„დედებმა ძალიან დიდი ტვირთი ავიღეთ საკუთარ მხრებზე, დავტოვეთ ოჯახები და ემიგრაციაში წამოვედით“ - მზია ბიბიჩაძე
8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღეა. ეს თარიღი ქალთა უფლებებისათვის ბრძოლის და ამ ბრძოლაში მიღწეული მნიშვნელოვანი გამარჯვებების სიმბოლოა.
ამ დღეს შესაძლებლობა გვეძლევა შევაფასოთ მიღწეული შედეგები და დავინახოთ არსებული გამოწვევები. ქალები ხომ არაერთი სირთულის მიუხედავად აღწევენ წარმატებას და ნაბიჯ-ნაბიჯ ცვლიან სამყაროს. როგორია იყო ძლიერი ქალი?
ამ საკითხზე FirstNews.ge-ს ქართველი ემიგრანტი საბერძნეთიდან მზია ბიბიჩაძე ესაუბრა.
„ვისურვებდი, რომ ქალს საერთოდ არ სჭირდებოდეს საკუთარი სიძლიერის გამომჟღავნება, ამისთვის საჭიროა კაცი იყოს ძლიერი და მინდა, რომ ყველა ქალს გვერდით ჰყავდეს ისეთი მამაკაცი, რომელიც მას ქალურობას შეუნარჩუნებს. კაცი გადაწყვეტს იმ ძირითად საკითხებს, რასაც დღევანდელ საქართველოში ქალების 80% აგვარებს. თითქოს შეიცვალა როლები და ძირითადი შემომტანი, ფინანსური თვალსაზრისით, დღეს საქართველოში ქალი გახდა. ეს ძალიან არ მომწონს, მაგრამ რეალობაა. ქალებს გვაქვს უნარი, რომ რა რეალობაშიც აღმოვჩნდებით, მას მოვერგოთ.
მე მაგალითად ძლიერ ქალებად ვთვლი, ემიგრანტ დედებს, რომლებიც იძულებულები გახდნენ დაეტოვებინათ ოჯახები, რათა შვილები გამოეკვებათ, ან განათლება მიეცათ. ამისათვის დედებმა ძალიან დიდი ტვირთი ავიღეთ საკუთარ მხრებზე, დავტოვეთ ოჯახები და ემიგრაციაში წამოვედით,“- აცხადებს მზია ბიბიჩაძე.
მისი თქმით, უცხოეთში ცხოვრების დაწყება ნულიდან გიწევს.
საქართველოში ნათესავს, ოჯახის წევრს, მეგობარს უყვარდი, გიცნობდნენ და იცოდნენ ვინ იყავი, უცხოეთში კი ეს გზა თავიდან უნდა გაიარაო. ძალიან დიდი შრომა და ძალისხმევაა საჭირო იმისთვის, რომ შენთვის უცხო ადამიანებს დაანახო შენი პიროვნული ღირსებები, მოიპოვო მათი ნდობა, პატივისცემა, სიყვარული და დაფასება. ეს არ არის იოლი. თუმცა, ბევრმა ქართველმა ქალმა მოახერხა ეს ემიგრაციაში. ერთ-ერთი მათგანი კი მე ვარ. მყავს უკვე კარგი სამეგობრო წრე, ზოგის ოჯახში უკვე რამდენიმე წელია ვმუშაობ. უკვე ძალიან კარგად მიცნობენ და ეს ძალიან რთული გასავლელი გზა იყო.
ჩემი აზრით, სწორედ ესაა სიძლიერე, რომ ცხოვრებამ ვერ გამთელა, ეკლიანი გზებიც ბევრი იყო და შევძელი ამ გზაზე სიარული და რაც მიზნად მქონდა დასახული, ვფიქრობ, რომ 90%-ით შევასრულე.
მე კი ვამბობ, რომ ძლიერი ქალი ვარ და რაღაც შევძელი, მაგრამ ყველა ქალში მაინც პატარა გოგო იმალება და ხშირად ფიზიკურად-სულიერად დაღლილი, მონატრებისგან ბავშვივით ავტირდებით ხოლმე. ამიტომ ვთქვი დასაწყისში, რომ ვისურვებდი ქალს არ დასჭირდეს საკუთარი სიძლიერის გამოვლინება,“- აღნიშნავს ჩვენთან საუბარში მზია ბიბიჩაძე.
სიახლეები
- "ასეთია ივანიშვილის „ოცნების“ ღირსება, რომელიც საკუთარი სამშობლოსთვის მებრძოლ სტუდენტებს უნივერსიტეტიდან ყრის"
- "ისფედი“ არის ორგანიზაცია, რომელიც ყველა არჩევნებზე ცდილობს, საქართველოში შეცვალოს ხელისუფლება და ამის საფუძველი მის მიერ გამოქვეყნებული ყალბი ანგარიშები იყოს"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 11 მარტისთვის
- გიორგი ბაჩიაშვილს კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- "გიჟი უნდა იყო, რუსეთთან კონფრონტაცია სცადო, გავუწოდე ხელი, ჩავედი მოსკოვში, გავუხსენით საზღვრები რუს ტურისტებს, მაგრამ არაფერი გამოვიდა"