოდებას “კოვაქსი”უზრუნველყოფს. ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს კოვაქსთან და ხელშეკრულებაც გვაქვს დადებული 700 ათასი ადამიანის აცრის დოზაზე. კოვიდის ვაქცინები კეთდება ორჯერადად და საუბარია დაახლოებით 1,4 მილიონ დოზაზე. ვაქცინის პირველი შენატანიც უკვე გადავიხადეთ და საბოლოოდ ეს ქვეყანას უჯდება 16-17 მილიონ დოლარამდე” , - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ამირან გამყრელიძე.

წაკითხვა 522 ჯერ

Related items

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.