დიდი ევროვაქცინაცია იწყება - რა სტადიაშია საქართველო
“დიდი ევროვაქცინაცია იწყება - ქვეყნები კორონავირუსთან ბრძოლაში მთავარი იარაღის, ვაქცინის მიღებას ჩქარობენ.
ბრიტანეთმა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრები ერთი კვირის წინ დაიწყო, ევროკავშირის 27-ვე წევრ სახელმწიფოს ვაქცინაცია დროზე ადრე სურს, ხოლო რაც შეეხება საქართველოს, მთავრობა ამ საკითხზე ჩქარი ტემპით მუშაობს, კონკრეტული გეგმა მომავალ კვირისთვის იქნება ცნობილი.7 დღე გავიდა, რაც ბრიტანეთში “პფაიზერის” ვაქცინთ ვაქცინაცია დაიწყო და უკვე დაახლოაბით 140 000 ადამიანი აიცრა, როგორც ვაქცინასთან დაკავშირებული საკითხების მინისტრი ნადიმ ზაჰავი აცხადებს, პროგრამა წარმატებით დაიწყო”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით დიდი ევროვაქცინაცია იწყება - რა სტადიაშია საქართველო / “მგონია, რომ მოსახლეობისთვის მასობრივი ვაქცინაცია ზაფხულში იქნება” - აკაკი ზოიძე.
“ვაქცინაციის პროგრამა ნამდვილად კარგად დაიწყო. 7 დღე გავიდა და ინგლისში აცრილია 108 000 ადამიანი, უელსში - 7 897, ჩრდილოეთ ირლანდიაში - 4 000, შოტლანდიაში კი - 18 000. გაერთიანებულო სამეფოში, საერთო ჯამში ვაქცინაცია 137 897 მოქალაქეს ჩაუტარდა”, - განაცხადა მინისტრმა. ევროპის წამლის სააგენტო კი მომავალი კვირის დასაწყისში დაგეგმილზე ერთი კვირით ადრე, სპეციალური შეხვედრის გამართვას და “პფაიზერ-ბიონტექის” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამტკიცებასთან დაკავშირებულსაკითხებს განიხილავს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყების სურვილი ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ერთსა და იმავე დღეს გამოთქვეს. “იმისთვის, რომ პანდემია დასრულდეს, საჭიროა მოსახლეობის თითქმის 70 %-ის ვაქცინაცია, ეს უდიდესი ამოცანაა, მოდით, ერთად დავიწყოთ ვაქცინაცია რაც შეიძლება მალე, 27-ვე ქვეყანამ ერთსა და იმავე დღეს”, - განაცხადა ლეიენმა. რაც შეეხება იმას თუ რა ფაზაშია ამ მხრივ საქართველო, აღნიშნულთან დაკავშირებით “რეზონანსს” ექსპერტი და ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი აკაკი ზოიძე ესაუბრა, მისი ინფორმაციით, მთავრობა ამ საკითხზე ჩქარი ტემპით მუშაობს და თვის ბოლომდე გეგმას შეიმუშავებს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ზუსტად ამ თემაზე ვარ ჩართული, მათ შორის მოწვეული სპეცალისტებიც არიან - ახლა დგება ვაქცინების განთავსების დაწვრილებითი გეგმა, რომელიც თვის ბოლომდე იქნება განსაზღვრული, როდის, რომელ დღეებში და ყველას ეცოდინება. სხვადასხვა ასპექტებზე ექვსი სამუშაო ჯგუფი მუშაობს - აქაა ლოჯისტიკური, ფინანსური, კომუნიკაციური საკითხები, ყველაფერ ამაზე მთავრობა ჩქარი ტემპით მუშაობს, მომავალი კვირისთვის გეგმა და კონკრეტული კონტურები იქნება. მთავრობა ამბობს, რომ (ვაქცინაცია) თებერვალში დაიწყებაო და ვნახოთ, არ ვიცი, მე მგონი, რომ მოსახლეობისთვის მასობრივი ვაქცინაცია ზაფხულში იქნება, ისევე, როგორც მთელს მსოფლიოსთვის იქნება ხელმისაწვდომი. პრიორიტეტული ჯგუფებისთვის შეიძლება თებერვალში დაიწყოს, მაგალითად ჯანდაცვის ჯგუფისთვის, რომ ექიმები და ექთნები იყვნენ და ბრძოლის ველზე არ დაეცნენ და მათ მომსახურებაზე ადამიანებს ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისაას აკაკი ზოიძე.
“მანამდე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ცენტრში უკვე შექმნილია ჯგუფი და საკოორდინაციო საბჭოსთანაც ჩამოყალიბებულია შესაბამისი ინტერსექტორალური კომისია, რომელიც ვაქცინაციის საკითხებთან დაკაშირებით იმუშავებს, მან ბრიფინგზე იმ პირობებზე ისაუბრა, რომელიც ვაქცინების დანერგვასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებობს. მიმოიხილა ე.წ ცივი ჯაჭვის სისტემა და აღნიშნა, რომ “ასტრაზენეკას” ან სხვა ტიპის ვაქცინები, რომლებიც არ საჭიროებენ დაბალ ტემპერატურას, შესაძლებელია სწრაფად დაინერგოს ქვეყანაში”, - განაგრძობს გამოცემა.
“ჩვენთან, დაავადების კონტროლის ცენტრში უკვე მუშაობს ჯგუფი, ასევე ჩამოყალიბებულია საკოორდინაციო საბჭოსთან შესაბამისი ინტერსექტორალური კომისია. ჩვენთან მომუშავე ჯგუფმა უკვე შეიმუშავა კრიტერიუმები, რა ჯგუფები უნდა აიცრან პირველ რიგში. ასევე შეიმუშავა ეგრეთ წოდებული, სერვისების მიწოდების კრიტერიუმები, ასევე ხელმეორედ შეფასდა ქვეყანაში არსებული ცივი ჯაჭვის სისტემა, რა გვაქვს. ჩვენ გვაქვს კარგად გამართული ორიდან რვა გრადუსამდე ცივი ჯაჭვის სისტემა. არაფრის დამატება არ გვჭირდება და თავისუფლად შეგვიძლია, “ასტრაზენეკას” ან სხვა ტიპის ვაქცინები, რომლებიც არ საჭიროებენ დაბალ ტემპერატურას, სწრაფად დავნერგოთ ქვეყანაში”, - ამბობს გამყრელიძე, რომლის განმარტებით “ასევე არის ამისთვის შესაბამისად მომზადებული სტაფი, რომელიც მოგეხსენებათ, რუტინულ ვაქცინაციას აწარმოებს”, - დასძენს გამოცემა.
“რაც შეეხება “მოდერნას” ვაქცინას, რომელიც არის მინუს 20 გრადუსზე, ჩვენი მუნიციპალიტეტების დონემდე გვაქვს სამაცივრე მოწყობილობები მინუს 20-გრადუსიანი, სადაც შეგვიძლია, თავისუფლად “მოდერნას” დანერგვა. რაც შეეხება ცივ ჯაჭვს “ფაიზერთან” დაკავშირებით, სადაც მინუს 70-80 გრადუსი გჭირდება, ასეთი 40-მდე მაცივარი გვაქვს ქვეყანაში, შესყიდვის პროცესშია კიდევ რამდენიმე მაცივარი და ჩვენ ამ სისტემების გამართვაც შეგვეძლება, თუ “ფაიზერის” ვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი დიდ ქალაქებში და შესაძლებელი იქნება ამ ვაქცინის იმპლემენტაცია, შესაბამისად, ამ ორ ვაქცინაზე საჭირო იქნება ადამიანების დამატებით გადამზადება”, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით, ყველა ვაქცინირებული ადამიანი სისტემაში ელექტრონულად უნდა იყოს შეყვანილი. და ვაქცინაციის დანერგვის გეგმის პრეზენტაცია სავარაუდოდ წლის ბოლოს იქნება”, - წერს სტატიის ავტორი.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი