სახიფათო ულტიმატუმი და ახალი კრიზისის დასაწყისი - “ნამახვანიჰესის” მოწინააღმდეგეები თბილისის პარალიზებით იმუქრებიან
“რიონის ხეობაში გიგანტური ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ორშაბათს შესაძლოა თბილისის ქუჩების გადაკეტვა და დედაქალაქის სრული პარალიზება სცადონ.
ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ხელისუფლება 24 მაისის შუადღის 12 საათამდე მათი მოთხოვნების შესრულებას არ დათანხმდა. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს შესაძლოა ქვეყანაში ახალი მწვავე კრიზისის დასაწყისი იყოს, რასაც ხელისუფლებამ მაქსიმალური თავშეკავებით უნდა უპასუხოს, რათა არც ერთი ქმედებით, ჟესტითა თუ განცხადებით არ შექმნას პროტესტის რადიკალიზაციის საფუძველი. ხელისუფლებას ულტიმატუმი კვირას რესპუბლიკის მოედანზე გამართული აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა წაუყენა და “ნამახვანჰესის” მშენებლობის მოწინააღმდეგეებს უპრეცედენტო გაერთიანებისკენ მოუწოდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით სახიფათო ულტიმატუმი და ახალი კრიზისის დასაწყისი - “ნამახვანიჰესის” მოწინააღმდეგეები თბილისის პარალიზებით იმუქრებიან.
“ხვალ, 12:00 საათამდე ჩვენს მოთხოვნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული თუ არ იქნება, ჩვენ დედაქალაქის პარალიზებას მოვახდენთ... ამისთვის მნიშვნელოვანია კიდევ უფრო მეტი ადამიანი მოგვემატოს... თუ წყვეტთ იმას, რომ ხალხის ნება და სურვილი უპირატესია, მაშინ ეს ბრძოლა ბოლომდე მივიყვანოთ და პასუხი ვაგებინოთ ყველა იმ დანაშაულებრივ ქმედებაზე, რომლის შემოქმედიც და ავტორიც ამ შემთხვევაში ხელისუფლებაა. ბოლოს და ბოლოს, ვაგრძნობინოთ პასუხისმგებლობა ყველას, ვინც ჩათვლის, რომ დღეს და მომავალში უნდა იყოს ჩვენი ნების აღმსრულებელი თანამდებობრივად ამ ქვეყანაში. მან ამ პროცესზე პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს და მისთვის არ უნდა იყოს სასიამოვნო იმ სკამზე მოთავსება... მოგიწოდებთ უპრეცედენტო გაერთიანებისკენ, ამას კიდევ უფრო მეტი გაერთიანება სჭირდება, წამზომი ჩართულია”, - განაცხადა გოლეთიანმა. მისი თქმით, კომპანია “ენკამ” უნდა დატოვოს რიონის ხეობა და მასთან გაწყდეს ხელშეკრულება. ასევე გაუქმდეს 2015 წლიდან დღემდე კომპანიასთან დაკავშირებით გაცემული ყველა დოკუმენტაცია და გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგოსექტორში. გარდა ამისა, ითხოვენ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასა და ყველა იმ თანამდებობის პირის წინააღმდეგ, ვინც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტებს “ნამახვანჰესის” პროექტთან დაკავშირებით”, - აღნიშნავს გამოცემა.
“აქცია 2 საათზე დაიწყო და მას დედაქალაქის მცხოვრებლების გარდა, სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული მოქალაქეები ავტოკოლონებით შეუერთდნენ. საბოლოოდ რესპუბლიკის მოედანზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა. მათი თავდაპირველი მოთხოვნები იყო: გაწყდეს 2019 წლის 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია “ენკა რინიუებლზს” შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი “ნამახვანის ჰესების” კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა. გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის N2405 განკარგულება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს “ენკა რინიუებლზისათვის” აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ, გაუქმდეს “ნამახვანის ჰესების” კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი. ასევე თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა”, - განაგრძობს გამოცემა.
“სიტყვით გამოსვლის საშუალება ორგანიზატორების გარდა აქციის რიგით მონაწილეებსაც ჰქონდათ. რიონის ხეობის მცველებს სოლიდარობას უცხადებენ და ამბობდნენ, რომ პოლიტიკოსებს აქციაზე მისვლა მხოლოდ რიგითი მოქალაქის სტატუსით შეეძლოთ და არ მიეცემოდათ შესაძლებლობა, რომ ტრიბუნა დაეკავებინათ. თავად აქციის მონაწილეები ორგანიზატორების სიტყვით გამოსვლამდე კონკრეტული გეგმის შესახებ არ საუბრობდნენ, თუმცა აცხადებდნენ, რომ ჰესის მშენებლობა უნდა შეჩერდეს და არ დაიშლებდნენ მანამ, სანამ მთავრობა შესაბამის ზომებს არ მიიღებს. “არა მიწების გაყიდვა უცხოელებზე”, “ქართული მიწები არ უნდა გაიყიდოს”, “თუ ხელისუფლება ადეკვატურ გადაწყვეტილებას არ მიიღებს პროტესტი დიდხანს გაგრძელდება”, “არა ნამახვანჰესს და არა ასეთ გლობალურ პროექტებს, რომლებიც დედაბუნებას აზიანებს”, - ასეთია აქციის მონაწილეების გზავნილები, რომლებსაც ისინი ჟურნალისტებტან საუბრებში აცხადებდნენ”, - დასძენს გამოცემა.
“ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე აღნიშნავს, რომ აქციის მონაწილეები რაც უფრო მეტ მოუღებელ მოთხოვნებს დააყენებენ, მოლაპარაკებებისთვის ხიდებს მით უფრო ჩატეხავენ, რაც არც ერთ მხარეს არ აწყობს. “ყველა აქციას თავისი დინამიკა აქვს და დინამიკას უნდა დავაკვირდეთ, თუ საბოლოოდ ეს აქცია რაში შეიძლება გადაიზარდოს და რა შედეგები შეიძლება მოიტანოს. აქციის მონაწილეები რაც უფრო მეტ მიუღებელ მოთხოვნებს დააყენებენ, ანუ როგორც თავად აცხადებენ, ჩვენი მოთხოვნები კიდევ უფრო დამძიმდაო, მით უფრო, შეიზღუდება კომპრომისის და საერთო ენის გამონახვის სივრცე, რაც, მე მგონი, არც აქციის მონაწილეებს უნდა აწყობდეთ. რასაც ისინი ითხოვენ, შეიძლება რაღაც ნაწილი განხილულ იქნას, მაგრამ არის მოთხოვნები რაზედაც დიდი ალბათობით ხელისუფლება არ წავა”, - ამბობს ანჯაფარიძე, რომლის თქმით, “თუკი ხელისუფლებასთან დიალოგის ხიდები ჩატეხეს, რჩება შიშველი კონფრონტაცია და კანონის ფარგლებიდან გასვლა”, - წერს სტატიის ავტორი.
“რადგან თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, აქცია რადიკალიზაციას დაიწყებს და თუ რადიკალიზაციას დაიწყებს, სახელწიფო უკვე იძულებული იქნება, რომ კანონით გათვალისწინებული ზომები მიიღოს. არ მგონია, რომ ამ აქციის ორგანიზატორთა ინტერესებში შედიოდეს, რომ აქციას რადიკალური ხასიათი მისცენ. და შემდეგ ამით რა - მიაღწევენ “ნამახვანი” ჰესის მშენებლობის შეჩერებას, ან მათი პირობების დაკმაყოფილებას? ვნახოთ აქციას რამდენი მხარდამჭერი გამოუჩნდება, მხარდაჭერას რამდენი პოლიტიკური ძალა გამოუცხადებს, როგორი იქნება საზოგადოების განწყობა. დღეს პირველი დღეა და წინასწარ პროგნოზების კეთება რთულია, ვნახოთ. იმედია, რომ პროტესტი მშვიდობიანად დამთავრდება და რადიკალიზაციას ადგილი არ ექნება. ვფიქრობ, რომ აქციის მოთავეებსაც და მონაწილეებსაც გონიერებამ აქეთკენ უნდა უბიძგოს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალა ანჯაფარიძე.
“პროტესტის ორგანიზატორთა მხრიდან კონკრეტული თანამდებობის პირების გადადგომისა და მათ წინააღმდეგ საქმის აღძვრის მოთხოვნა შეთანხმების შესაძლებობას განსაკუთრებით ართულებს. სისხლის სამართლის საქმე რის საფუძველზე უნდა აღიძრას?! მაშინ მათ ის შესაბამისი საბუთები უნდა წარმოადგინონ, რის გამოც ამას ითხოვენ. მათი სურვილი ეს საკმარისი არაა. დოკუმენტებზე ხელმოწერას, რასაც ისინი გულისხმობენ, ამას წინ უძღვოდა გარკვეული პროცესები. ეს ხომ ასე არ მომხდარა, რომ, ვთქვათ, ვიღაც მოვიდა და დოკუმენტს ხელი მოაწერა. ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ “ნამახვანჰესის” მშენებლობის პროექტი “ქართული ოცნების” პირობებში არ დაწყებულა, ის გაცილებით უფრო ადრე, 2007 წლიდან დაიწყო. მაშინ რატომღაც ის ორგანიზაციები და ჯგუფები, რომლებიც ახლა ხმამაღლა ამის წინააღმდეგ გამოდიან, მაინცდამაინც ისეთი აქტიურები არ იყვნენ. რა, მანამდე არ არსებობდა ის პროგნოზები, თუ ჰესის აშენება რა ეკოლოგიურ შედეგებს გამოიღებდა?”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ჩემი აზრით, ხელისუფლების პასუხი უნდა იყოს მაქსიმალური თავშეკავება, რომ არც ერთი ქმედებით, ჟესტით თუ განცხადებით საშუალება არ მისცენ, რომ აქცია რადიკალიზაციის კალაპოტში წავიდეს. მაგრამ თუ აქციის წევრებმა ამის გაკეთება მოინდომეს, მაშინ ხელისუფლების პასუხი უნდა იყოს ის, რასაც მათგან კანონი ითხოვს”, - თვლის ანჯაფარიძე. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი არ გამორიცხავს, რომ 23 მაისის აქცია ქვეყანაში ახალი მწვავე კრიზისის დასაწყისი გახდეს”, - დასძენს სტატიის ავტორი.
“გამორიცხული არაფერია, საქართველოში კრიზისები ანალოგიური სიტუაციებიდან დაწყებულა, მით უმეტეს, რომ ახლაც ვხედავთ იმას, რაც ბევრჯერ გვინახავს, რომ ქუჩაში წყდება ვინაა მართალი და მტყუანი, ვინაა დამნაშავე და ა.შ. და მერე სასამართლოზე მხოლოდ გაფორმებას ითხოვენ ხოლმე. თუ რაიმე ეჭვი აქვთ, მაშინ სასამართლოში საქმე შეიტანონ, აგერ პარლამენტში ოპოზიციაა და თუკი სასამართლოს მსვლელობაში დარღვევა იქნება, მაშინ საპარლამენტო კომისიის საკითხად შეიძლება გადაიქცეს. სამართლებრივი გზით რომ წავიდეთ, სასამართლოც და საპარლამენტო კომისიაც სამართლებრივი გზაა და არა ქუჩიდან საკითხების გადაწყვეტა. ვთვლი, რომ ხელისუფლებისგან უნდა გაეცეს დაახლოებით ისეთი პასუხი, რაც უკვე აღვნიშნე - რომ სცადოს და პროცესი კანონიერ ჩარჩოში გადაიყვანოს, როგორც გვკარნახობს კანონი პრობლემების გადაჭრას”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
სიახლეები
- "2022 წლიდან ომში 60-დან 100 ათასამდე უკრაინელი სამხედროა მოკლული, რუსეთის დანაკარგი ომში კიდევ უფრო დიდია" - „ეკონომისტი“
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით 37-ე სხდომა გამართა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 28 ნოემბრისთვის
- პარლამენტი მთავრობას ნდობას 28 ნოემბერს გამოუცხადებს
- ცესკო საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებულ პროცედურებს განმარტავს