რიონის ხეობაზე ჰესის არსებობა ნაღმზე ცხოვრებას დაემსგავსება - ნათია ჯიმშელეიშვილი
2021 წლის 3 მარტს, არასამთავრობო ორგანიზაცია EMC- მ საკუთარ ვებ - გვერდზე გამოაქვეყნა მოსაზრებები/დასკვნები საქართველოს მთავრობასა და შპს „ქლინ ენერჯიგრუპ ჯორჯიას“ (დღევანდელი სახელწოდება „ენკა რენუებლზს“) შორის 2019 წლის 25 აპრილს გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით.
EMC–ი საკუთარ ანალიზში განმარტავს, რომ პროექტს არათუ ვერ ექნება ის წვლილი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაში, რაზეც მთავრობა მიუთითებს, არამედ, ეს შეთანხმება ქვეყნის ბიუჯეტისთვის მძიმე და განუსაზღვრელ ფისკალურ ტვირთებს ითვალისწინებს.
„ხელშეკრულების ანალიზი აჩვენებს, რომ კომპანია საქართველოს ბუნებრივ რესურსს ფაქტობრივად უსასყიდლოდ ითვისებს და არ იღებს ვალდებულებას, ენერგიის რეალიზება მოხდეს შიდა ბაზარზე, რაც აბათილებს ქვეყნის ენერგო-უსაფრთხოების თუ ეკონომიკური სარგებლის არგუმენტებსაც კი,“- ნათქვამია განცხადებაში (იხილეთ ვრცლად).
აღნიშნულ ანალიზს დღეს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ვრცელი განცხადებით გამოეხმაურა. სამინისტროში თვლიან, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი აბსოლუტურად სპეკულატიური და დილეტანტურია. ის მთლიანად ქართული ჰიდროენერგეტიკის საწინააღმდეგოდაა გათვლილი.
„აღნიშნული პუბლიკაციის სახელწოდება - „ნამახვანჰესის ხელშეკრულებით სახელმწიფო ინტერესები დათმობილია კერძო კომპანიის სასარგებლოდ“ თავისთავად ცხადყოფს, რომ პუბლიკაციის ავტორის(ების) შეფასება პროექტის, ისევე როგორც პროექტის ფარგლებში დადებული ხელშეკრულების მიმართ არის უაღრესად კრიტიკული. პუბლიკაციის შესავალ ნაწილში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ნამახვანი ჰესი არათუ ვერ ითამაშებს მნიშვნელოვან როლს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების საქმეში, არამედ იგი „მნიშვნელოვან და განუსაზღვრელ“ ფისკალურ ტვირთად გადაიქცევა საქართველოსათვის,“-ნათქვამია განცხადებაში.
EMC - ნამახვანჰესი ვერ უზრუნველყოფს ქვეყნისთვის უკეთეს ენერგო-ტარიფს და ენერგო-უსაფრთხოებას. სახელმწიფო ვალდებულია, 15 წლის განმავლობაში გარანტირებულად შეისყიდოს ელექტროენერგია 6.2 ცენტად, რომელიც ყოველწლიურად 3%-ით გაიზრდება.
რატომ არის პრობლემა - სინამდვილეში, ელექტროენერგიის საფასური იმაზე მაღალი იქნება, ვიდრე ენერგო-ბაზარზე სხვა მომწოდებლების მიერ უზრუნველყოფილი ენერგია”.
სამინისტროს პასუხი: სად არის სპეკულაცია - EMC-ს კვლევაში ვერ ვხედავთ, რის საფუძველზე დაასკვნა, თუ რა არის, ან იქნება “ენერგობაზარზე სხვა მომწოდებლების მიერ უზრუნველყოფილი ენერგიის” ფასი. მითუმეტეს, სად არის EMC-ს მიერ გაკეთებული გაანგარიშება 15 წლიან ჭრილში ან მას შემდეგ? აქედან გამომდინარე, როგორ ითვლის კონკრეტული ფასი იქნება მაღალი თუ დაბალი? შესაბამისად, EMC-მ არ წარმოადგინა არცერთი არგუმენტი და მინიშნება საკუთარი მტკიცების გასამყარებლად, რომ ნამახვანჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის საფასური სხვა მომწოდებლებზე მაღალი იქნება. (სრული განცხადება იხილეთ ბმულზე).
„ნამახვანჰესის" აშენება მოხდება იმ პირობებისა და წესების მიხედვით, რომლებსაც მათ სახელმწიფო უწესებს და გაუკონტროლებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ცაგერში „ნამახვანჰესთან" დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
ნათია თურნავას განცხადებით, ეს არ არის მიწის უპირობოდ გადაცემა და თუ ინვესტორი რომელიმე პირობას არ ასრულებს, რომელიც ხელშეკრულებაში, სამშენებლო და გარემოსდაცვით ნებართვებშია ჩადებული, სახელმწიფოს აქვს სრული უფლებამოსილება, დააყენოს მისი პასუხისმგებლობის საკითხი, რაც, საბოლოო ჯამში, შეიძლება ხელშეკრულების მოშლით და მიწის უკან გამოთხოვით დასრულდეს.
მინისტრმა უარყო ბრალდება, თითქოს ინვესტორს რიონის ხეობა მთლიანად გადაეცა.
მისივე თქმით, არცერთი ინვესტორი არ შევა კერძო საკუთრებაში მიწის ქონის გარეშე, მით უფრო, რომ აქ საუბარია 800 მლნ დოლარზე მეტ ინვესტიციაზე.
„ეს ტერიტორია არ არის გადაცემული უპირობოდ - ეს არის მხოლოდ ამ ჰიდროსადგურისთვის აუცილებელი მდებარეობა და მას ახლავს დიდი ნაგებობები. ეს არის იგივე წყალსაცავი, რომლის სარკის მოცულობა არის 530 ჰა. ჰესის აშენება მოხდება იმ პირობებისა და წესების მიხედვით, რომელსაც სახელმწიფო მათ უწესებს და გაუკონტროლებს. მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნებათ მათ ეს მიწა მართლზომიერ სარგებლობაში. თუ რომელიმე პირობა ირღვევა, სახელმწიფოს აქვს სრული უფლება, პროექტი მოშალოს და გადაცემული მიზნობრივი აქტივი დაიბრუნოს უკან. ვერცერთი უცხოელი ამ მიწას ვერ მოიკიდებს და ვერ წაიღებს. შეუძლია თუ არა ეს სხვა საქმიანობაში გამოიყენოს? - არა და ეს არის ხელშეკრულების მკაფიო პირობა. მიწა გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ მიზნობრივად ჰესის მშენებლობისთვის," - განაცხადა მინისტრმა.
ნამახვანჰესის მნიშვნელობაზე, მის დადებით და უარყოფით ფაქტორებზე FirstNews.ge- ს პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ფესვები" - ს წევრი ნათია ჯიმშელეიშვილი ესაუბრა.
- როგორ ფიქრობთ, უნდა აშენდეს თუ არა ნამახვანჰესი?
- კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ნამახვანჰესის პროექტის განხორციელებისა და ვინც დღეს ამ თემაზე დუმს და არც კის ამბობს და არც არას, გარედან უყურებს მოვლენას, - ასეთი დუმილი პირდაპირი დანაშაულია.
- რა დადებითი და უარყოფითი ფაქტორები აქვს აღნიშნულ პროექტს?
- დავიწყებ იქედან, რომ ირგვლივ ქვეყანას ოკუპაციის საფრთხეები წითელ ხაზად აკრავს, ახლა კი პირდაპირ ქვეყნის ცენტრალურ ლოკაციას ასხვისებენ ერთი საუკუნით, რომ არაფერი ვთქვათ ეკოლოგიურ საფრთხეებზე, ვიტყვი იმას, რომ საუკუნოვანი გადალოცვა შენი „სამოთხისა“ სხვის “ადგილმამულად“ კურთხევა ყოველგვარ ინვესტიციის ფარგლებს სცდება. ეს სხვა დამანგრეველ შედეგებს მოიტანს, როგორც ტერიტორიული თვალსაზრისით, ასევე ეკოლოგიური, ტრადიციული, რაოდენ ხმამაღალიც არ უნდა იყოს ეროვნული, ეთნიკური და რელიგიური თვალსაზრით.
რაც შეეხება ეკოლოგიურ საფრთხეს, ამაზე უკეთ ისაუბრებენ ეკოლოგები, სეისმოლოგები და უფრო კომპეტენტური პირები ამ სფეროში, თუმცა ცხადია ის, რომ რიონის ხეობაზე ჰესის არსებობა ნაღმზე ცხოვრებას დაემსგავსება. არის ის ფაქტორიც, რომ ხელისუფლება ვიდრე ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს,მანამდე უნდა გაითვალისწინოს თავისი მოქალაქეებისა და უფრო მეტად ადგილობრივების აზრი. ეს არ არის მხოლოდ პარლამენტში გადასაჭრელი საკითხი. ამ შემთხვევაში უზენაესი უნდა იყოს ნება იმ ადამიანებისა, რომელთაც აყრას, ნგრევას, დატბორვასა და გარემო ადგილიდან მოწყვეტას უპირებენ.
რაც შეეხება პროექტის დადებით თვისებებს, უარყოფითი იმდენად გამანადგურებელია, რომ დადებითის კუთხით განხილვას აღარც ექვემდებარება. პროექტი, რომელიც სოციალურ და ეკოლოგიურ რისკებს შეიცავს, ვეღარ განვიხილავ მის ეკონომიკურ და ენერგო დამოუკიდებლობის საკითხს, რაც არსებულ რისკებთან შედარებით მეორეხარისხოვანია.
- გაეცანით თუ არა EMC- ის მიერ გამოქვეყნებულ ხელშეკრულების ანალიზს და თქვენი აზრით, რამდენად მომგებიანია აღნიშნული ხელშეკრულება სახელმწიფოსთვის?
- გავეცანი EMC-ის მიერ გამოქვეყნებულ ხელშეკრულების ანალიზს, როგორც ზემოთ აღვნიშნე,მოგებისუნარიანობა ვერ აბათილებს საფრთხის არსებობას. ეს ხელშეკრულება კი არის საგანი, რომელიც კვლავ საფუძვლიანად უნდა გადაეცეს პროკურატურას განსახილველად და შესასწავლად.
- როგორ ფიქრობთ, რაშია გამოსავალი? როგორ უნდა შეთანხმდეს სახელმწიფო საზოგადოებასთან?
- ჩვენს ქვეყანას ბოლო სამი ათეული წელია ვერ ავარიდეთ თავიდან ომები, ოკუპაცია, მიგრაცია, უმუშევრობა, მშიერი ბავშვები, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ მომავალში ამ კონკრეტული ჰესებით გამოწვეული კატასტროფები და კატაკლიზმები. გამოსავალი არის იმაში,რომ სახელმწიფომ ერთხელ მაინც მოუსმინოს ხალხისა და საზოგადოების ხმას. ეს არ არის ერთპიროვნულად გადასაწყვეტი საკითხი, აქ მთავარი არის დაიცვა შენი ქვეყნის სიწმინდე - ტერიტორია, ამ ტერიტორიის უზენაისი - ხალხი და ამ ხალხის მთავარი იარაღი - ხმა.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი