"მთავრობა ყველანაირად ცდილობს ხელი შეუშალოს ვირუსის გავრცელებას, მაგრამ ის მაინც ძალიან სწრაფი ტემპით ვრცელდება"
საფრანგეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის შედეგად 418 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 024-ს შეადგენს. საფრანგეთი ჩინეთის, იტალიისა და ესპანეთის შემდეგ მეოთხე ქვეყანა გახდა, სადაც ვირუსს 3 000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.
რაც შეეხება ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულებს, მათი საერთო რაოდენობა საფრანგეთში 44 550-მდე გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ ბოლო ერთ დღეში ინფიცირებულების რაოდენობა 11 პროცენტით გაიზარდა.
საფრანგეთში არსებული ვითარების შესახებ FirstNews.ge ქვეყანაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს ესაუბრა:
ნათია წიფურია ქუთისიდანაა და ამჟამად საფრანგეთში, ქალაქ ბრივში ცხოვრობს.
მისი თქმით, მთავრობა ყველანაირად ცდილობს ხელი შეუშალოს ვირუსის გავრცელებას, მაგრამ ის მაინც ძალიან სწრაფი ტემპით ვრცელდება.
"10 წელია საფრანგეთში ვცხოვრობ, მზარეული ვარ და რესტორანში ვმუშაობ.ჩემს ქალაქში ინფიცირებული ბევრი არ არის. სულ 19 შემთხვევა დაფიქსირდა და 1 გარდაცვალება, შედარებით სიმშვიდეა. ვრჩებით სახლში, გარეთ მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში გავდივართ.
მთავრობა ყველანაირად ცდილობს ხელი შეუშალოს ვირუსის გავრცელებას, მაგრამ ის მაინც ძალიან სწრაფი ტემპით ვრცელდება, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა კი არის - დარჩით სახლში!
ქვეყნაში თავიდანვე არ იყო მიღებული საჭირო უსაფრთხოების ზომები. ალბათ არ ჩათვალეს ეს ვირუსი საშიშად, რაშიც ძალიან შეცდნენ.
ჩვენს ქალაქში შედარებით სიმშვიდეა და დაცულადაც ვგრძნობთ თავს, ვასრულებთ ყველა მითითებებს. იმედია მალე გაივლის ეს კრიზისული პერიოდი და ცხოვრება დაუბრუნდება ჩვეულ რიტმს."
საფრანგეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე (რესპონდენტის თხოვნით სახელსა და გვარს არ ვასახელებთ):
"საფრანგეთში, ქალაქ სენტეტიენში ოჯახთან ერთად უკვე 5 წელია ვცხოვრობ და ვსწავლობ. ჩვენს რეგიონში 1437 ინფიცირებულია და 163 - გარდაცვლილი.
მაქსიმალური ზომებია მიღებული, დახურულია ყველა ის ადგილი სადაც 10 ადამიანზე მეტი იკრიბებოდა. სახლიდან გასვლა მხოლოდ 1 ადამიანს შეუძლია, სახელწიფო ნებართვის ფურცლით, სადაც უნდა იყოს მითითებული სად და რამდენი ხნით მიდიხარ. მაღაზიებში, აფთიაქებსა და ბანკში დისტანციური მომსახურებაა. მაქსიმალურად ვიცავთ წესებს, სახლში ვართ, (მეუღლე ყოველ დღე გვართობს სიმღერებით მთელ ოჯახსა და ალბათ მეზობლებსაც სიამოვნებთ). მხოლოდ საკვებ პროდუქტზე, ბანკსა და აფთიაქში გავდივართ. საკმარისი რესურსი გვაქვს იმისათვის, რომ სახლში მშვიდად ვიყოთ, ამაში კი სახელმწიფო გვეხმარება.
ჩემი აზრით, ალბათ დაგვიანდა ყველა საჭირო ზომების დროულად მიღება, რის გამოც უკონტროლო გახდა მდგომარეობა."
FirstNews.ge მოგიწოდებთ #დარჩისახლში
გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"