"ვიშრომეთ ისე, როგორც მხოლოდ მაშინ შრომობ, როცა სანუკვარ ოცნებას ხელით აშენებ" - თამუნა ჯიქია

თამუნა ჯიქია და გიორგი ქაჯაია ერთ-ერთი მიზანდასახული წყვილია, რომლებმაც  5 წლის წინ გადაწყვიტეს საკუთარი ხელით აეშენებინათ სახლი. ისინი სამსახურის მერე ყოველ შაბათ კვირას მიდიან სოფელში და შრომობენ პატარა ბიჭებთან ერთად. 

როგორც თამუნა ჯიქია FirstNews.ge-თან საუბარში აცხადებს, დღემდე ბევრ რამეს თავად აკეთებენ, ნელა, შეცდომებით, ხანდახან დაღლილები. ეკალ-ბარდებით დაფარული მიწის ნაკვეთი იყიდეს და ახლა იქ  პატარა, თბილ კერას აშენებენ.

 

66539d2c 9d29 49cd 8b09 e9e6bec17bee

 

"ყველაფერი ასე დაიწყო:

ხუთი წლის წინ მე და ჩემმა მეუღლემ ერთი პატარა, მაგრამ ძალიან გაბედული ნაბიჯი გადავდგით.

ვიყიდეთ მიწის ნაკვეთი - ეკალ-ბარდებით დაფარული, მოუვლელი, ჩუმი და თითქოს დავიწყებული.

მაგრამ სიჩუმეს თუ კარგად მოუსმენ, ხვდები - მიწასაც აქვს ხმა

და იმ დღეს ჩვენ მომავლის ხმა გავიგეთ.

ბევრისთვის ეს უბრალოდ ცარიელი მიწა იყო.

ჩვენთვის - მომავალი.

ბევრმა თქვა, რომ რთული იქნებოდა, არაფერი გამოვიდოდა.

ბევრმა გაიფიქრა ,რომ ეს უბრალოდ ახირებაა.

ზოგმა უბრალოდ ჩაიღიმა ისე, როგორც იღიმიან, როცა სხვის ოცნებას სერიოზულად არ აღიქვამენ.

 

photo collage.png 6

 

მაგრამ ჩვენ ვიცოდით - ეს ადგილი უბრალოდ მიწა არ იყო...

ეს იყო სივრცე, სადაც ჩვენი შვილების ბედნიერი ბავშვობა უნდა მოგვეწყო.

გვინდოდა მათი დილა ჩიტების ხმებით დაწყებულიყო და არა ტელეფონის მაღვიძარათი...

გვინდოდა, ხელები მიწით გასვროდათ და ეკრანებისგან შორს ყოფილიყვნენ...

გვინდოდა, ენახათ როგორ იზრდება ხე - ნელა, მოთმინებით, როგორც იზრდება ადამიანი...

და ჩვენ დავიწყეთ!

გავწმინდეთ მიწა.

შემოვღობეთ.

ვიშრომეთ ისე, როგორც მხოლოდ მაშინ შრომობ, როცა სანუკვარ ოცნებას ხელით აშენებ.

შემდეგ ავაშენეთ სახლი — ჩვენი ხელებით, ჩვენი ძალით, ჩვენი რწმენით.

დღემდე ბევრ რამეს თავად ვაკეთებთ. ნელა, შეცდომებით, ხანდახან დაღლილები… მაგრამ არასოდეს ვნებდებით.

ეს გზა მარტივი არ არის.

არის რთული დღეები, დაუგეგმავი პრობლემებიც არის...

მაგრამ არის სიხარული, რომელიც ყველაფერს გადაწონის -

როცა ხედავ, როგორ დარბიან შენი შვილები საკუთარ ეზოში,

როგორ იზრდება ხე, რომელიც შენ დარგე,

როგორ იქმნება ადგილი, რომელსაც სახლს ეძახი და როგორ გრძნობ სიმშვიდეს,რომელიც შიგნიდან მოდის.

ასე დაიწყო ჩვენი ოცნების ახდენის გზა.

და ეს გზა ჯერ კიდევ გრძელდება…

ყოველთვის გაგიზიარებთ ჩვენს ყოველდღიურობას - შრომას, შეცდომებს, პატარა გამარჯვებებს და იმ დიდ სიყვარულს, რაც ამ ყველაფრის უკან დგას.

თუ გინდათ, ერთად ვიაროთ ამ გზაზე - გამოგვყევით," - აცახდებს თამუანა ჯიქია.

 

photo collage.png 5

 

წყვილს სოციალურ ქსელში საკუთარი გვერდი აქვს -Notes from the Village , სადაც შეგიძლიათ თვალი ადევნოთ მათ შემოქმედებას.

წაკითხვა 338 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 02 2026
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.