რა არის გამოსავალი “ომიკრონის” ელვისებური გავრცელებისას - “ბუსტერი” კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება
“ახალი კვლევებით “ომიკრონი” ისე სწრაფად ვრცელდება, რომ ქვეყანაში შეღწევის შემდეგ დომინანტური რამდენიმე საათში ხდება, სპეციალისტები და ფარმაცევტული კომპანიები აცხადებენ, რომ არსებული ვაქცინების ეფექტურობა ახალი ვარიანტის წინააღმდეგ მნიშვნელოვნად შემცირებულია და უკვე ოპტიმალურ დაცვად სამ დოზას ასახელებენ.
ჯანდაცვის ექსპერტები კი მიიჩნევენ, რომ თუ მცირე შანსი მაინც არის, რომ არსებულმა ვაქცინებმა “ომიკრონის” წინააღმდეგ იმოქმედოს, ყველა ადამიანის ვაქცინირება მაინც უნდა მოხდეს. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის “ომიკრონ” შტამი 76 ქვეყანაშია დაფიქსირებული, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსით 4 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 47 000-ზე მეტი გარდაიცვალა. ჯამოს განცხადებით, წინა კვირასთან შედარებით, ინფიცირებულთა რაოდენობა 5%-ით, ხოლო დაღუპულთა რიცხვი 10%-ით შემცირდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა არის გამოსავალი “ომიკრონის” ელვისებური გავრცელებისას - “ბუსტერი” კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება. “ბოლო კვლევებზე დაყრდნობით სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ “ომიკრონი” ქვეყანაში შეღწევიდან რამდენიმე საათში დომინანტური გახდება, აღნიშნული პროგნოზი აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ენტონი ფაუჩიმ და გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა გააკეთეს. რაც შეეხება საქართველოს, ჯანდაცვის ჯერ კიდევ მოქმედი მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ახალი შტამის გავრცელებისა და მოსალოდნელი მომდევნო ტალღისთვის ქვეყანას სრული მზაობა აქვს. მისი თქმით, დღეის მდგომარეობით და ქვეყნის ჯანდაცვის არსებული დატვირთვით, ქვეყანას ნებისმიერი სირთულის ტალღის გამკლავება შეუძლია. მედიცინის დოქტორი და ჯანდაცვის ექსპერტი ირაკლი ხმალაძე “რეზონანსთან” აღნიშნავს, რომ თუ მინიმალური შანსი მაინც არის, რომ არსებულმა ვაქცინებმა “ომიკრონის” წინააღმდეგ იმოქმედოს, ადამიანი უნდა აიცრას”, - აღნიშნავს გამოცემა.
“მინიმალური პროცენტიც თუ არის რაღაცა შანსი, რომ არსებულმა ვაქცინებმა “ომიკრონის” წინააღმდეგ იმოქმედოს, ყველა ადამიანის ვაქცინირება მაინც უნდა მოხდეს. ჯერ ერთი, რატომ ჰგონიათ, რომ წინ მაინცდამაინც “ომიკრონი” დახვდებათ? არავის გაუქრია ის წინა ვირუსები, რომლებიც ჯერჯერობით აქტიურია, თუნდაც “დელტა”. ამიტომ, “ომიკრონის” საწინააღმდეგოდ კი არ უნდა ავიცრათ, უნდა ავიცრათ საერთოდ კორონავირუსული ინფექციის საწინააღმდეგოდ. მერე ის, რომ, როცა ჩვენ ვაქცინა არ გვქონდა მაშინ რას ვაკეთებდით? ნებისმიერი ინფექციის გავრცელების მთავარი წინაღობა ვაქცინირების გარდა არის ეპიდემიოლოგიური თავდაცვაა, იგივე თავშეყრებისგან თავის არიდება, სოციალური დისტანცირება, ჰიგიენის დაცვა და განსაკუთრებით ხელების დაბანა. ეპიდემიოლოგიური თავდაცვის გარეშე არ გამოვა, ხომ ხედავთ, რომ ვაქცინირებულ ადამიანსაც შეიძლება რომ ვირუსი დაემართოს, რადგან ეს ადამიანი ისეთ ადგილზე მოხვდა, სადაც ინფიცირებული ადამიანიც იყო, სოციალური დისტანცირება არ დაიცვა და ხელი არ დაიბანა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე.
“ჩემი აზრით, ქვეყანამ მთლად საგანგებო მდგომარეობა არ უნდა გამოაცხადოს, მაგრამ იქ სადაც შეკრების გაკონტროლება ვერ ხდება, ყოველგვარი მიტინგები და შეკრებები უნდა აიკრძალოს, რადგან ასეთ თავყრილობებზე თითოეული ადამიანი დაცული არაა და წესებს ვერ იცავს... თუ “ომიკრონ” ინფექცია რამდენიმე საათში გავრცელდა, ესე იგი მართლაც ძალიან ძლიერი ვირულენტობა აქვს. საერთოდაც ასეა, რომ თუ გადაცემის უნარი ძლიერი აქვს, ესე იგი ამ ვირუსს ტოქსიკურობა და დაავადების მძიმე ფორმებში წარმოქმნა ახასიათებს. მით უმეტეს ის ფაქტი, რომ ერთი ადამიანიდან მეორეზე გადადება, ანუ პასაჟირება ვირუსს კიდევ უფრო გააძლიარებს და არის დიდი შანსი, რომ კვლავ ახალი მუტანტური შტამები, შესაბამისად სიკვდილიანობა გაიზრდება. ნებისმიერი ინფეციური დაავადება, რაც უფრო მოკლე ინკუბაციური პერიოდი ახასიათებს, მაგალითად, ბოტულიზმი, ვისაც ემართება პირველ ერთ საათში თითქმის ყველა დაღუპულია, რადგან დიდი რაოდენობიოთ შხამი მიიღო”, - განმარტავს რესპონდენტი.
“ასევეა ნებისმიერი დაავადება. თუ ვირუსი ორგანიზმში დაავადებას მალევე იწვევს, ესე იგი ის ძალიან ძლიერია და იმუნურ სისტემას ძალიან ადვილად ერევა, შესაბამისად ეს ნიშნავს, რომ ყოველ სწრაფად განვითარებად აფეთქებას, სამწუხაროდ მეტი მსხვერპლი ჰყავს”, - ამბობს ირაკლი ხმალაძე. სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი გიორგი ხარებავა კი “რეზონანსთან” ოპტიმისტურ სცენარზე საუბრობს და საშიშროებას მხოლოდ იმაში ხედავს, რომ თუ “ომიკრონით” ბევრი ადამიანი დაინფიცირდა, შესაძლოა ამის საფუძველზე სხვა უფრო რთული ვარიანტი წარმოიქმნას”, - განაგრძობს გამოცემა.
“ჩემი აზრით, საფუძველი არ არის, რომ “ომიკრონმა” მძიმედ ჩაიაროს, თუმცა, ფაქტია, რომ ეს ვარიანტი ძალიან სწრაფად ვრცელდება. არის მსუბუქი ფორმა, თუმცა საბოლოო ჯამში საშიშროებას მხოლოდ იმაში ვხედავ, რომ თუ სწრაფად გავრცელდა. შესაძლოა ამ შტამის საფუძველზე უფრო მეტად პათოგენური ვარიანტი წარმოიქნას, რომელმაც სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს, თუმცა, ამ ეტაპზე ამისი პრაქტიკული და რეალური საფუძველი არაა. რაც შეეხება იმას, რომ სხვები ცოტა უფრო პესიმისტურ პროგნოზებს აკეთებენ, ჩემი აზრით, ეს უფრო იმითაა გამოწვეული, რომ ამ პროგნოზებით ისინი უარესი სცენარის განვითარების შემთხვევაში თავს იზღვევენ, რომ მეტ-ნაკლებად მართლები იყვნენ, მაგრამ, მე ოპტიმისტურად ვუყურებ და ვფიქრობ, რომ ეს შტამი რამე განსაკუთრებულ დიდ პრობლემებს არ მოგვიტანს, თუმცა, მომავალი გვიჩვენებს. ასეთი მონაცემები უკვე გამოჩნდა, რომ “ომიკრონის” წინააღმდეგ ვაქცინაცია შესაძლოა შედარებით ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდეს. ჩემი აზრით ეს უფრო მეტ საფუძველს გვაძლევს, რომ პირიქით - ვაქცინები გავიკეთოთ და ამ სიტუაციის ფონზე მესამე “ბუსტერ” დოზის გაკეთება გაცილებით უფრო კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება”, - დასძენს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი ხარებავა.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი