NDI ახალი კვლევის შედეგებს აქვეყნებს
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, მოქალაქეები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებაში პროგრესს ვერ ხედავენ; ისინი ფიქრობენ, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში სიღარიბესთან, კრიმინალთან, ტერიტორიულ მთლიანობასთან და განათლებასთან დაკავშირებული სიტუაცია გაუარესდა, – ამის შესახებ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
როგორც ორგანიზაციის კვლევაშია აღნიშნული, მოქალაქეების პრიორიტეტები პოლიტიკური სიმპათიების მიხედვით არ იცვლება, რაც პარტიებისთვის თანამშრომლობის სტიმული უნდა გახდეს.
კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ არც მმართველი პარტია და არც ოპოზიცია მათი ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებენ. ისინი არც პარლამენტისადმი არიან ოპტიმისტურად განწყობილნი და ამბობენ, რომ საკანონმდებლო ორგანო მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე არ მუშაობს (53 პროცენტი); 52 პროცენტს ასევე არ სჯერა, რომ თუ პარლამენტის წევრს მათ დასახლებაში არსებული პრობლემების შესახებ ეტყვის, ის პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება. მოსახლეობის მხოლოდ მესამედი მიიჩნევს, რომ პარლამენტს მოქალაქეებთან რეგულარული კომუნიკაცია აქვს.
„ეკონომიკური სიდუხჭირე მოქალაქეებისთვის კვლავაც მთავარი გამოწვევაა და სწორედ აქეთკენ უნდა იყოს მიმართული ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიების ძალისხმევა. მოსახლეობის პრიორიტეტები მთავრობის, პარლამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების ყურადღების ცენტრში უნდა მოექცეს. მოსახლეობა უკვე წლებია ეკონომიკური პრობლემების შესახებ საუბრობს. პოლიტიკოსებისადმი გაჩენილი ნიჰილიზმის ფონზე, პოლიტიკურმა ლიდერებმა დროულად უნდა იმოქმედონ, რათა მოსახლეობისთვის საჭირბოროტო საკითხების მოგვარება და საზოგადოებაში ნდობის ამაღლება შეძლონ“, – აცხადებს NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორი ალან გილამი.
როგორც NDI-ს კვლევაშია აღნიშნული, არსებული პოლარიზაციის ფონზე, მოსახლეობის უმრავლესობა პარტიათაშორის თანამშრომლობას უჭერს მხარს. 80 პროცენტი ფიქრობს, რომ მათმა რჩეულმა პოლიტიკურმა პარტიამ პარლამენტში მყოფ ყველა სხვა პარტიასთან უნდა ითანამშრომლოს, თუნდაც ზოგიერთი პარტიის ქმედებები ან მოსაზრებები მისთვის მიუღებელი იყოს. პარტიათაშორისი თანამშრომლობა მოქალაქეებისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია, პოლიტიკური სიმპათიების მიუხედავად. მოქალაქეთა უმრავლესობა ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის შემრიგებლის როლში ადგილობრივ აქტორებს მოიაზრებს. უმეტესობა (34 პროცენტი) ამბობს, რომ ეს როლი თავად პარტიებმა უნდა ითავონ, 11 პროცენტი კი ფიქრობს, რომ პრეზიდენტი ყველაზე კარგად გაუმკლავდებოდა შუამავლის როლს. დარჩენილი 18 პროცენტი მიიჩნევს, რომ ეს ფუნქცია დასავლელმა პარტნიორებმა უნდა შეასრულონ.
„ახალი კვლევის შედეგები ნათლად აჩვენებს, რომ მოქალაქეები პარტიებს შორის თანამშრომლობას ითხოვენ. პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ზარალის აღმოფხვრა ხელისუფლებისა და ოპოზიციის პრიორიტეტად უნდა იქცეს“, – განაცხადა NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორმა ალან გილამმა.
კვლევის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება მნიშვნელოვანია (92 პროცენტი), მხოლოდ 39 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველო დღეს დემოკრატიაა. ამასთან, უმეტესობის აზრით, საქართველო მეზობელი ქვეყნებისთვის აღარ არის დემოკრატიის შუქურა. 25 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველო არც არასდროს ყოფილა სამაგალითო დემოკრატია, 23 პროცენტის აზრით კი, ქვეყანა მეზობლებისთვის დემოკრატიის კარგი მაგალითია.
ამასთან, კვლევის მიხედვით, კორონავირუსის ორი წლის თავზე, მოსახლეობის ნახევარი მთავრობის მიერ პანდემიის მართვას დადებითად აფასებს. თუმცა ვაქცინაციის მიმართ უნდობლობის მაჩვენებელი კვლავ მაღალი რჩება: მოსახლეობის 42 პროცენტი არ აპირებს აცრას. მხოლოდ 25 პროცენტი ამბობს, რომ აიცრებოდა, 29 პროცენტი კი აცხადებს, რომ უკვე გაიკეთა ვაქცინა. ვაქცინისადმი სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები მთავარ მიზეზებად ვაქცინის ხარისხის მიმართ უნდობლობასა (38 პროცენტი) და ჯანმრთელობის პრობლემებს ასახელებენ (20 პროცენტი). ამასთან, ვაქცინირებული მოსახლეობის 34 პროცენტი ბუსტერ დოზის გაკეთებას არ აპირებს ან ჯერ არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული.
NDI-ს ინფორმაციით, კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2 099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევა CRRC-საქართველომ ჩაატარა.
სიახლეები
- დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 30 ნავთობტანკერს სანქციები დაუწესა
- "თუ პუტინის რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის იმპერიულ პოლიტიკას სხვა მეზობლების წინააღმდეგ გააგრძელებს" - ჯოზეფ ბორელი
- "ევროპის რამდენიმე ქვეყანა უკრაინაში ჯარის გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს" - „ლე მონდი“
- "საჭიროა ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში იმიტომ, რომ ძალიან მალე დადგება დრო ახალი არჩევნების"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 ნოემბრისთვის