ახალი შტამი, 10 კლასტერი და ერთი ახალი შეზღუდვა - რა ელის საქართველოს უახლოეს დღეებში
“საქართველოს პრემიერს კორონავირუსი დაუდასტურდა, პრეზიდენტი თვითიზოლაციაში გადავიდა. 6 აპრილს ნახტომისებურად გაიზარდა ახალი შემთხვევების დღიური მაჩვენებელი, დადებითობის მაჩვენებელი კი კრიტიკულ ნიშნულს - 3%-ს ასცდა.
ყოველივე ამის ფონზე ხელისუფლებაში უკვე მოქმედი შეზღუდვების გამკაცრებასა და ახალი შეზღუდვების შემოღებაზე ალაპარაკდნენ. ერთი ახალი შეზღუდვა კი, რომელიც უახლოეს დღეებში ამოქმედდება, უკვე ოფიციალურად დასახელდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ახალი შტამი, 10 კლასტერი და ერთი ახალი შეზღუდვა - რა ელის საქართველოს უახლოეს დღეებში.
“სამშაბათს კორონავირუსით ინფიცირების 897 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო დადებითობის მაჩვენებელი 3.65% გახდა. გასულ ზამთარში, განსაკუთრებით კრიზისული პერიოდის დროს, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან კეთდებოდა განცხადება, რომ შეზღუდვების გაუქმება მხოლოდ მაშინ მოხდებოდა, თუკი გრძელვადიან პერიოდში დადებითობის მაჩვენებელი 3%-ზე დაბალი იქნებოდა. ახლა, როდესაც ეს მაჩვენებელი იმატებს, ხელისუფლებაში უკვე ღიად აცხადებენ, რომ დაწყებულია მუშაობა მოქმედი რეგულაციების გამკაცრებასა და ახალი რეგულაციების შემოღებაზე. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუანიას თქმით შეზღუდვების გამკაცრება, საზოგადოებაზე იქნება დამოკიდებული. “თუ ვირუსით ინფიცირების რაოდენობა გაიზრდება, უკვე დაწესებული შეზღუდვები გამკაცრდება. უკიდურესად მნიშვნელოვანია ტესტირების გაფართოვებული პროგრამა, როგორც ბიზნესგარემოში, ასევე უკვე დასახლებულ პუნქტებში, სადაც ვირუსის ზრდა ფიქსირდება. მთავარია, რომ დაწესებული შეზღუდვები ზედმიწევნით შევასრულოთ”, - ამბობს გაბუნია. რაც შეეხება ეპიდემიის მესამე ტალღას, მინისტრის მოადგილის თქმით, ამისთვის ჯანდაცვის სისტემა ტექნიკურად მზადაა, თუმცა სტრესულ გარემოს, რომელიც ქვეყანაში პიკურ პერიოდში იყო, “სამედიცინო სფერო ძალიან რთულად გადაიტანს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“სისტემა ტექნიკურად მზადაა, თუმცა მორალურად რამდენად გაუძლებს იმას, რაც სისტემამ ნოემბერსა და დეკემბერში გადაიტანა, რთული სათქმელია. ექიმების დატვირთვის მაჩვენებელი ბოლო პერიოდში უკიდურესად მაღალი იყო. საწოლფონდი მზად არის, ასევე მზად არის პირველადი ჯანდაცვა და კოვიდსასტუმროები, მაგრამ მაღალ სტრესულ გარემოს, რომელიც პიკურ პერიოდში გვქონდა, სამედიცინო სფერო, ვფიქრობ, ძალიან რთულად გადაიტანს. გვესმის უკვე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მოწოდება, რომ საზოგადოება ფრთხილად იყოს, რათა შემთხვევების ესკალაცია არ მივიღოთ. ტექნიკური მზაობა არის, მაგრამ დიდი დატვირთვის გადატანა სამედიცინო სექტორს გაუჭირდება”, - ამბობს თამარ გაბუნია. დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის აზრით, მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს დღესასწაულების ჩატარება და დიდ სუფრებზე ხალხის შეკრება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტერის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძის თქმით კი ქვეყანაში უკვე 10-მდე კლასტერი ჩამოყალიბდა, რაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს”, - განაგრძობს გამოცემა.
“მოგეხსენებათ, წინა კვირებში დადებითობის მაჩვენებელი 1.94-2.32% -ს შეადგენდა. ახლა, როდესაც 3.65% დაფიქსირდა, ეს უკვე განგაშის საფუძველს გვაძლევს, ამ ეტაპზე ჩანს აუცილებლობა არსებული შეზღუდვებისა და კონტროლის გამკაცრების კუთხით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შეზღუდვები გავამკაცროთ სხვადასხვა თავყრილობების ჩატარების კუთხით. ასევე უნდა გავამკაცროთ ღამის გაადგილების შეზღუდვა, რაც მობილობას კიდევ უფრო მეტად დაწევს. ეს ის ორი შეზღუდვაა, რომელთა გამკაცრებაც აუცილებელია. გარდა ამისა, ასევე სამსჯელოა სხვა ღონისძიებებიც, რადგან ფაქტობრივად ჩვენ ორი კვირის დადებითობა საგრძნობლად გავაუარესეთ. ამავდროულად ქვეყანაში უკვე 10-მდე კლასტერის ჩამოყალიბება შეინიშნება, რაც ზრდის ვირუსის შიდა გავრცელების საფრთხეს. შესაბამისად, ქვეყანაში უნდა გამკაცრდეს დაწესებული შეზღუდვების აღსრულებაზე კონტროლი და დამატებული იქნეს საკითხი აუცილებლობის შემთხვევაში გარკვეული ცვლილებებისა რეგულაციებში, რომელზეც მსჯელობაც უკვე დაწყებულია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ამირან გამყრელიძე.
“სამშაბათს ცნობილი გახდა, რომ ვირუსის ზრდის ტემპის ფონზე უახლოესი დღეებიდან შეზღუდვები იმოქმედებს სახლებისა და სოციალური ღონისძიებებისთვის გასაქირავებელ ფართებზე, ხოლო შეზღუდვის დარღვევის შემთხვევაში გამქირავებელი 10 000 ლარით დაჯარიმდება. შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი, ბექა ფერაძე ამბობს, რომ ცვლილებების თანახმად, ფართის იჯარით გაცემისას გამქირავებელი ვალდებული იქნება, დამქირავებელს ხელშეკრულებაში ჩაუდოს პირობა, რომ აღნიშნული ფართის გამოყენება არ უნდა მოხდეს სოციალური ღონისძიების გამართვის მიზნით წინააღმდეგ შემთხვევაში, გამქირავებელი 10 000 ლარით დაჯარიმდება, კანონდარღვევის გამეორების შემთხვევაში კი, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება”, - დასძენს გამოცემა.
“მედიის საშუალებით მოქალაქეებმა ნახეს, თუ რა ხდებოდა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, სადაც დაახლოებით 20-მდე ობიექტი დავაჯარიმეთ ღამის კლუბებისა და სხვადასხვა სოციალური ღონისძიების ორგანიზებისთვის. შესაბამისად, ვინაიდან ამ გარემოებამ მეტად ფორმალური სახე მიიღო და ხშირ შემთხვევაში, წინასწარ განზრახვით ხორციელდება ფართის გაქირავება სოციალური ღონისძიებისა და სხვადასხვა ღამის კლუბის ორგანიზების მიზნით, მიმდინარეობს მსჯელობა და საბოლოო კონსულტაციებს გავდივართ უწყებები. უახლოეს პერიოდში დაგეგმილი გვაქვს, რომ ავკრძალოთ ან შევზღუდოთ ფართის გაქირავება სოციალური ღონისძიების ორგანიზების მიზნით, რომელიც არის წინასწარ განზრახული. იმ შემთხვევაში გათავისუფლდება მესაკუთრე პასუხისმგებლობისგან, თუ ხელშეკრულებით თავს დაიზღვევს და მიუთითებს, რომ სოციალური ღონისძიება არ უნდა გაიმართოს და ასეთის არსებობის შემთხვევაში, თუ მას ინფორმაცია ექნება, საზედამხედველო უწყებებს ინფორმაციას მიაწვდის”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ბექა ფერაძე.
“ხედავთ, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება დღითიდღე მძიმდება. საქართველოს მთავრობა ყველა ღონეს იყენებს იმისთვის, რომ პრევენცია მოხდეს და შემდგომი შეზღუდვები არ დადგეს დღის წესრიგში, ვინაიდან ეკონომიკური მდგრადობა, დასაქმების ადგილები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისევე, როგორც თითოეული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ბოლო პერიოდში მასშტაბური ღონისძიებები იმართებოდა, სადაც 200-300 ადამიანი მონაწილეობდა. ეს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების კუთხით მნიშვნელოვნად იწვევდა ინფიცირების მაჩვენებლის მატებას”, - თქვა ფერაძემ. საკითხზე, თუ რამდენად არის აუცილებელი დღევანდელი ეპიდვითარების ფონზე ახალი შეზღუდვების შემოღება და უკვე მოქმედის გამკაცრება, “რეზონანსი” ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს, აკაკი ზოიძეს ესაუბრა. მისი თქმით, მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების ერთ-ერთი მიზეზი კორონავირუსის ახალი შტამია, რომელიც უფრო მარტივად ვრცელდება”, - წერს სტატიის ავტორი.
“თუ დადებითობის მაჩვენებელმა არ დაიკლო, მთავრობას და ჯანდაცვის სამინისტროს სხვა გამოსავალი აღარ დარჩებათ და შეზღუდვების გამკაცრებას დაიწყებენ. იმედს ვიტოვებ, რომ უახლოესი დღეების და კვირების განმავლობაში ადამიანები მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან არსებულ ვითარებას, ატარებენ პირბადეს და მაქსიმალურად შეზღუდავენ თავშეყრის ადგილებში ყოფნას. ახალი შტამის პირობებში, რომელიც შედარებით ახალგაზრდა მოსახლეობასაც მარტივად აინფიცირებს, საჭიროა მეტი სიფრთხილის გამოჩენა. უნდა გამკაცრდეს კონტროლი არსებული რეგულაციებზე. თუ რა ფორმით მოხდება აღკვეთა, ამაზე ჯანდაცვის სამინისტრო იმსჯელებს, მაგრამ ფაქტია, რომ ჩუმად ხდება შეკრებები და სხვადასხვა ღონიძიებები ტარდება, რაც დაუშვებელია. ვფიქრობ სახელმწიფო და პოლიტიკოსები მაგალითი უნდა იყვნენ დანარჩენი მოსახლეობისთვის. კადრები, სადაც სხვადასხვა პოლიტიკოსი რეგულაციას არღვევს, მოსახლეობაში პროტესტის განცდას იწვევს. ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ რეგულაციები ყველაზე ვრცელდება”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აკაკი ზოიძე.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"