“ახლა ხელსაყრელი ვითარებაა მათთვის, ვისაც ცუდი წარსულის ტვირთი არ აწევს”

“არა მგონია “ოცნებამ” კიდევ ერთხელ დაარღვიოს შეთანხმება. ეს მისთვის მომაკვდინებელი იქნება. ვხედავთ, რომ დასავლელ პოლიტიკოსთა პოზიცია მათთვის არც ისე უმნიშვნელო ყოფილა... ეს შეთანხმება დამატებით ენერგიას შესძენს ოპოზიციას. ამასთან, ისიც საეჭვოა, რომ ოპოზიციის მთავარი სუბიექტების რეიტინგის მკვეთრი ზრდა იყოს. სამაგიეროდ, ხელსაყრელი ვითარებაა მათთვის, ვისაც ცუდი წარსულის ტვირთი არ აწევს... საწყენია, რომ ხელისუფლება დათმობაზე ადამ კინზინგერის მძიმე წერილის შემდეგ წავიდა, რომელშიც ის ამერიკის ადმინისტრაციის მოულოდნელ და მძიმე შესაძლო რეაქციაზე საუბრობდა. უნდა ვივარაუდოთ, რომ მათ ამგვარი განცხადების საფუძველი აქვთ და “ქართული ოცნებისა” და მისი ზოგი ლიდერის საერთაშორისო ავტორიტეტი საეჭვოა”, - აცხადებს ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ახლა ხელსაყრელი ვითარებაა მათთვის, ვისაც ცუდი წარსულის ტვირთი არ აწევს” / “მთავარი ბრძოლა, ალბათ, მაჟორიტარული ოლქების ფორმირების გამო წარიმართება. ამ საქმეში ხელისუფლებისგან იოლ დათმობას არ ველი, რადგან ეს მისთვის ბოლო იმედია“.

 

 

“დასავლელი პარტნიორების აქტიურობა ლოგიკურია, რადგან დემოკრატია, სხვა ღირებულებებთან ერთად, ნიშნავს ამა თუ პოლიტიკური ჯგუფის უნარს, ძალაუფლების შესანარჩუნებლად ნებისმიერი გზა არ გამოიყენოს. ამერიკას სურს ჩვენს რეგიონში ისეთი მოკავშირე ჰყავდეს, რომელიც მასთან როგორც პოლიტიკურად, ასევე ცივილიზაციის სხვა ნიშნებითაც იქნება ახლოს... სრულიად უადგილოდ მეჩვენება ხელისუფლების მომხრეთა ჩივილი იმაზე, რომ დასავლეთი ჩვენს შინაურ საქმეებში ერევა. თუ ჩარევა მისაღები იყო 2012 წელს, როდესაც დასავლეთი სააკაშვილს არჩევნების შედეგების აღიარებას მოუწოდებდა, კეთილინებონ და ვითარება ახლაც ადეკვატურად შეაფასონ. როდესაც “ოცნებას” მოუწოდებენ, უარი თქვას ავტორიტარულ ტენდენციებზე, ეს უნდა გაითვალისწინოს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებული მოვლენების შემდეგ დასავლეთში გაჩნდა არცთუ უსაფუძვლო ეჭვი, თუ რამდენად ერთგულობს ჩვენი ხელისუფლება დეკლარირებულ გეოპოლიტიკურ ორიენტაციას”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაზა ფირალიშვილი.

 

 

“ოცნება” სულ მალე იგრძნობს, თუ რა შეცდომა დაუშვა პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული სალტო-მორტალეების გამო და თუ მისი პოლიტიკური ტექნოლოგიების სიმწირეს გავიხსენებთ, ალბათ, მდგომარეობის გამოსწორებას ისევ ტლანქად შეეცდება. მმართველი პარტია ახლა იმ ფაზაშია, როდესაც ახალს ვეღარაფერს ისწავლის და ძველ შეცდომებს ჯიუტად იმეორებს. როგორც ჩანს, ჯერაც ვერ გაიაზრეს, რა მძიმე შეცდომა იყო ანაკლიის პროექტის ჩაგდება და კონსორციუმის ხელმძღვანელების სამართლებრივი დევნა. როცა შეცდომებზე ვლაპარაკობთ, უნდა გავიხსენოთ სასამართლო სისტემაში არსებული მწვავე პრობლემები, მაჟორიტარებისა და აშკარად პრორუსული პოლიტიკური ძალებისა და მოძრაობების მეშვეობით დემოკრატიული ფასადის შექმნის მცდელობა და ა.შ. ჩვენ რომ ევროატლანტიკური ოჯახის წევრობის სურვილი არ გვქონდეს, ყველაფერ ამას, ალბათ, ვერავინ შეამჩნევდა, მაგრამ თუკი გვსურს, მაშინ უნდა ვიცავდეთ ამ ოჯახში მიღებულ თამაშის წესებს და სამართალი მაშინ არ უნდა გვახსენდებოდეს, როცა ის პოლიტიკური მიზნებისთვის გვჭირდება”, - დაასკვნის რესპონდენტი.

 

 

“მთავარი ბრძოლა, ალბათ, მაჟორიტარული ოლქების ფორმირების გამო წარიმართება. ამ საქმეში ხელისუფლებისგან იოლ დათმობას არ ველი, რადგან ეს მისთვის ბოლო იმედია. ოპოზიციურ ძალებს თუ წარმატება სურთ, მისმა სუბიექტებმა უნდა განაგრძონ თემატური თანამშრომლობა. მმართველი პარტია ხომ ჯერ არ დამარცხებულა. წარმატებისთვის, სულ მცირე, “ოცნებას” უნდა წაართვან ისეთი ძლიერი ინსტრუმენტი, როგორიც მაჟორიტარები არიან”, - დასძენს ფირალიშვილი და შეკითხვაზე - “რამდენად სავარაუდოა, რომ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას საფრთხე შეექმნას?”, - პასუხობს:

 

 

“დიდ პოლიტიკურ რყევებს არ ველი, თუნდაც იმიტომ, რომ ასეთ დროს პასუხისმგებლობა ყოველთვის ხელისუფლებას ეკისრება და იმავდროულად, მისი ხისტი ქმედებებით იკვებებიან ოპოზიციის რადიკალური ძალები. ასე რომ “ოცნების” სიხისტეს შესაძლოა ის მოჰყვეს, რომ მთელი პოლიტიკური სპექტრი და მათი მხარდამჭერები გაერთიანდებიან და მოხდება ის, რაც 2003-ში ან 2012 წელს მოხდა”.

წაკითხვა 451 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 16 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.