"ვერას ხშირად ესიზმრებოდა მიტოვებული ვოვა, რომელიც ნაწყენი უმზერდა..." - რას იხსენებს ჟურნალისტი, რომელმაც წლების წინ ჩაწერა ინტერვიუ პუტინის "დედასთან?

2004 წელს "კვირის პალიტრის" ჟურნალისტმა მარინა ბაბუნაშვილმა შეძლო ჩაეწერა ინტერვიუ ვერა პუტინასთან, რომელიც თავს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დედად მიიჩნევდა. 

ახლახან ქალბატონმა მარინამ სტატუსი "ფეისბუკის" პირად გვერდზე გამოაქვეყნა, რომელსაც გთავაზობთ:

"რატომღაც ძალიან მომინდა წლების წინ გაკეთებული სენსაციური მასალის გახსენება, მიხვდებით, რატომაც... ახლახან დაიდო სწორედ ის ინტერვიუ, რომელიც მაშინ ჩავწერე ქალთან, რომელიც თავს პუტინის დედად მიიჩნევს. ეს იყო 2004 წელს.
 
ბევრს დღემდე არ სჯერა, რომ ვერა პუტინა, რომელიც კასპის რაიონის სოფელ მეტეხში ცხოვრობდა, ნამდვილად ვლადიმირ პუტინის ბიოლოგიური დედა იყო, ბევრმაც სარწმუნოდ მიიჩნია ეს ამბავი (და სენსაციურიც მაშინ უწოდეს), რადგან რაღაცით უნდა გამართლებულიყო რუსეთის პირველი პირის ქართველთმოძულეობა! მოკლედ, ბევრმა დაიჯერა, ბევრმაც ზღაპრად აღიქვა...
 

თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, რომელმაც პირადად ჩავწერე ვერა პუტინა, 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ მან მოავლინა ამ ცოდვილ დედამიწას რუსეთის იმპერატორი, უი, უკაცრავად, პრეზიდენტი, რომელიც ჩრდილოეთიდან ხან თითს გვიქნევს, ხან მუშტს, ხან ისტორიის გაკვეთილს გვიტარებს და ახლა კიდევ, გულმოწყალე და დიდსულოვან პოლიტიკოსად გვევლინება და ალბათ, ქართველებისგან სამადლობელსაც ელოდება უკვე არაკრძალული ღვინით სავსე ყანწით...მან ხომ პატივი დაგვდო და ემბარგო არ დაგვიწესა.

რაც შეეხება ტურისტებს, რა პრობლემაა? ისინი მოიცდიან, ან სულაც ყირიმში დაისვენებენ ... ან აფხაზეთში... ეს ორი ზღვისპირა მარგალიტი ხომ კარგა ხანია მათია! ქართველები როგორ მოიქცევიან, დაიმსახურებენ თუ არა უფრო მოწყალე გახდეს “ბაბაია”, ამას მომავალი გვიჩვენებს.

 

ახლა კი, ის დეტალები, როგორ აღმოვაჩინე ვერა პუტინა...
2004 წელს ჩემმა ძმამ ბინა შეიძინა ვარკეთილში. სანამ იქ გადაბარგდებოდა, გავყევი ბინის დასათვალიერებლად. იქ მისი ძველი მეპატრონე დაგვიხვდა. დიასახლისი პუტინის ასე ვთქვათ, ნახევარდა, ლუბა ოსეფაშვილი აღმოჩნდა. მან გულითადად მიგვიპატიჟა სახელდახელოდ ჩვენთვის გაშლილ სუფრასთან, ცოტა ხანში კი, გამომიტყდა, - მე ვლადიმირ პუტინის ნახევარდა ვარო. მართალი გითხრათ, სრულიად მოულოდნელი განაცხადისგან თვალები შუბლზე ამივიდა, - ეს როგორ-მეთქი? როგორ და ძალიან ჩვეულებრივად, ეს ცხოვრება ხომ  "სიურპრიზებით” სავსეაო...
 
ვერა პუტინა, მარინა ბაბუნაშვილი, ლუბა ოსეფაშვილი
 
და მერე მიამბო თავის ბავშვობაზე, უფროს ძმაზე, რომელიც 10 წლამდე მეტეხში ცხოვრობდა თავის 5 და-ძმასთან ერთად. ისიც დაამატა, ორ დღეში კინომსახიობთა თეატრში ჩვენს ოჯახზე და ვოვაზე გადაღებული ფილმის პრემიერაა, დედაც იქ იქნება და გეპატიჟებიო, - მოსაწვევიც გადმომცა. ლუბამ იმ საღამოს ბევრი რამ მიამბო, აი, ნახე რამხელა შრამი მაქვს თავზე (და ხელი მომაკიდებინა. მართლაც, დიდი ნაწიბური ჰქონდა), ეს უნებურად მოუვიდა ვოვას, ძალიან ვუყვარდი და სულ მხრებზე შემოსკუპებულს დამატარებდა. ერთხელ, როცა დედა და მამა ახალი სახლის მშენებლობით იყვნენ დატვირთული და შინ ვოვა, ჩემი უფროსი და და მე ვიყავით, ვოვას შემთხვევით ჩამოვუვარდი, თავი ქვას დავარტყი და გავიტეხე. სისხლი ვერაფრით შემიჩერეს. მერე წყლიან დიდ თასში ჩამაყოფინეს თავი და გადამიხვიეს. ვოვა შეშინებული იყო, იცოდა, რომ მამა ძალიან გაუბრაზდებოდაო... ასეც მოხდა, შინ დაბრუნებულ გიორგის და ვერას სისხლით სავსე თასი რომ უნახავთ, ვოვა მკაცრად დაუსჯიათ...

ერთი სული მქონდა, როდის დადგებოდა პრემიერის დღე. . . ფილმი, რომელიც გადაიღეს ჰოლანდიელმა ინეკე სმიტმა ( ვახუშტი კოტეტიშვილის რძალი) და გიორგი ოვაშვილმა, საოცრად ემოციური აღმოჩნდა. ფილმს ჰქვია "დედა". იმდენი საერთო იყო ნაჩვენები პუტინსა და ვერას შორის, მაყურებელი შოკში ჩავარდა. მეზობლები იხსენებდნენ გულჩათხრობილი, მაგრამ "ჯიბრიანი" ვოვას ბავშვობას: ქა, ქათმებს გვიხოცავდა თავისი გაკეთებული ლაგატკითო... ჭიდაობა უყვარდა და წაგებას ვერ ეგუებოდა... არ მოეშვებოდა მეტოქეს, სანამ არ დაამარცხებდაო... მერე თანაკლასელებმაც ილაპარაკეს: ისეთი ლამაზი კალიგრაფიით წერდა, მასწავლებელი სულ აქებდაო, ახლაც შენახული გვაქვს მისი მისალოცი ბარათებიო...ხო, მართლა, მეზობლებმა ისიც გაიხსენეს, რომ ხშირად უნახავთ ზამთრის ცივ და თოვლიან დღეებში გარეთ გამოგდებული ფეხშიშველა ვოვა, შესცოდებიათ და თავის სახლში "ფეჩის" წინ დაუსვიათ... თურმე, არ ჰყვარებია გიორგი ოსეფაშვილს გერი, როგორც საუბრისას მითხრა თავად ვერამ, თვეები ისე გავიდოდა, ზედ არ შეხედავდა და ხმას არ გასცემდაო. ლუბამ კი დაამატა, ორი ყბით იცოდა ვოვამ ჭამა და მამას ეს აღიზიანებდა, ამიტომაც ჩემი ძმა ბოლო პერიოდში აღარ ჯდებოდა საჭმელად, როცა მამა სახლში იყოო. ბავშვობაში მეც ორივე ყბით ვღეჭავდი და ამაზე სულ გიჟდებოდა მამა, რაღა "იმას" დაემსგავსეო...(სახელითაც კი არ მოიხსენებდა გერს). თურმე, გიორგი ოსეფაშვილს სიკვდილის წინ პატარა ვოვა ელანდებოდა და ცოლს და ქალიშვილებს სთხოვდა: ის ბიჭი კუთხეში რომ დგას, უთხარით, მოვიდეს და პური ჭამოსო.
 
 
როცა ვერა პუტინამ თავისი სევდიანი ამბავი მიამბო, გული მომეწურა, ადამიანურად შემებრალა ქალი, დედა, რომელმაც ავყია ქმარს მოაცილა გერი, ჩაუყვანა თავის მშობლებს პერმის ოლქის ქალაქ ოჩორაში, მამამ კი, (ანუ ბაბუამ) არც ჰკითხა შვილს, ისე მიაბარა რომელიღაც სამხედრო სასწავლებელში საქართველოდან დაბრუნებული 10 წლის შვილიშვილი, ერთი ღერი რუსული რომ არ იცოდა...

ვერას მამას თავისი სამი ვაჟი, რძლები და ლოგინად ჩავარდნილი ცოლიც მკაცრად გაუფრთხილებია, არასოდეს უთხრათ ვერას, სადაა მისი პირველი შვილი, მე ისეთ ადგილას მივიყვანე ის, სადაც მაგარ კაცებს ზრდიანო... ხომ გასაგებია, რა ადგილზეც იყო ლაპარაკი. ეს გახლდათ სამხედრო ინტერნატი, სადაც ძირითადად, უპატრონო ბავშვებს იღებდნენ და ზრდიდნენ მომავალ "კე-გე-ბეშნიკებად" . რა "კაციც" დადგა, ყველამ დავინახეთ. ვერამ ვეღარ იპოვა სასწავლებლად "გაბარებული" შვილი, ხელი ჩაიქნია და მიჰყვა ცხოვრების დინებას. მერე ხშირად ესიზმრებოდა მიტოვებული ვოვა, რომელიც ნაწყენი უმზერდა და ხმას არ სცემდა. ამ ინტერვიუს მერე სულ იმას ვფიქრობ, ნუთუ პატარა ვოვასთვის საქართველო და ქართველი ხალხი ამ ერთი გიორგი ოსეფაშვილით განისაზღვრა?! კლასელები, მეზობლები, ბოლოს და ბოლოს, დედა და და- ძმა, რომლებისგანაც არც სიყვარული და არც სითბო აკლდა, ასე როგორ დაავიწყა და შეაძულა რუსეთის უშიშროებამ, რომ საერთოდ ამოირეცხა გულიდან ყველა და ყველაფერი, ვინც და რაც საქართველოს უკავშირდება.
 
 

 

პ. ს. სხვათა შორის, ბავშვობის დროინდელი ეს ფოტო ერთ-ერთ მეზობელს აღმოაჩნდა ვალოდიას ხელნაწერით: სახსოვრად ნათელას ვოვასგან. ოჯახს კი, პუტინის ყველა ფოტო ჩეჩნეთის უშიშროებამ "გაუქრო". წყარო

წაკითხვა 891 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 12 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.