სექსუალური ძალადობა არასრულწლოვნებზე - "ხშირად მოძალადე ბავშვისთვის ახლობელი ადამიანი, ზოგჯერ ოჯახის წევრიცაა"
ზუსტი სტატისტიკური მონაცემების დადგენა ბავშვთა მიმართ სექსუალური ძლადობის ფაქტებზე საკითხის სპეციფიურობიდან გამომდინარე საკმაოდ რთულია.
ხშირ შემთხვევებში ოჯახები ცდილობენ, ასეთი შემთხვევები არ გაახმაურონ, რადგან ოჯახის რეპუტაციას უფრთხილდებიან, ან თავად ძალადობის მსხვერპლი ბავშვები/მოზარდები ინახავენ ამას საიდუმლოდ. თუმცა სტატისტიკა მაინც არსებობს და შეიძლება ითქვას, რომ ჩადენილი დანაშაულის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი და საყურადღებოა.
უახლესი, 2019 წლის 3 თვის სტატისტიკით, გამოძიება არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარების 40 შემთხვევაზე დაიწყო. სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ 2019 წლის იანვარ-მარტში ჯამში 110 დანაშაულია რეგოსტრირებული, საიდანაც მხოლოდ 38-ია გახსნილი.
რაც შეეხება გასული წლის მონაცემებს, 2018 წელს არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის 331 შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება, მათ შორის იყო არასრულწლოვნის გაუპატიურების 26 სავარაუდო შემთხვევა და გარყვნილი ქმედების 81 საქმე. აღსანიშანავია, რომ 2018 წელს 2017 წელთან შედარებით, ამ კატეგორიის დანაშაულზე არასრულწლოვანთა და მათი მშობლების მხრიდან მიმართვიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზრდილია
სექსუალური ძალადობა ბავშვებსა და მოზარდებზე გულისხმობს ბავშვის/მოზარდის გამოყენებას სექსუალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. იგი არ შემოიფარგლება მხოლოდ სქესობრივი კონტაქტის დამყარებით, არამედ მოიცავს ქმედებათა ფართო სპექტრს, როგორიცაა: ეროტიული ელფერის ალერსი, შეხება, საკუთარი სასქესო ორგანოების დემონსტრირება, პორნოგრაფიული სურათების გადაღება, სექსუალური შინაარსის კადრების ან პორნოგრაფიული ჟურნალების ნახვის ხელშეწყობა და სხვა. ასეთი ქმედებები ჩაითვლება სექსუალურ ძალადობად, მიუხედავად იმისა, იყო თუ არა თანხმობა ბავშვის მხრიდან, რადგან ერთის მხრივ, ბავშვზე ზეგავლენის მოხდენა იოლია, მით უფრო, რომ მოძალადე თავისი მიზნის მისაღწევად ხშირად მიმართავს ტყუილს, მუქარას ან შანტაჟს; მეორეს მხრივ კი ბავშვს არ შეუძლია ამ ქმედებათა მნიშვნელობის გაგება, მათი სწორად შეფასება.
სახალხო დამცველმა, თავის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშში ყურადღება გაამახვილა ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის პრობლემაზე და მთავარი რეკომენდაციები გასცა. დოკუმენტის მიხედვით, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს ის, რომ სახელმწიფოს კონკრეტული სამოქმედო გეგმა და რეაბილიტაციის კონცეფცია არასასურველი სექსუალური ხასიათის ქმედებებისგან ბავშვების დასაცავად ამ დრომდე არ შეუმუშავებია. ანგარიშის თანახმად, საქართველოში, ხშირ შემთხვევებში, ბავშვებს არ აქვთ სათანადო ინფორმაცია, თუ ვის უნდა მიმართონ რაიმე სახის ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ხასიათის არასასურველი ქმედების შემთხვევაში.
"მიუხედავად პრობლემის მასშტაბებისა, სახელმწიფო საზოგადოებისა და განსაკუთრებით, ბავშვებისათვის ხელმისაწვდომ ფორმატში საინფორმაციო აქტივობებსა და კამპანიებს არ აწარმოებს. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში საგანმანათლებლო აქტივობების სახით შესაბამისი სწავლება არ მიმდინარეობს. არაპროპორციულად მცირეა და საჭიროებებზე ნაკლებად ორიენტირებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს რეგიონებში დაზარალებულბავშვებთან მომუშავე ფსიქოლოგთა რიცხვი", - ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.
არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ადვოკატი დიმიტრი ნოზაძემ AMBEBI.GE-ს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 9 წლის გოგონას ანონიმური ისტორია მიაწოდა:
"გოგონას დედა აიძულებდა, რომ გადაეღო პორნოგრაფიული ხასიათის ვიდეოები და ფოტოები, რომელსაც ინტერნეტის საშუალებით გზავნიდა და ყიდდა. შემდეგ ეს ბავშვი წაიყვანა თბილისში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში, შეახვედრა ამ კაცს, რომელმაც ბავშვზე იძალადა. ეუბნებოდა ტანსაცმელი გაეხადა, გაშიშვლებულიყო და მოფერებოდა. ამ ქმედებების ვიდეომასალა არსებობს და ის ვნახე, ძლიან მძიმე საყურებელია და აღსაწერია ეს ყველაფერი".
ფსიქოლოგი ქეთევან ფილაური AMBEBI.GE- სთან იმ ნეგატიურ შედეგებზე საუბრობს, რამაც შესაძლოა თავი იჩინოს როგორც სექსუალური ძალადობიდან დაუყოვნებლივ, ისე გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ზრდასრულობის ასაკშიც.
"ეს პრობლემა მუდამ არსებობდა, დღესაც არსებობს როგორც საქართველოში, ისე - მთელ მსოფლიოში, ყველა სოციალურ ფენაში. ეს უდიდეს ზიანს აყენებს ბავშვს როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური თვალსაზრისით. რაც უფრო ადრეულ ასაკში ხდება და განმეორებითია უფრო მეტია ზიანი. ხშირია შემთხვევები, როდესაც მოძალადე ძირითადად არის ბავშვისთვის ნაცნობი, ახლობელი ადამიანი, ზოგჯერ ოჯახის წევრიც, რომელიც არის ბავშვთან ნდობით ურთიერთობაში, ან შეუძლია ნდობა ადვილად მოიპოვოს. ეს ბავშვში პირველ რიგში დაბნეულობას იწვევს. ბავშვებს ადამიანების შესახებ წარმოდგენები უყალიბდებათ სხვა, მათთვის ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობით. ასეთ შემთხევაში ის იღებს გამოცდილებას, რომ მისთვის ახლობელ, უფროს ადამიანს მოაქვს ტკივილი და ეს არის ძალიან ტრავმული მისთვის. მან არ იცის, ვის ენდოს და ვის არა, კარგავს ნდობას ყველას მიმართ. ამ გამოცდილებას ახასიათებს მრავალი სიმპტომი, თავდაცვის პოზა, სექსუალური კონტაქტიდან თავის არიდება, უკვე ზრდასრულ ასაკში. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფაქტი დასრულდა შეიძლება წარსულის განცდები მის ფიქრებში პერმანენტულად შეიჭრას. იმის ნაცვლად რომ მოზარდმა ითამაშოს, განათლება მიიღოს, განვითარდეს, იგი ერთი და იგივე ტრავმული გამოცდილების ირგვლივ ტრიალებს" - ამბობს ფსიქოლოგი.
ქეთევან ფილაური მიიჩნევს, რომ სამართალდამცავები, რომლებიც ასეთ ფაქტებს იძიებენ სპეციალური ცოდნით უნდა იყვნენ აღჭურვილები და უნდა იცოდნენ, როგორ აწარმოონ ბავშის გამოკითხვა, ისე რომ მათი ფსიქიკა არ დააზიანონ.
"მინიმუმ ფსიქლოგიური ტრენინგები უნდა ჰქონდეს გავლილი სპეციალისტს, რომელიც ბავშვი გამოკითხვაშია ჩართული. როცა ბავშს სთხოვენ პასუხი გასცეს კითხვებს, ანუ სთხოვენ ისეთი რამის გაკეთებას რაც მას არ სურს, ეს არის რეტრავმატიზაცია, რასაც არაკომპეტენტური დაკითხვა იწვევს".
არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელი ანა აბაშიძე ასეთი ფაქტების პრევენციის აუცილებლობაზე საუბრობს.
"ამ მხრივ ჩვენს ორგანიზაციაში მომართვიანობის ფაქტები საკმაოდ ხშირია, ითხოვენ კონსულტაციებს... მშობლები გვიკავშირდებიან და ითხოვენ რჩევას, რა უნდა გააკეთონ ასეთ სიტუაციაში, რაც უკვე კარგია. ისინი სერიოზულად უდგებიან ამ პრობლემას და აანალიზებენ, რა მნიშვნელოვან პრობლემასთან აქვთ საქმე და რაც მთავარია, ამას ბავშვის წარმოდგენებად არ განიხილავენ. ევროპის მასშტაბით ბოლოს ჩატარებულმა კვლევამ თქვა, რომ ყოველი მეხუთე ბავშვი სხვადასხვა სახის სექსუალური ძალადობის მსხვერპლია. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ამ კუთხით კვლევები არ ტარდება. აუცილებელია, რომ პრობლემის მასშტაბის განსაზღვრაა სწორედ ასეთი კვლევებით მოხდეს.
ასევე, უმთავრესი პრობლემაა ხდება თუ არა პრევენცია. აქ უპირველესად გვახსენდება საგანმანათლებლო დაწესებულებები და მას შემდეგ ყველა ის ადგილი, სადაც ბავშვი სხვადასხვა მიზნით იმყოფება, მათ შორის: ბაღები, სკვერები, მუსიკის სკოლები, ცეკვის წრეები და ა.შ. ყველა ეს ორგანიზაცია უნდა ცდილობდეს სხვადასხვა ფორმით მოახდინოს პრევენცია. პრევენციის ყველაზე ძლიერი მხარე ბავშვებისთვის ინფორმაციის სწორად და ფრთხილად მიწოდებაა" - ამბობს აბაშიძე,
მისი თქმით, პრევენციისთვის წინგადადგმული ნაბიჯი საგანმანათლებლო დაწესებულებებში სექსუალური, რეპროდუქციული საკითხების სავალდებულო წესით სწავლების დანერგვა იქნება.
"ამ საგნების მნიშვნელობა ადამიანებს სათანადოდ არ ესმით და სხვაგვარად წარმოუდგენიათ, რაც დარგის სპეციალისტებისთვის ღიმილისმომგვრელია. ძალიან დიდი სამუშაოა მშობლებთანაც... სახელმწიფომ უნდა ჩადოს რესურსი, რომ საინფორმაციო კამპანიები დაიგეგმოს და განხორციელდეს. შემდეგ უკვე სამარალდამცავების მუშობის სტანდარტებზე უნდა დაიწყონ მუშაობა. მათი მუშაობის დიზაინი საერთოდ თავიდან დასაწერია. ისინი სტანდარტული მეთოდებით მუშაობენ, მაგალითად როგორც იძიებენ ყაჩაღობას, იგივე მეთოდით იძებენ ასეთ სპეციფიურ დანაშულს. სტატისტიკის მიხედვით ასეთი დანაშულის გახსნის მაჩვენებელი ძალიან დაბალია, მათ უნდა გადახედონ მუშაობის მთლიან სტანდარტს. მთელი ეს პროცესი ბავშვზე ორიენტირებული უნდა იყოს. გამოძიების დასრულების შემდეგ ძალადობის მსხვერპლს რეაბილიტაცია სჭირდება. სახლმწიდომ ერთიანი წრე უნდა შექმნას - დაიწყოს პრევენციით, გააგრძელოს გამოძიებით, დანაშაულის გახსნით და დაასრულოს მსხვერპლი ბავშის რეაბილიტაციით" - აღნიშნა ანა აბაშიძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ინსტიტუტი. კოორდინატორები პრიორიტეტულად იმუშავებენ ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვნებსა და მათ მშობლებთან, გაუწევენ მათ პირველად ფსიქოლოგიურ დახმარებას, შესთავაზებენ საჭირო სერვისებს და უზრუნველყოფენ მათ მხარდაჭერას გამოძიების მიმდინარეობისას.
ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში გამოიყო სპეციალიზებულ გამომძიებელთა ჯგუფი, რომელიც მხოლოდ ამგვარი კატეგორიის დანაშაულებს გამოიძიებს. გამომძიებლები გადამზადებული არიან ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვნების გამოკითხვის მეთოდოლოგიის საკითხებზე. სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, სექსუალური ძალადობის ჩამდენი პირებისთვის სასჯელი გამკაცრდება და მთელი რიგი უფლებები (მათ შორის სასწავლო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუშაობის უფლება) ჩამოერთმევა, ასევე შეიქმნება სექსუალური ძალადობისთვის მსჯავრდებულ პირთა ბაზა.
უფლებადამცველები ამბობენ, რომ მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერ გასწვდება ამ პრობლემას. მათი მოსაზრებით, საჭიროა სახელმწიფო უწყებების კოორდინირებული მუშაობა და პრობლემისადმი სისტემური მიდგომა.
ambebi.ge
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი