November 23, 2024

არ არსებობს უსაფრთხოების გარანტიები - რას ფიქრობს ქუთაისის მოსახლეობა ნამახვანჰესის მშენებლობაზე

ადგილობრივებისა და ექსპერტების შეკითხვებისთვის ნათია თურნავას გარემოს დაცვის მინისტრთან ერთად ქუთაისის მერიაში დღეს მთელი დღის განმავლობაში უნდა ეპასუხა, მაგრამ სხდომათა დარბაზში სიტყვით გამოსვლის შემდეგ, მედიასთან კომენტარის გაკეთება მოიმიზეზა და ლევან დავითაშვილთან ერთად, შენობის სათადარიგო გასასვლელიდან გაიპარა.

„ნამახვანიჰესის“ კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობა იქამდე არ დაიწყება, სანამ კვლევების გადამოწმება არ მოხდება, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამნამახვანჰესთან“ დაკავშირებით შეხვედრაზე განაცხადა.  

 

მისი თქმით, ჰესის ინვესტორთან ასევე მიღწეულია შეთანხმება, რომ რიონის ხეობის განვითარების 5 მილიონ ლარიანი ფონდი შეიქმნება, ასევე დაინიშნება ქართველი დირექტორი და პროექტის ზედამხედველობისთვის შეიქმნება დამოუკიდებელი საბჭო.

 

„კომპანიას მოვთხოვეთ და რამდენიმე საკითხზე მივაღწიეთ შეთანხმებას. პროექტის უსაფრთხოებასთან, ეკოლოგიურ და გეოლოგიურ კვლევებთან დაკავშირებით, ჩვენ შევთანხმდით კომპანიასთან, რომ ჰესის მშენებლობას მხოლოდ დამხმარე ინფრასტრუქტურის ნაწილში გააგრძელებს და არ დაიწყებს ჰესის ძირითადი ნაგებობების კერძოდ, კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობას, სანამ არ გავაკეთებთ რამოდენიმე პრინციპული კვლევის ხელახალ გადამოწმებას. ამ კვლევებისთვის სახელმწიფო დამოუკიდებელ ექსპერტებს დაიქირავებს და სრულიად ღიად მოხდება რამდენიმე ძირითადი კვლევის გადამოწმება. ამ ვალიდაციის შემდეგ, კომპანია იმსჯელებს არის თუ არა პროექტში რაიმე კორექტირება შესატანი. რაც შეეხება დანარჩენ ინფრასტრუქტურას, გზის სამუშაოებს და სხვა კომპონენტებს, კომპანია ამ მშენებლობას გააგრძელებს. ამასთან, შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების 5 მილიონ ლარიანი ფონდი, რომელშიც კონტრიბუციას როგორც ინვესტორი, ასევე სახელმწიფო შეიტანს და დააფინანსებს ხეობის მოსახლეობისთვის ყველა საჭირ-ბოროტო პროექტს. მესამე შეთანხმების თანახმად, დაინიშნება ქართველი დირექტორი, რომელიც გაუძღვება ადგილზე სამშენებლო სამუშაოებს, ესაა სახელმწიფოს მეტი ჩართულობა და ამით მეტ გარანტიას უზრუნველვყოფთ, რომ ქართველი დასაქმებულების უფლებები სათანადოდ იყოს დაცული და ეს ასევე სწორ კომუნიკაციას უზრუნველყოფს. ასევე, შეიქმნება დამოუკიდებელი საბჭო, რომელიც შედგება მაღალი რეპუტაციის მქონე ქართველი ექსპერტებისგან, რომელიც პროექტს ზედამხედველობას გაუწევს, რომ პროექტის უსაფრთხოებაზე ეჭვები გამოირიცხოს“,- აღნიშნა თურნავამ.

 

უნდა აშენდეს თუ არა ნამახვანჰესი? ამ საკითხზე  FirstNews.ge- მ ქუთაისში გამოკითხვა ჩაატარა. (რესპონდენტების თხოვნით მათ სახელსა და გვარს არ ვასაჯაროვებთ).

 

ნამახვანჰესი აშენდეს თუ იქნება საქართველოსთვის და თუ მოხმარდება საქართველოს ისე არაა...

 

- უსაფრთხო არ იქნება. ქართველ ხალხს არ სჭირდება და არ უნდა აშენდეს. ჩვენ გვინდა, რომ რაც მეტი ენერგია იქნება, რაც მეტი სიმდიდრე იქნება  უკეთესია. მაგრამ თურქებმა, რატომ უნდა ააშენონ, ქართველებს არ შეგვიძლია?

 

- თუკი ადრე არ შეიძლებოდა აშენებულიყო, ახლა რატომ უნდა აშენდეს? ამას 90-იან წლებში გამოექომაგა შაშიაშვილი, იკლავდნენ თავს, რომ არ აშენდესო. მაშინაც იყო ამაზე მთელი პრობლემები. არ უნდა გაკეთდეს ისეთი რაღაც, რაც ქართველ კაცს ავნებს.

 

- ეკოლოგიურად ძალიან საშიშია, მერე იკარგება ბუნებრივი ლანდშაფტი, იძირება ამდენი სოფელი  და არც უსაფრთხოების გარანტია არ არის. არავინ იცის ტალღა როდის დაარტყამს და შესაძლოა ქუთაისმა აღარც იარსებოს, ამ ისტორიულმა და უძველესმა ქალაქმა.  ამიტომ წინააღმდეგი ვარ.

 

- ნამახვანჰესის საკითხზე ახლა შეიწუხა თავი მთავრობამ და გამოუშვა მინისტრები, რათა ადგილზე გაეცნონ პრობლემას... ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ არ შეიძლება იქ ჰესის აშენება წალეკავს ლეჩხუმის სოფლებსა და ქუთაისს... ეს ვერცერთმა მთავრობამ ვერ გაბედა, მცდელობა კი ყველას ჰქონდა.. არც ახლა უნდა გაბედონ.

 

- დღეს, რაც იკადრეს მინისტრებმა ქუთაისში ეს იყო ბოლო წვეთი. ხალხიც და ქვეყანაც არც ადარდებთ.. ეს იყო დაცინვა იმ ადამიანების, ვინც აპროტესტებს  138 დღეა ნამახვანჰესის საკითხს..  ამათ  მინისტრები როგორ უნდა უწოდოთ ან როგორ უნდა ვანდოთ ქვეყანა.

 

 

შეგახსენებთ, რომ რიონის მცველები 14 მარტს ქუთაისში მორიგ აქციას აანონსებენ და ამბობენ, რომ გაქცეული მინისტრები ქუჩაში კიდევ უფრო მეტ ხალხს გამოიყვანს.

წაკითხვა 581 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.