November 23, 2024

"აზერბაიჯანს დავით გარეჯისკენ გზა გაჰყავს" - უცხოური პრესა

ქეშიქჩიდაღის“ სახელმწიფო ისტორიულ-კულტურული ნაკრძალისაკენ ახალი თანამედროვე საავტომობილო გზა შენდება“, - იუწყებიან აზერბაიჯანული გამოცემები, კერძოდ „ხალკ გაზეთი“ («Xalq qəzeti»//„სახალხო გაზეთი“) და ქვეყნის საავტომობილო გზების სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმოწმებენ სათაურით „ახალი გზა „ქეშიქჩიდაღისაკენ“. აქვე განვმარტავთ, რომ დავით გარეჯის ქართულ სამონასტრო კომპლექსს აზერბაიჯანელები „ქეშიქჩიდაღს“ უწოდებენ.

გთავაზობთ მასალას მცირე შემოკლებით:

 

„იმ ღონისძიებათა გეგმის შესაბამისად, რომელიც აზერბაიჯანის საავტომობილო გზების სახელმწიფო სააგენტოს მიერ შემუშავდა და რომლის მიხედვით 2021 წელს გზების მშენებლობა, რეკონსტრუქცია და კაპიტალური აღდგენა უნდა მოხდეს, აღსტაფის რაიონში სტარტი მიეცა კომპლექსურ სარეკონსტრუქციო და აღდგენით სამუშაოს - ახალი საავტომობილო გზის მშენებლობას, რომელიც სახელმწიფო კულტურულ-ისტორიული ნაკრძალისაკენ - „ქეშიქჩიდაღი“-საკენ მიდის.

 

ახალი საავტომობილო გზა იწყება ადგილობრივი მნიშვნელობის ავტოგზის „აღსტაფა-ფოილო-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის“ 38-ე კილომეტრზე. გზის სიგრძე იქნება 32 კილომეტრი და აიგება „II ტექნიკური დონის“ სტანდარტის შესაბამისად. პროექტის ჩარჩოებში მიწაყრილის სიგანე იქნება 15 მეტრი, ხოლო ასფალტ-ბეტონის საფარისა - 9 მეტრი.

 

ქეშიქჩიდაღის“ სახელმწიფო ისტორიულ-კულტურული ნაკრძალის მნიშვნელობის გათვალისწინებით, [რომლის ტერიტორიაზე მდებარე ისტორიული ობიექტები] VI საუკუნეშია აგებული, ახალი გზა დიდ როლს შეასრულებს არამარტო ტურიზმის განვითარებისა და ახალი ტურისტული მარშრუტების შექმნისათვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის - პოტენციური შესაძლებლობების გაფართოებისთვისაც.

 

სხვათა შორის, იმავე „ხალკ გაზეთში“ ასევე გამოქვეყნებულია პუბლიკაცია, რომლის თანახმად, აზერბაიჯანელმა არქეოლოგებმა "ქეშიჩქიდაღის" ისტორიულ-კულტურული ნაკრძალის ტერიტორიაზე საავტომობილო გზის მშენებლობისას ძალიან მნიშვნელოვანი მასალები იპოვეს, რაც ადასტურებს იმას, რომ "ქეშიჩქიდაღი" მიეკუთვნება გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრეული რკინის ხანაში (მეორე ათასწლეული ჩვენს ერამდე) არსებულ ხოჯალ-გიადაბეის არქეოლოგიურ კულტურას.

 

წყარო: http://www.aayda.gov.az/az/news/2874

https://report.az/ru/infrastruktura/k-zapovedniku-keshikchidag-stroitsya-doroga/

http://xalqqazeti.com/news/68655

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წაკითხვა 672 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.