კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც თქვენ ვერ წახვალთ სამუშაოდ გერმანიაში
“გერმანიაში დასაქმების მსურველი უამრავია, მაგრამ რეალურად ძალიან ცოტას ეძლევა შანსი, რომ დასაქმების პროგრამაში მოხვდეს.
მართალია, კრიტერიუმები წინასწარ განისაზღვრა, თუმცა შერჩევის პროცესში შეიძლება ისეთი ფარული დეტალები გამოიკვეთოს, რასაც განსაკუთრებით მიექცევა ყურადღება. ცხადია, ოფიციალურ დონეზე ამაზე არავინ საუბრობს, თუმცა სპეციალისტებს უკვე აქვთ გარკვეული აზრი ჩამოყალიბებული, თუ ვინ შეიძლება ვერ წავიდეს. ასეთი კი იქნება ყველა, ვისაც სუსტი ფიზიკური მონაცემები აქვს, ასევე ახალგაზრდაა და ნაკლები გამოცდილება აქვს სოფლის მეურნეობაში. ცხადია, პროგრამაში ვერც ის მოხვდება, ვისაც ენის ბარიერი აქვს. ბევრი ისეთი ნიუანსია, რაც პროტოკოლით გაწერილი არ არის, მაგრამ ყურადღებას აუცილებლად მიაქცევენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ამ დამატებითი მოთხოვნების გამო თქვენ ვერ წახვალთ სამუშაოდ გერმანიაში! / არის ბევრი ნიუანსი, რაც პროტოკოლით გაწერილი არ არის, მაგრამ კადრების შერჩევისას აუცილებლად მიაქცევენ ყურადღებას
“როგორც წინანსწარ ითქვა, ჯერჯერობით 300 სამუშაო ადგილია და რამდენიმე შეიძლება დაემატოს. რაც ზედაპირზე დევს, გასაგებია, მაგრამ შერჩევის პროცესში რა იმოქმედებს და რაზე გაამახვილებენ ყურადღებას, უცნობია. ყოველ შემთხვევაში, თქვენ თუ ხართ ძალიან ახალგაზრდა, სოფლის მეურნეობაში გამოუცდელი, დიდად ვერც ფიზიკური შესაძლებლობით დაიკვეხნით და არც “მფარველი” გყავთ, ვერ წახვალთ გერმანიაში! ეს რომ ასე იქნება, ეჭვი არ ეპარება ეკონომისტ რამაზ გერლიანს, რომელამაც “რეზონანსთან” იმ დამატებით კრიტერიუმებზე ისაუბრა, რის დაკმაყოფილებაც დასაქმების პროგრამაში მონაწილეობის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს მოუწევთ. ანალოგიური მოსაზრებისაა აგროექსპერტი, პროფესორი პაატა აროშიძე, რომლის ვარაუდითაც სიების შედგენისას მთავარი კრიტერიუმი იქნება ჯანმრთელობა და შრომისუნარიანობა”, - აღნიშნავს გამოცემა.
“წამსვლელთა სიის შედგენისას იმოქმედებს ასაკობრივი ბარიერი, გარდა ამისა, ჯგუფში აუცილებელია უცხო ენის ცოდნა. მოთხოვნა ისეთია, ბევრი ვერ მოხვდება სიაში. კონკრეტული კრიტერიუმები, რის დაკმაყოფილებაც მოუწევთ, რთულია. ცხადია, ფიზიკურად ამდენი მოქალაქე შეზღუდვის პირობებში, ვერ მოახერხებს გამგზავრებას. ნაკლებად ვვარაუდობ, რომ ვალის მქონე ადამიანები ვერ წავიდნენ. რეალურად, ვალთან მიმართებაში პრობლემა არ უნდა იყოს, რადგან თუ ვალი აქვს ადამიანს, მისთვის პროგრამაში მონაწილეობა კარგი შანსია, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ვალდებულებები შეასრულოს. როგორც ვიცით, 100 000 ლარზე მეტი ვალის მქონეები ისედაც ვერ გადაკვეთენ საზღვარს, მათ შორის, ვერც დასაქმების მიზნით”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ გერლიანი.
“მწეველებზეც არ იქნება შეზღუდვა, მაშინ დისკრიმინაციას ექნება ადგილი, მაგრამ “ნაცნობობით” რომ ბევრი გაემგზავრება, ამის დიდი ალბათობაა... საშუალო ასაკის მოქალაქეებს პროგრამაში მოხვედრის მეტი შანსი აქვთ. გამოცდილებასაც ყურადღება მიექცევა და ფიზიკურ მონაცემებსაც. ეჭვიც არ მეპარება, რომ ზეგანაკვეთურ სამუშაზე წავა ყველა. ეკონომიკური კრიზისის გამო ბერს შეუმცირდა შემოსავალი და ამან უფრო გაამწვავა წასვლის სურვილი, მაგრამ ათასობით ადამიანისთვის ეს ოცნება მიუწვდომელი დარჩება“, - დაასკვნის გერლიანი.
“პროტოკოლი რამდენიმე პუნქტს მოიცავს, რის დაცვაც სავალდებულოა, თუმცა ყველაზე მეტად საყურადღებო, შეფარვით აქცენტს განსაკუთრებით გააკეთებენ. ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამუშაოს შესრულების უნარი - წინა პლანზე ეს კრიტერიუმები წამოიწევს. არ გამოვრიცხავ, ყურადღება მიექცეს ვაქცინაციასაც, თუმცა მთავარი ჯანმრთელობა და შრომისუნარია. საბოლოო ჯამში, შემრჩევი შრომის ბიურო ვის მიანიჭებს უპირატესობას, ძნელი სათქმელია. დამსაქმებელმა თვითონ იცის, ვინ არის მისთვის ხელსაყრელი სამუშაო ძალა, მაგრამ ვინ იქნება შემრჩევი, ამასაც დიდი მნიშვნელობა ექნება”, - ამბობს გამოცემასთან საუბრისას პაატა აროშიძე.
“გერმანიაში სამუშაო ძალის მიმართ არსებული სტანდარტი და მოთხოვნები კარგად ცნობილია ქართველი ემიგრანტებისთვის, რომლებიც იქ წლობით ცხოვრობენ და ფიზიკური შრომით ირჩენენ თავს. ერთ-ერთ ასეთ ემიგრანტს, რაულ სორდიას ,”რეზონანსი” სოციალური ქსელის მეშვეობით დაუკავშირდა. როგორც სორდიამ აღნიშნა, 15 წელზე მეტია გერმანიაში ცხოვრობს და კერძო კომპანიის თანამშრომელია. პასუხისმგებლობა, სუფთა ბიოგრაფია და კომპეტენტურობა - ეს სამი ძირითადი ფაქტორია, რასაც ქართველი ემიგრანტის თქმით, გერმანელი დამსაქმებლები ყველაზე მეტად აქცევენ ყურადღებას”, - დასძენს გამოცემა.
“მნიშვნელოვანია სამუშაო გამოცდილება და შესაბამისი უნარ-ჩვევები, ასევე ფიზიკური მონაცემები და პასუხისმგებლობა, რის გარეშეც გერმანიაში დასაქმების ალბათობა მინიმალურია. რაც ჩემი გამოცდილებიდან ვიცი და მინახავს, სამსახურში აყვანისას ძირფესვიანად სწავლობენ ადამიანს, გერმანელი ისე არ დაგასაქმებს, რომ არ იცოდეს, ვინ ხარ და წარმოდგენა არ ჰქონდეს შენს წარსულზე, გამოცდილებასა და პასუხისმგებლობიანობაზე. რაღაც დონეზე მაინც, ენის ცოდნა აუცილებელია. ძალიან ფრთხილობენ მუშის აყვანის დროს და საბუთების მწყობრში ყოფნას სთხოვენ სპეციალურ კომისიას, ვისაც ადამიანების შერჩევა ევალება. რაც შეეხება გერმანიაში დასაქმებას, ვინც ამას მოახერხებს, ვთლი, რომ ძალიან გაუმართლებს, რადგან აქაური დამსაქმებლები განსაკუთრებით გამორჩეულები არიან. აფასებენ კეთილსინდისიერ ადამიანს და პატივისცემით ეპყრობიან თითოეულ მუშას“, - განმარტავს გამოცემასთან საუბრისას გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი.
სიახლეები
- "ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ დღევანდელი კრიზისი მარტო „ოცნების“ ბრალი არ არის, ჩვენი ბრალიც არის" - გიორგი გახარია
- "აუცილებელია, მოხდეს რეჟიმის დელეგიტიმაცია - ძალიან გთხოვთ, ნუ დაიღლებით საქართველოსგან" - ნიკა გვარამია
- "ქუთაისის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი სერიოზულ კრიტიკას იმსახურებს" - ელეონორა არჩაია
- უკრაინაში დაჭრილი ქართველი მებრძოლი, რომელიც მკურნალობის კურსს საფრანგეთში გადიოდა, გარდაიცვალა
- დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 30 ნავთობტანკერს სანქციები დაუწესა