საკვებდანამატების ჩამონათვალი, რომლებიც ნელი სიკვდილით კლავს
საქართველოს მოსახლეობა მასობრივად საშიში პროდუქტებით იკვებება. სურსათის უმეტესობა საღებავებითა და პესტიციდებით არის გაჯერებული.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში საკვების ხარისხის კონტროლს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, მომხმარებლის დაცვა მკაცრი კონტროლის პირობებშიც შეუძლებელია. გარდა იმისა, რომ უცხოური, საეჭვო წარმოშობის პროდუქტებში საკვებდანამატების წილი დიდია, როგორც ბოლო დროის კვლევამ აჩვენა, ადგილობრივი წარმოების პროდუქტიც ჯანმრთელობისთვის არანაკლები ზიანის მომტანია.
სულ ახლახან ცნობილი გახდა, რომ ,,კულას", "მარნეულისა" და "სუპრემოს" პროდუქტებში არასაკვები საღებავები აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაცია სტრატეგიული კვლევების ცენტრმა გაავრცელა. თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შეძენილ ექვს პროდუქტში, არასაკვები საღებავი აღმოჩნდა. დადასტურებული შედეგები გერმანული ლაბორატორიისგან მიიღეს, სადაც 42 დასახელების ტყემლის, პომიდვრის საწებლის, აჯიკისა და წითელი წიწაკის (დაფქვილი) ნიმუშები გაგზავნეს.
არასაკვები საღებავები აღმოჩნდა შემდეგი დასახელების პროდუქტში:
ტყემალი წითელი, კლასიკური - შპს "გსქ კულა"; ტრადიციული წითელი ტყემალი - შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა"; ტომატის საწებელი "სუპრემო" - შპს "ფუდსერვისი"; აჯიკა - შპს "ეს"; ჩილი სოუსი ცხარე - შპს "სოლედო"; მშრალი აჯიკა - "თეთნულდი".
„მართალია, არასაკვები საღებავები უმეტესად მცირე ოდენობითაა ზემოთ მითითებულ სურსათში აღმოჩენილი, მაგრამ ამ საღებავების სისტემატური მოხმარება ხელს უწყობს ან სიმსივნის წარმოქმნას ან გენების გადაგვარებას. „სუდანის“ ჯგუფის საღებავები გამოიყენება სურსათისათვის მოწითალო შეფერილობის მისაცემად“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
სურსათის ექსპერტების განმარტებით, საკვებდანამატები ბუნებრივი ან სინთეზური ქიმიური ნივთიერებებია, რომელთაც უმატებენ კვების პროდუქტებში ტექნოლოგიური მიზნისთვის. მათ იყენებენ პროდუქტების შესანახად (კონსერვანტები), საჭირო კონსისტენციის მისაღებად (სტაბილიზატორები, შემასქელებლები, ემულგატორები), სასაქონლო სახის მისაცემად (ფერი, გემო, სუნი) და ა.შ. პრობლემა კი ის არი, რომ სიცოცხლისთვის საშიშ კონსერვანტებს შეიცავენ ხორცი და ხორცპროდუქტები, სასმელები, მათ შორის ლიმონათები და წვენები, ,,კოკა-კოლა", "პეპსი", საკონდიტრო ნაწარმი, იოგურტები და ნაყინები და სხვა.
ევროპის ეკოლოგიური კომიტეტის წევრის, პროფესორ რამაზ გახოკიძის შეფასებით, უმრავლესობა დღეს საღებავებითა და სხვადასხვა სახის ხელოვნური დანამატების შემცველი პროდუქტით იკვებება. შედეგად კი ბევრი ადამიანი იღუპება იმ დაავადებებით, რომელთა თავიდან აცილება სავსებით შესაძლებელია.
,,საკვებით უბრალოდ, ყოველდღიურად ვიწამლავთ თავს. ადამიანი ყოველწლიურად საკვებთან ერთად იღებს 3 კილოგრამ სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებას - პესტიციდებს, საღებავებს, ემულგატორებს, კონსერვანტებს, გემოს და სუნის გამაძლიერებლებს. მაგალითად, ვაშლს კანადაში სეზონის განმავლობაში 70-ჯერ წამლავენ სხვადასხვა ქიმიკატებით. ამის შედეგი კი ის არის, რომ არც ერთ ჭიას არ შეუძლია მისი ჭამა, ჩვენ კი ვჭამთ", - ამბობს "ბიზნეს-რეზონანსთან" გახოკიძე.
რაც შეეხება ,,სუდანს", რომლის შემცველობა საქართველოში წარმოებულ პროდუქტებში დაფიქსირდა, მეცნიერის ინფორმაციით, იგი მიეკუთვნება ე.წ. აზოსაღებავების ჯგუფს, რომელიც არასაკვები საღებავია. მისი სხვადასხვა ვარიაცია იძლევა ყვითელ, წითელ და ფორთოხლისფერ შეფერილობებს. ძირითადად გამოიყენება დიზელის საწვავის, ბურთულებიანი პასტების წარმოებაში, ასევე საპოხი მასალების და ქსოვილების შესაღებად. ცხიმში ხსნადი ,,სუდანი" ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ცხიმოვან უჯრედებში გროვდება. კანცეროგენური ნივთიერება მოქმედებს გენეტიკურ აპარატზე, რაც იწყებს დეფორმაციას და ხდება მუტაციები, რამაც ადვილად შესაძლებელია საფუძველი დაუდოს ავთვისებიანი სიმსივნის წარმოქმნას.
რაც შეეხება სხვა სახის საკვებდანამატებს, რამაზ გახოკიძის თქმით, სიცოცხლისთვის საშიშ კონსერვანტებს შეიცავენ ხორცი და ხორცპროდუქტები, რომელთაც ვარგისიანობის ვადის გასაზრდელად, ხშირად უმატებენ ნიტრიტებს (E249 და E250) და ნიტრატებს (E251 და E252), რომლებიც თრგუნავს მიკროორგანიზმების (ბაქტერიები, სოკოები), მათ შორის ბოტულიზმის ცხოველმოქმედებას და ხორცს ანიჭებს ვარდისფერს.
,,ეს კონსერვანტები ძალიან საშიშია ორგანიზმისთვის. მაგალითად, ნატრიუმის ნიტრიტი (E250) იწვევს ნერვული სისტემის აღგზნებას ბავშვებში, ორგანიზმის ჟანგბადურ შიმშილს (ჰიპოქსია), ორგანიზმში ვიტამინების შემცველობის შემცირებას, კვებით მოწამვლას შესაძლო ლეტალური დასასრულით, ონკოლოგიურ დაავადებებს. ნატრიუმის ნიტრიტს შეიცავს დამარილებული ხორცი, სოსისი, ძეხვი, შაშხი, შებოლილი ხორცი და თევზი. მისი შემცველი პროდუქტები ევროკავშირის ქვეყნებში აკრძალულია, ჩვენთან კი - არა.
სასმელებს ხშირად უმატებენ ისეთ კონსერვანტებს, როგორიცაა სორბინის მჟავა და სორბატები (E200, E202-203), ასევე ბენზოის მჟავას და ბენზოატებს (E201-213). სორბინისა და ბენზოის მჟავებს ბუნებრივი სახით შეიცავს ზოგიერთი კენკროვანი მცენარე. ყველა დიასახლისი სამზარეულოში იყენებს რამდენიმე ბუნებრივ კონსერვანტს - მარილს, შაქარს, ლიმონმჟავას, ძმარს, სპირტს. მათი გავლენით საკვებში მიკრობები და სოკოები არ ვითარდება.
განსაკუთრებულ საშიშროებას წარმოადგენს შაქრის შემცვლელები (დამატკბობლები), რომელთაც ფართოდ იყენებენ დიეტურ (დაბალკალორიულ) პროდუქტებსა და საღეჭ რეზინებში და მათ რეკლამას უწევენ როგორც ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტებს. მათ ყოფენ 2 კატეგორიად: სინთეზურ და ბუნებრივ შაქრის შემცვლელებად. ყველა სინთეზური შაქრის შემცვლელი საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის", - აცხადებს "ბიზნეს-რეზონანსთან" რამაზ გახოკიძე.
მისი თქმით, ნაკლებად საზიანოა ბუნებრივი წარმოშობის კონსერვანტები: ღვინის სპირტი, ნახშირორჟანგი, შაქარი (ყურძნის, ჭარხლის), ორგანული მჟავები (ძმარმჟავა, ჭიანჭველმჟავა, სორბინის, ბენზოის, სილიცილის მჟავები). ჰიგიენური და დიეტური თვალსაზრისით ყველაზე ძვირფასია ყურძნის მიკრობიოლოგიური გზით გადამუშავების პროდუქტები (ღვინის სპირტი, ნახშირორჟანგი), რომელთაც ახასიათებს სუსტი მაკონსერვებელი მოქმედება. ღვინის, ანუ ეთილის სპირტი გამომუშავდება შაქრის შემცველი სხვადასხვა ნედლეულის (ყურძენი, ჭარხალი, ხორბალი, კარტოფილი და სხვ.) სპირტული დუღილის შედეგად და იყენებენ ყურძნის ბადაგის დასაკონსერვებლად. 16%-მდე (მოცულობით) დასპირტულ წვენებს იყენებენ უალკოჰოლო სასმელების, სიროფებისა და წვენების წარმოებაში. განსაკუთრებით ფასობს ყურძნის არომატული ჯიშებისგან დამზადებული დასპირტული წვენები.
ამდენად, პროფესორის რეკომენდაციაა, მივირთვათ ახალი ხილი და ბოსტნეული და შევიძინოთ მხოლოდ ისეთი პროდუქტები, რომელთა ვარგისიანობის ვადა მცირეა.
,,უფრთხილდით მკვეთრად შეღებილ პროდუქტებს! ეცადეთ, დაიცვათ საკუთარი შვილები ცივილიზაციის მსგავსი "მიღწევებისგან"! - გვაფრთხილებს რამაზ გახოკიძე.
კვების სეგმენტში კონტროლის გაძლიერებაზე საუბრობს სურსათის სფეროს სპეციალისტი, ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლია კვარაცხელია. მისი ინფორმაციით, არის შემთხვევები, როდესაც ადგილობრივ ბაზარზე სხვა ქვეყნებში "დაწუნებული" პროდუქცია იყიდება, მათ შორის ბავშვთა საკვებიც, რაც მკაცრი კონტროლის პირობებში არ უნდა დაუშვან.
,,დიდ საშიშროებას წარმოადგენს სინთეზური კონსერვანტები, რომელთაც, ანტიბაქტერიული თვისებების გამო იყენებენ საკვების შენახვის ვადის გასაზრდელად. ისინი იწვევენ კიბოს, თირკმლების, ღვიძლის, გულსისხლძარღვთა და ნერვული სისტემების დაავადებებს.
ჩვენ იმიტომ გვაქვს შემდგარი სახელმწიფო, რომ ზუსტად ასეთი საფრთხისგან დაიცვას მოქალაქეები, რაშიც დიდია ჯანდაცვის სამინისტროს როლი.
ნებისმიერი დარღვევა, რომელიც კვების სფეროში დაფიქსირდება, დასჯადი უნდა გახდეს. ადამიანებს აზრადაც არ უნდა მოუვიდეთ, რომ ფინანსური კეთილდღეობის ხარჯზე მოქალაქეების, განსაკუთრებით, ბავშვების ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნან. ხშირად ხდება, როცა უცხოეთში აიკრძალება გარკვეული პროდუქტის გაყიდვა და ადგილობრივ ბაზარზე მაინც რჩება რეალიზაციაში. ხელახლა მოახდენენ დაწუნებული პროდუქტის ეტიკეტირებას და ყიდიან", - აცხადებს "ბიზნეს-რეზონანსთან" კვარაცხელია.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"